“ძალიან მაგარი იქნებოდა, მეტი დრო რომ გვქონდეს ერთად გასატარებლად. ერთად მეტ დროს რომ ვატარებდეთ, როგორც ახლა ვართ, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი”, - ამბობს 38 წლის დავით ნამგალაძე, 10 წლის ნიკოლოზის და 6 წლის თაიას მამა.
დავითმა შვილებთან ერთად თბილისის წიგნის ბაზრობაზე გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ მამებისა და შვილებისთვის მომზადებულ აქტივობებში მიიღო მონაწილეობა და ნიკოლოზთან ერთად ითამაშა შემეცნებითი თამაში “ჩემხელა რომ იყავი”.
“ძალიან მომეწონა თამაში იმიტომ, რომ ისეთი რაღაცები გავიხსენე, რაც ნიკუშასთვის ახალი იყო”, - ამბობს დავითი. ნიკუშაც ეთანხმება და ფიქრობს, რომ ძალიან ბედნიერი იქნებოდა, მამასთან დროის ასე საინტერესოდ გატარების მეტი შესაძლებლობა რომ ჰქონდეს.
უახლესი კვლევის, “კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში” მიხედვით, ბავშვზე ზრუნვა საქართველოში არსებითად ქალის, კერძოდ, დედის, მოვალეობად მიიჩნევა და კაცებს, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აკისრიათ.
გაეროს მოსახლეობის ფონდის ერთ-ერთი მიზანია, წაახალისოს მამები, თანაბრად ჩაერთონ თავიანთი შვილების აღზრდის პროცესში და მათთან ერთად გაიარონ ის თავგადასავლები, რაც ამ განსაკუთრებულ მოგზაურობაში ერთად შეუძლიათ გამოსცადონ. სწორედ ამ მიზნით, წიგნის ბაზრობაზე, UNFPA-ის საქართველოს ოფისმა, ძველ და ახალ მეგობრებთან ერთად, ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით, მამებისა და შვილებისთვის, განსაკუთრებულ პროგრამას უმასპინძლა.
“მამა რომ გავხდი, მაშინ მივხვდი, რომ დედის მიმართ მიჯაჭვულობა, თანდაყოლილი აქვს ბავშვს, რაც ბუნებრივია, მაგრამ მამას აუცილებლად სჭირდება ურთიერთობა იმისთვის, რომ ისეთივე მნიშვნელოვანი იყოს ბავშვისთვის, როგორიც დედაა. მამის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანის მიმართ სიყვარული, ასე ინსტინქტის დონეზე თანდაყოლილი არ არის”, - ამბობს მსახიობი და თამაშის “ჩემხელა რომ იყავი” წამყვანი გიორგი ბახუტაშვილი.
გიორგის თქმით, გასაგებია, რომ სხვადასხვა გამოწვევებით დატვირთულ ყოველდღიურობაში შესაძლოა მამებმა მთელი დღე ბავშვს ვერ დაუთმონ, მაგრამ მნიშვნელოვანია, ის დრო, რასაც ერთად ატარებენ, სრულად მათზე იყვნენ კონცენტრირებულნი.
“შვილის გაჩენის დღიდან ყველაფერში ჩართული მამა ვარ. შვილის ყოლას რომ გადაწყვეტ, ამ პასუხისმგებლობასაც იღებ, რომ დიდი შრომაა მშობლობა. ჩვენს მშობლებს სხვა გამოწვევები ჰქონდათ - იმდენად მძაფრად ედგათ გადარჩენის საკითხი, მენტალურ-ფსიქოლოგიური საკითხები უკანა პლანზე იყო, მთავარია, საკვები და გათბობის საშუალებები ჰქონოდათ შვილებისთვის, ეგ იყო მაშინ პრიორიტეტი. ახლა ასე თუ ისე გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი შვილების მენტალურ ჯანმრთელობასა და განვითარებასაც დავუთმოთ დრო, რაც ორივე მშობლის თანაბარი ჩართულობით იწყება. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”, - ამბობს გიორგი ბახუტაშვილი.
კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში ოჯახების უმრავლესობაში სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება და ბავშვის მოვლა, ძირითადად, ქალების საქმეა. მაგრამ არიან მშობლებიც, ვინც შვილების აღზრდაზე პასუხისმგებლობას თანაბრად ინაწილებენ. მათ შორის არიან გიორგი მახარაძე და მარიამ ნადირაძე.
