გაერთიანებული ერების ორგანიზაცია – მაშინ, როცა COVID-19-ის პანდემია მთელს მსოფლიოს მოედო, მთავრობები ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად უპრეცედენტო ზომებს იღებენ. ამ მიზნით, უფრო დაჩქარებული ხდება ჯანდაცვის სისტემის რეაგირება და ასევე ცხადდება შეზღუდვები გადაადგილებაზე, რაც მილიონობით ადამიანზე ახდენს ზეგავლენას. თუმცა, აღნიშნული ძალისხმევების ფონზე, პოლიტიკის შემმუშავებელ პირებს მხედველობიდან არ უნდა გამორჩეთ ქალების და გოგონების მოწყვლადობა, რაც კრიზისის პირობებში კიდევ უფრო გამწვავებულია - ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ დღეს გაცემულ სახელმძღვანელო მითითებაში.
კორონავირუსული დაავადება COVID-19, რომელიც გასული წლის ბოლოს გამოვლინდა და მალევე სწრაფად გავრცელდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე მომაკვდინებელი აღმოჩდა ხანდაზმული მოსახლეობისა და იმ ადამიანებისთვის, ვისაც მანამდე ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აღენიშნებოდა. ჯერ კიდევ საჭიროა სქესის მიხედვით ჩაშლილი ზუსტი და სრული მონაცემების მიღება იმის დასადგენად, თუ რამდენად განსხვავებულად მოქმედებს ინფექცია ქალებსა და მამაკაცებზე, როგორია გართულებები და სიკვდილის რისკები, ან რაში მდგომარეობს ამგვარი განსხვავება.
თუმცა, ამ ეტაპზეც კი ცხადია, რომ ქალები და გოგონები სხვადასხვა სახის რისკფაქტორებს აწყდებიან, რომლებიც დაუყოვნებლივ საჭიროებს რეაგირებას.
„დაავადების აფეთქებები ქალებსა და მამაკაცებზე განსხვავებულ ზემოქმედებას ახდენს,“ აღნიშნულია გაეროს მოსახლეობის ფონდის ახალ სახელმძღვანელო დოკუმენტში, სადაც განხილულია, თუ რა როლს თამაშობს გენდერი პანდემიის გავრცელებაში. „პანდემია არსებულ გენდერულ უთანასწორობებს კიდევ უფრო აუარესებს ქალებისა და გოგონებისთვის და ზეგავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ იღებენ ისინი მკურნალობის და ზრუნვის მომსახურებებს.“
ქალები ინფექციის წინა ხაზზე
ქალები COVID-19-ით ინფიცირების უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან, რამდენადაც მათი რაოდენობა ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების თანამშრომლებს შორის არაპროპორციულად დიდია. მთელს მსოფლიოში, ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის მუშაკების დაახლოებით 70%-ს ქალები შეადგენენ. ბევრი მათგანი არის ბებიაქალი, მედდა, ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუშაკი, რაც იმას განაპირობებს, რომ ნებისმიერი დაავადების აფეთქებისას ისინი წინა ხაზზე იწყებენ მუშაობას, თავიანთი მოვალეობებიდან გამომდინარე.
ქალებისა და გოგონების მიმართ არსებული რისკებიც ასევე იზრდება იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სისტემები სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანდაცვიდან რესურსებს ეპიდემიაზე რეაგირებისთვის გადაამისამართებს, ასევე, თუ მიწოდების ჯაჭვები წყვეტას დაიწყებს პანდემიის წნეხის ქვეშ.
სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების და საშუალებების მიმართ ყურადღება ხშირად ქვეითდება ხოლმე კრიზისის პერიოდში, თუმცა, ქალებს უწყვეტად სჭირდებათ ოჯახის დაგეგმვა, მენსტრუალური ჯანმრთელობისთვის საჭირო ნივთები და დედათა ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ბევრ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა უკვე გახდა იძულებული, რომ პერსონალი და რესურსები კრიტიკული მნიშვნელობის სამზრუნველო სერვისებზე გადაემისამართებინათ სხვა სახის სამზრუნველო მომსახურებიდან.
