Go Back Go Back
Go Back Go Back

გენდერული თანასწორობა საქართველოში: რას ფიქრობენ ქალები და კაცები?

გენდერული თანასწორობა საქართველოში: რას ფიქრობენ ქალები და კაცები?

Press Release

გენდერული თანასწორობა საქართველოში: რას ფიქრობენ ქალები და კაცები?

calendar_today 18 March 2025

A poster of IMAGES publication about gender equality perceptions in Georgia
ილუსტრაცია: ფორსეტი

ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობაში იზრდება აზრთა მრავალფეროვნება გენდერული როლების შესახებ ოჯახსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

თბილისი. 18 მარტი 2025 – გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA), შვედეთის ხელშეწყობით, გამოაქვეყნეს ახალი კვლევა IMAGES 2024: კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში - საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება.

კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ 2013 და 2019 წლებთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობის აღქმები და დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობის მიმართ უფრო კომპლექსური და ამბივალენტურია. ზოგადი ცნობიერება გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ მცირდება, ხოლო თაობებს შორის სხვაობა იზრდება.

მოსახლეობის 57.5% მიიჩნევს, რომ ქალის ძირითადი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა, თუმცა კიდევ უფრო მეტი ადამიანი, 62%, თვლის, რომ ქალთა აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში ქვეყნისთვის სასიკეთო იქნებოდა. ამავდროულად, ახალგაზრდა თაობა უფრო მეტად უჭერს მხარს ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობას როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

„2013 წლიდან, ჩვენი კვლევა უკვე მესამედ ტარდება, რაც შესაძლებლობას გვაძლევს თორმეტწლიანი პერსპექტივით შევაფასოთ საქართველოს მოსახლეობის განწყობები გენდერული თანასწორობის საკვანძო საკითხების მიმართ. იმის მიუხედავად, რომ გენდერულ როლებზე მსჯელობა კვლავ გრძელდება, ერთი რამ სამივე კვლევის შედეგებით იკვეთება: გამოკითხულთა თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობა საქართველოში ჯერაც არაა მიღწეული, ხოლო 60%-ზე მეტი თვლის, რომ ქალთა მეტი პოლიტიკური მონაწილეობა ქვეყნისთვის სასიკეთო იქნებოდა. ასეთი დამოკიდებულება ცხადყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეები თავისი ქვეყნის მომავალს თანასწორობის, ჩართულობისა და სოციალური ინკლუზიურობის განმტკიცებას უკავშირებენ“, - განაცხადა დაგლას უებმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

მარიკა ბანძელაძემ, UNFPA-ის ხელმძღვანელმა საქართველოში, კვლევის ძირითად მიგნებებს გაუსვა ხაზი:  

„კვლევაში გაანალიზებულია გენდერული თანასწორობის მიმართ არსებული დამოკიდებულებები საზოგადოებრივ, სათემო და ინდივიდუალურ დონეზე. კვლევის სამი რაუნდი გვაძლევს საყურადღებო ტენდენციების დანახვის შესაძლებლობას, მათ შორის, ოჯახში ქალის როლის აღქმასთან დაკავშირებით. 2024 წლის მონაცემებით, გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილი (57.5%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ  ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა. 2019 წელს, ეს მაჩვენებელი 48%-ს შეადგენდა. ასევე გაზრდილია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ ოჯახში საბოლოო სიტყვა კაცს ეკუთვნის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა თაობა ქალთა როლს სხვაგვარად უყურებს და მეტად უჭერს მხარს გენდერულ თანასწორობას როგორც ოჯახურ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.“

ელიზაბეთ ბრანდბერგმა, საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა და ელჩის მოადგილემ, აღნიშნა, რომ ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობა წარმატებული საზოგადოების საფუძველია.

„ჩვენი წლევანდელი კვლევა მნიშვნელოვან დროს გამოქვეყნდა, როდესაც გენდერული თანასწორობის გზაზე მიღწეული პროგრესი და გამოწვევები განსაკუთრებული მსჯელობის საგანია. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სათანადოდ გავაცნობიეროთ და შევაფასოთ ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობის მხრივ არსებული ბარიერები, რათა ქალებმა შეძლონ აქტიური როლი შეასრულონ მათი ქვეყნის მომავლის შექმნაში“, - განაცხადა ელიზაბეთ ბრანდბერგმა.

კვლევის მიგნებები რამდენიმე საკვანძო სფეროს მოიცავს:

ზრუნვისა და საოჯახო შრომა

კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ზრუნვისა და საოჯახო შრომა კვლავ გენდერული ნიშნით ნაწილდება, ხოლო ბავშვების მოვლა, საჭმლის კეთება და სახლის დალაგება უმეტესწილად ქალის მოვალეობად მიიჩნევა. 10-დან 6 ქალი ამბობს, რომ ბავშვის მოვლა ძირითადად მათი მოვალეობაა, რასაც კაცების ნახევარი ადასტურებს. მეორე მხრივ, ქალებისა და კაცების დაახლოებით 40% ამბობს, რომ  ბავშვზე ზრუნვის საკითხები პარტნიორებს შორის განაწილებულია.

გამოკითხულთა უმრავლესობა - ქალების 77% და კაცების 85% - ამბობს, რომ კმაყოფილია პარტნიორებს შორის მოვალეობების არსებული განაწილებით. ეს მონაცემი ოდნავ გაზრდილია 2019 წლის შემდეგ, როდესაც აღნიშნულ მოსაზრებას ქალების 73% და კაცების 78% იზიარებდა.