გიორგი და მარიამი შვილთან ერთად, წიგნის ბაზრობაზე UNFPA-ის ხალხმრავალ სივრცეში, პატარა მკითხველებს საკუთარი ხელით სანიშნეების შექმნასა და სამახსოვრო ჩარჩოების მოხატვაში დაეხმარნენ.
“კარგია, რომ ამ აქტივობებში ყველა მშობელი ჩართულია თავის შვილთან თამაშსა და ურთიერთობაში, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ასაკი დიდხანს არ გრძელდება, როცა ბავშვისთვის მთავარი ხარ და ყველაზე მეტად მშობელთან ერთად უნდა ყოფნა. იმიტომ რომ ეგ ასაკი რომ გადის, მშობელი იწევს გვერდზე და მგონია, რომ [ბავშვობა] ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი და პერიოდია მშობლისთვისაც და შვილისთვისაც და მაქსიმალურად ახლო ურთიერთობაში უნდა გაატარონ”, - ამბობს გიორგი, რომელსაც უკვირს, როგორ შეიძლება მშობლებს გადანაწილებული არ ჰქონდეთ შვილებზე ზრუნვის ვალდებულება.
“მშობელი არის დედაც და მამაც და არ მგონია, რომ მამა უნდა იყოს პასიური, ნებისმიერი მიზეზის მიუხედავად, თუნდაც სამსახურის გამო”, - ამბობს ის.
მასწავლებელმა და “მამების სკოლის” ფასილიტატორმა გიორგი ლიპარიშვილმა ფესტივალის სტუმრებს “მამობანა” ათამაშა. მისი დაკვირვებით, თამაშით ბევრი ისეთი მამა გაიცნო, ვინც იცის, რა უყვარს მის შვილებს. თუმცა იყო შემთხვევებიც, როცა მამები დედებთან ამოწმებდნენ თავიანთი შვილების საყვარელი წიგნის ან საჭმლის შესახებ ინფორმაციას.
“მამები რომ მეტად იყვნენ ჩართულები შვილების ცხოვრებაში, ბევრი რამეა ამისთვის აუცილებელი - პირველ რიგში, ამას სჭირდება მუშაობა, რომ მამას გამოუთავისუფლდეს დრო და მამები ხშირად გამოჩნდნენ შვილებთან ერთად. ბევრი მაგალითია საჭირო და აღიარება, რომ შეიძლება რაღაც კარგად არ გამოსდის თავიდან, მაგრამ ის ამას შეძლებს”, - ამბობს გიორგი.
გიორგი ლიპარიშვილს სჯერა, რომ ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის, ორივე მშობლის ჩართულობაა საჭირო:
“მახსოვს, ერთხელ ჩემმა მოსწავლემ მითხრა, დღეს მამამ ჩამაცვაო და იყო უბედნიერესი. ყველაფერში უნდა დავეხმაროთ შვილებს, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს და საჭირო დროს, როცა ყველაზე მეტად დავჭირდებით შვილებს, მაშინ ჩვენთან მოსასვლელი გზა ჰქონდეთ ძალიან მოკლე და მარტივი”.
გიორგი ლიპარიშვილთან ერთად “მამობანა” ითამაშა და 10-დან 9 ქულა აიღო UNFPA-ის მეგობარმა, მწერალმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ, რომელმაც გამომცემლობა პალიტრა L-ის სივრცეში ახალგაზრდებთან თანასწორობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და “წიგნების თაროს” საჯარო თამაშიც გამართა.
მწერალმა ალექს ჩიღვინაძემ და ილუსტრატორმა ანა ჯანელიძემ კი საბავშვო წიგნების შექმნის პროცესში სტერეოტიპების დამსხვრებისა და თანასწორობის იდეის მნიშვნელობაზე ფესტივალის მთავარ სცენაზე ისაუბრეს.
თბილისის წიგნის ბაზრობაში UNFPA-ის მონაწილეობა შესაძლებელი გახდა ევროკავშირის მხარდაჭერით პროგრამების „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” (II ფაზა) და “გენდერული თანასწორობა საქართველოსთვის” ფარგლებში, და გაეროს ერთობლივი პროგრამა “გენდერული თანასწორობისათვის” ფარგლებში, შვედეთის მხარდაჭერით.