ეს პერიოდი განსაკუთრებით შემაშფოთებელია ორსული ქალებისთვის, ვისაც რუტინული ჯანდაცვის სერვისები სჭირდება. აუცილებელია ინფექციის კონტროლის ზომების მიღება ქალების დასაცავად ანტენატალურ, ნეონატალურ და დედათა ჯანმრთელობის განყოფილებაში, - აღნიშნულია სახელმძღვანელო მითითებაში.
ასევე საჭიროა, რომ ორსულ ქალებს სარწმუნო ინფორმაციასა და ხარისხიან ზრუნვაზე მიუწვდებოდეთ ხელი.
„დღეისათვის ჯერ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ორსული ქალები COVID-19-ის გამო მწვავე დაავადების უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან, ან განსხვავებული სიმპტომები აღმოაჩნდებათ,“ აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დოქტორმა ნატალია კანემმა. „მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ორსულ ქალს, ვისაც COVID-19-ის საეჭვო, სავარაუდო ან დადასტურებული ინფექცია აქვს, კვლავ მიუწვდებოდეს ხელი ყველანაირი სახის ხარისხიან ჯანდაცვაზე. რესპირატორული დაავადებების მქონე ორსული ქალების მკურნალობა უპირველეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, რადგანაც ისინი არასახარბიელო შედეგების უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან.“
ძალადობის რისკი, უარყოფითი ზეგავლენა საარსებო საშუალებებზე
პანდემიამ ასევე გაზარდა ის საფრთხეები, რომლებიც ინფექციის რისკის ფარგლებს სცდება. წინა დაავადებების აფეთქების შედეგად წარმოშობილი მტკიცებულება აჩვენებს, რომ ქალები და გოგონები განსაკუთრებით უფრო მოწყვლადები ხდებიან.
2015-2016 წლებში, ზიკას აფეთქების დროს, ჯანდაცვის სფეროში ქალები სერიოზულ ბარიერებს აწყდებოდნენ, რადგანაც მათ საკუთარ სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ავტონომია არ ჰქონდათ, ნაკლებად მიუწვდებოდათ ხელი ჯანდაცვის სერვისებზე და არასაკმარისი ფინანსური რესურსები გააჩნდათ. დასავლეთ აფრიკაში 2014-2016 წლებში, ებოლას აფეთქების დროს, ქალების ინფიცირების ალბათობა უფრო დიდი იყო, რადგანაც სამზრუნველო და ჯანდაცვის მუშაკების ფუნქციებს ძირითადად ისინი ასრულებდნენ.
დღეისათვის, კორონავირუსის პანდემია შეიძლება უარყოფითად აისახოს ქალთა საარსებო საშუალებებზე, რადგანაც სკოლების დახურვის შედეგად სახლის პირობებში ზრუნვის ტვირთი იზრდება, რაც, როგორც წესი, ქალებს ეკისრებათ ხოლმე. მგზავრობასთან დაკავშირებული შეზღუდვები კი მომსახურების იმ დარგებსა და არაფორმალურ სამუშაოზე ახდენს ზეგავლენას, სადაც უმეტესად ქალი მუშაკები დომინირებენ.
ეპიდემიების და თანმხლები სტრესების გამო ასევე შესაძლებელია ოჯახში ძალადობის, ამასთანავე, გენდერული ნიშნით ძალადობის სხვა ფორმების რისკის გაზრდაც. მაგალითად, ებოლას აფეთქების ეკონომიკურმა ეფექტებმა ქალების და ბავშვების მიმართ სექსუალური ექსპლუატაციის გამწვავებული რისკი მოიტანა შედეგად. დღესდღეობით, მაშინ, როცა ოჯახებში დაძაბულობა იზრდება, ფინანსური გაურკვევლობა მატულობს და სხვა წნეხებიც ზემოქმედებაც სახეზეა, ქალები და გოგონები გაცილებით უფრო მოწყვლადები ხდებიან.
