Go Back Go Back
Go Back Go Back

შშმ პირების ხმების კვალდაკვალ, ყველას სასარგებლოდ

შშმ პირების ხმების კვალდაკვალ, ყველას სასარგებლოდ

Statement

შშმ პირების ხმების კვალდაკვალ, ყველას სასარგებლოდ

calendar_today 03 December 2024

An illustrated card with persons with disabilities and a text dedicated to December 3
ილუსტრაცია: ეკა ტაბლიაშვილი/UNFPA

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის განცხადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, 3 დეკემბერს:

მსოფლიოში ყოველი მეხუთე ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მატარებელია. მათი მოთხოვნა? არაფერი ჩვენ შესახებ - ჩვენ გარეშე. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კვლავ უმნიშვნელო რაოდენობით არიან წარმოდგენილი მსოფლიო მასშტაბით ქვეყნების პარლამენტებსა და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში, შესაბამისად, ისინი ვერ მონაწილეობენ იმ პოლიტიკისა და საკითხების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე.

ამგვარად, ყურადღების მიღმა რჩება მათი გამოცდილება, ხოლო მათი უფლებები და არჩევანი ძალიან ხშირად უგულებელყოფილია.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ არსებულ დისკრიმინაციასა და სოციალურ სტიგმას კიდევ უფრო ამწვავებს უთანასწორობა, რომელიც უკავშირდება სქესსა თუ სხვა ნიშანს, როგორიცაა ასაკი და ეთნიკური კუთვნილება. ისინი კიდევ უფრო მეტად დაუცველი არიან ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში, რადგან კარგავენ წვდომას მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებაზე და უჭირთ საფრთხისგან თავის დაღწევა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგოები უფრო ხშირად ხდებიან გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლნი და მათ ნაკლებად აქვთ წვდომა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციაზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ნახევარზე მეტს ურჩევენ, შვილი არ იყოლიონ. ეს, ერთი მხრივ, არღვევს მათ უფლებას სხეულის ავტონომიაზე და, მეორე მხრივ, ზღუდავს ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლებას.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), მის მიერ განხორციელებული პროგრამის „We Decide“ ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებსა და ახალგაზრდებს უზრუნველყოფს  სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებებითა და ინფორმაციით. გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) თანამშრომლობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებთან და ახალგაზრდებთან, რათა მიაწოდოს მათ ინკლუზიური სერვისები, რომლებიც ითვალისწინებს მათი ღირსებისა და უფლებების დაცვას და ხელს უწყობს იმ ცრუ წარმოდგენებისა და სტერეოტიპების გაქარწყლებას, რომლებიც შეზღუდულ შესაძლებლობებს უკავშირდება და რომლებიც ესოდენ მყარად არის გამჯდარი საზოგადოების ცნობიერებაში. აღნიშნული მოიცავს იმ ცრუწარმოდგენის გაქარწყლებას, რომლის თანახმადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, სხვა ადამიანებისგან განსხვავებით, არ შეუძლიათ პირადი ურთიერთობები ჰქონდეთ. 

ეს ძალისხმევა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) უფრო ფართო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინკლუზიის უზრუნველყოფის სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვა, მათი ცხოვრების ყველა სფეროში, და იმ სისტემური ბარიერების მოხსნა, რომლის გადალახვაც უწევთ მათ. აღნიშნული გულისხმობს მონაცემების შეგროვებას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ხმით სარგებლობის უფლებით აღჭურვასა და გადაწყვეტილებების მიმღებისას მათი ხმებისა და საჭიროებების გათვალისწინებას ემსახურება.

გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) ახლახანს ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც შეგროვდა დემოგრაფიული და ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები ექვს ქვეყანაში, რამაც საშუალება მისცა სპეციალისტებს უფრო ეფექტურად შეესწავლათ კომპლექსური კავშირი შეზღუდულ შესაძლებლობასა და პარტნიორის მხრიდან ძალადობას შორის. ამ მონაცემთა ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია არსებული კანონებისა და პოლიტიკის დახვეწა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უკეთ დაცვის უზრუნველსაყოფად.

ეს მხოლოდ ერთია იმ მრავალ გზათაგან, რომლებიც პროგრესისკენ მიგვიძღვის. მსოფლიო მასშტაბით, სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გვიკვალავენ გზას ინოვაციათა დანერგვისკენ, რომლებიც დაბრკოლებათა გადალახვასა და ადამიანების საჭიროებებზე მეტად მორგებული სამყაროს შექმნას ემსახურება. ეს ნიშნავს თანასწორობის ხელშეწყობას ყველა ჩვენთაგანისთვის.

დღეს, აღვნიშნავთ რა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, მოდით, ერთიანი ძალებით ვიზრუნოთ იმაზე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაუმარტივდეთ მათი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, რათა მათ მიიღონ მონაწილეობა იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც ზეგავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე.

მოდით ვითანამშრომლოთ, რათა შევქმნათ უფრო ინკლუზიური საზოგადოებები - როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ასევე ყველა ჩვენთაგანისთვის.