კაცების უმრავლესობა (69%) და ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი (47%) მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ბოლო სიტყვა კაცს უნდა ეკუთვნოდეს, ხოლო ქალი ამ გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს. 2019 წელს, ამ მოსაზრებას ნაკლებად ეთანხმებოდნენ როგორც კაცები (68%), ისე ქალები (34%).

მემკვიდრეობის განაწილება

2019 წელთან შედარებით, მეტი ქალი და ნაკლები კაცი მიიჩნევს, რომ ოჯახური მემკვიდრეობა ქალებსა და კაცებს შორის თანაბრად უნდა განაწილდეს. 2019 წელს, მშობლების სახლის თანაბრად განაწილებას კაცების 60.6% უჭერდა მხარს, ხოლო 2024 წელს, ეს მონაცემი 51.5%-მდე შემცირდა.

ბიზნესი და ლიდერობა

საქართველოს მოსახლეობის ნახევარს მიაჩნია, რომ ქალს და კაცს თანაბარი წარმატებით შეუძლიათ მართონ ბიზნესი. გენდერული სხვაობა ამ საკითხშიც შეიმჩნევა, რადგან აღნიშნულ მოსაზრებას 20%-ით მეტი ქალი ემხრობა.

2019 წელთან შედარებით, ქალები ბიზნესში ლიდერობას მეტი თავდაჯერებულობით უყურებენ. 2019 წელს, ქალების 56% თვლიდა, რომ კაცების მსგავსად, შეუძლია წარმატებას მიაღწიოს ბიზნესში, ხოლო 2024 წელს, ეს მონაცემი 62%-მდე გაიზარდა. კაცების შემთხვევაში პირიქით, ამ დებულების მხარდაჭერა 54%-იდან 44%-მდე შემცირდა. ასევე გაიზარდა იმ კაცების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ ბიზნესში კაცი უკეთესი ლიდერია.

განსხვავებების მიუხედავად, გამოკითხულთა უმეტესობა - ქალების 60% და კაცების 50% - მიიჩნევს, რომ ქალები და კაცები თანაბარ სირთულეებს აწყდებიან კარიერული ზრდის მხრივ. უმეტესობა ასევე ფიქრობს, რომ სამსახურთან ერთად, ქალის პრიორიტეტები ტრადიციულ საოჯახო საქმიანობასაც უნდა მოიცავდეს.

პოლიტიკური მონაწილეობა

2024 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობაში იცვლება პოლიტიკოს ქალთა მიმართ დამოკიდებულება და ამავდროულად, იზრდება გენდერული საარჩევნო კვოტირების მხარდაჭერა. კაცების შემთხვევაში ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა. 2019 წელს, გენდერულ საარჩევნო კვოტირებას კაცების 44.4% უჭერდა მხარს, ხოლო 2024 წელს, ეს მონაცემი თითქმის 10 პუნქტით გაიზარდა და 54.1% შეადგინა.

გამოკითხულთა 62% - ქალების 71.6% და კაცების 51.8% - მხარს უჭერს ქალთა უფრო აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკაში, რადგან ეს ქვეყნისთვის სასიკეთოა. ქალთა შეხედულებები ამ მხრივ არ შეცვლილა 2019 და 2024 წლებს შორის, ხოლო კაცების მხარდაჭერა თითქმის 7 პუნქტით გაიზარდა. 2013 წლის მონაცემებთან შედარებით, ეს ტენდენცია კიდევ უფრო თვალსაჩინოა. თორმეტი წლის წინ, ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას გამოკითხულთა 50% უჭერდა მხარს - ქალების 56% და კაცების 43%.

თაობებს შორის განსხვავება

ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები მეტად უჭერენ მხარს გენდერულ თანასწორობას, როგორც ოჯახურ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

18-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში, ქალების მხოლოდ 28.6% და კაცების 49% ეთანხმება დებულებას, რომ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა და არა პროფესიული განვითარება. 30-54 წლის ასაკობრივ ჯგუფში ეს მონაცემი უფრო მაღალია: ქალებისთვის 47.7%, კაცებისთვის 65.2%. ხოლო 55 წლის და მეტი ასაკის რესპონდენტებში კიდევ უფრო მაღალი: ქალებისთვის 67.2%, კაცებისთვის 76.7%.   

დამატებითი ინფორმაცია:

კვლევა IMAGES: კაცები, ქალები და გენდერული თანასწორობა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივითა და შვედეთის მხარდაჭერით ხორციელდება. IMAGES საქართველოში უკვე მესამედ ტარდება, რაც 2024, 2019 და 2013 წლების მონაცემების შედარების შესაძლებლობას იძლევა. 2024 წლის კვლევა „სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) მიერ განხორციელდა.

გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის გაეროსა და შვედეთის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის მიღწევას ემსახურება. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა ისეთ სფეროებზე ვრცელდება, როგორებიცაა ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური მონაწილეობის გაზრდა, სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების დაცვა და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრა. პროგრამას გაეროს სამი სააგენტო ახორციელებს: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women). პროგრამის მიმდინარე ეტაპი 2026 წლის ბოლომდე, შვედეთის მხრიდან 7,300,000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებით გაგრძელდება.