გაეროს მოსახლეობის ფონდი პოლიტიკის შემმუშავებელ პირებს მოუწოდებს, რომ პანდემიის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს ქალთა პერსპექტივები გაითვალისწინონ. ჯანდაცვის სისტემებსაც ასევე შეახსენებენ, რომ მზად იყვნენ არსებითი მნიშვნელობის მხარდაჭერის აღმოსაჩენად იმ პირებისთვის, ვინც გენდერული ძალადობა გადაიტანეს.
„ყველასთვის, ვისაც ძალადობა გამოუცდია, ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაცვა და სამედიცინო სერვისები საზოგადოებრივი კარანტინის პირობებშიც კი,“ აღნიშნა აიმე სანტოსმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის ექსპერტმა გენდერის საკითხებში ფილიპინებიის ოფისიდან, სადაც ორგანიზაცია მთავრობის ჯანდაცვის სერვისებთან თანამშრომლობს პანდემიაზე რეაგირების მიზნით.
ერთად მუშაობა
ყველა ეს მოწყვლადი მხარე ჰუმანიტარული გარემოებების დადგომისას კიდევ უფრო მწვავდება. „გაეროს მოსახლეობის ფონდმა დაადგინა, რომ დაახლოებით 48 მილიონი ქალი და გოგონა, მათ შორის, 4 მილიონი ორსული, ჰუმანიტარულ დახმარებას და დაცვას საჭიროებს 2020 წელს; COVID-19-ის აფეთქების შედეგად წარმოშობილი საფრთხეები გაიზრდება,“ აღნიშნულია დოკუმენტში. აქვე კეთდება მოწოდება, რომ ჰუმანიტარულ სამოქმედო გეგმებში პანდემიაზე რეაგირების საჭიროებაც იქნას გათვალისწინებული.
გენდერზე ორიენტირებული რეაგირების ადვოკატირების გარდა, გაეროს მოსახლეობის ფონდი მატერიალურ დახმარებას უწევს დაზარალებულ ჯანდაცვის სისტემებს.
ჩინეთში, გაეროს მოსახლეობის ფონდმა მოწყვლად მოსახლეობას სანიტარული ხელსახოცები და ზრდასრულებისთვის განკუთვნილი საფენები დაურიგა, მათ შორის რისკის წინაშე მყოფ ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე, ჯანდაცვის მუშაკები პირადი დამცავი აღჭურვილობით მოამარაგა. ირანში, გაეროს მოსახლეობის ფონდმა სხვადასხვა მასალები, მათ შორის, ნიღბები, სადეზინფექციო საშუალებები და ხელთათმანები შეიძინა 400-ზე მეტი ცენტრისთვის, სადაც ხანდაზმული ადამიანები არიან განთავსებულნი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩათვლით.
ფილიპინებში, გაეროს მოსახლეობის ფონდმა წინა ხაზზე მომუშავე ჯანდაცვის მუშაკებს ახლახან მიაწოდა პირადი დამცავი საშუალებები - მათ შორის, კომბინეზონები, გრძელმკლავიანი ხალათები, სახის დამცავი ფარები, სათვალეები, წინსაფრები, თავსაბურავები და ბახილები. აღნიშნული მასალები დამატებით იქნა გაცემული მას შემდეგ, რაც მათ ხელის თერმომეტრები და ქირურგიული ნიღბები დაურიგდათ ცოტა ხნის წინ.
„გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ ჩვენ დღეს მხარი დავუჭიროთ [ჯანმრთელობის დეპარტამენტს] და ყველა გმირს ამ ქვეყანაში - ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჯანდაცვის სექტორში, განსაკუთრებით კი წინა ხაზზე მუშაობს, ვინც საკუთარი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების რისკის ფასად რეაგირებას ახდენს ამ საგანგებო მდგომარეობაზე. აუცილებელია მათი დაცვა ინფექციისგან,“ განაცხადა დოქტორმა ჯოზეფ მაიკლ სინგჰმა, რომელიც ფილიპინებში გაეროს მოსახლეობის ფონდის ჯანდაცვის ექსპერტია.