ნუ გეშინიათ, თქვენც დაბერდებით
ავტორი: ცისი მოისწრაფეშვილი UNFPA-თვის
ამბობენ, რომ სიბერე ახალგაზრდობის მონატრებაა, აუსრულებელ ოცნებებზე ფიქრი, ცხოვრების შემოდგომა. ბევრს სიბერის ეშინია კიდეც, მაგრამ ჩვენ ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილებით, ასაკის მატებისადმი მშვიდი დამოკიდებულებით და გადაწყვეტილებებით ამტკიცებენ, რომ სიბერე შეიძლება იყოს მშვენიერიც, საინტერესოც და სავსეც; რომ ნებისმიერ ასაკში შეგვიძლია ვიცხოვროთ დღევანდელი დღით და გავაგრძელოთ განვითარება.
“არ მენატრება ახალგაზრდობა, ის დრო გამოვიარე. ახლა სხვა ცხოვრება მაქვს. მთავარია, არ მოდუნდე, ბევრი წაიკითხო, ისწავლო, არ დაკარგო ცნობისმოყვარეობა და ინტერესი,” - ამბობს ნადიკო ეგაძე, 80 წლის.
ნადიკო შვილიშვილებმა შეარქვეს და ახლა ყველა ასე მიმართავს. ორი შვილიშვილი და ექვსი შვილთაშვილი ჰყავს. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ჯერ ოპერისა და ბალეტის თეატრში მუშაობდა, შემდეგ - რუსთაველის თეატრში. ნადიკო ფიქრობს, რომ წერა, ასევე, ხელნაკეთი ნივთების შექმნა განწყობასა და მენტალურ სიჯანსაღეს აუმჯობესებს. უყვარს ყველგან და ყველაფერში ახალი. თანამედროვე ავტორების კითხვა, ბალეტის ახლებური დადგმები, მუზეუმები, თეატრი, მუსიკა და სეირნობა. სულ ცდილობს, არ ჩამორჩეს დროს და იცოდეს, რა ხდება მსოფლიოში.
ახლახანს დიზაინის ინსტიტუტში გაიარა კოკა ქამუშაძის კურსი “ამბების დიზაინი” - და მართლაც დაიწყო წერა. ასევე, დაესწრო დიზაინის გაკვეთილებს და ისწავლა, როგორ შექმნას ერთი შეხედვით გამოუსადეგარი მასალისგან ლამაზი და საინტერესო ნივთები. ახლა ფოტოგრაფიის სწავლისთვისაც ემზადება. რადგან ფოტო-გადაღება ძალიან უყვარს და უნდა, რომ პროცესზე უფრო მეტი გაიგოს:
“სურათების გამჟღავნება ძალიან ძვირი ღირს. ფასი რომ მითხრეს, გავბრაზდი და გადავწყვიტე, მე თვითონ ვისწავლო, რატომაც არა? წამოვედი და ასე ვუთხარი, თქვენ რომ დაგჭირდებათ, მერე მე მომმართეთ-მეთქი,” ამბობს ნადიკო.
ნადიკოს თქმით, ენერგიისა და მხნეობის შენარჩუნებაში ფიზიკური აქტივობა ეხმარება. ყოველდღე სეირნობს, გამიზნულად ბევრს დადის ფეხით. სხეული ამ რიტმს და დატვირთვას მიჩვეულია და ამიტომ იშვიათად იღლება:
“ადრე ვდგები, ყოველდღე ასეა. ნელა არაფრის გაკეთება შემიძლია, ამიტომ ბევრ რამეს ვასწრებ.”
თაობებს შორის გაუცხოება მაშინ იწყება, როცა ვერ ვიღებთ ცვლილებებს ვერც საკუთარ თავში და ვერც - გარესამყაროში. რაც უკვე ვიცხოვრეთ და ვისწავლეთ, უცვლელ ჭეშმარიტებად გვეჩვენება და ვფიქრობთ, რომ ახალი გამოცდილებების დაგროვების დრო და სივრცე აღარაა. ნადიკო კი ამბობს, რომ ახალი თაობების გაგება არც ახლა უჭირს და არც არასდროს უჭირდა, პირიქით, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ურთიერთობა, მათი მოსმენა ეხმარება, თავი არ იგრძნოს მარტოდ და ფეხი აუწყოს თანამედროვე ცხოვრებას:
“რჩევებს იშვიათად ვაძლევ შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს; ზუსტად იციან, რა უნდათ და სათქმელს არაჩვეულებრივად აყალიბებენ. აღფრთოვანებული ვუსმენ და ბევრს რამეს ვსწავლობ მათგან.”
აქტიური სიბერე სიცოცხლის სიყვარულთან და სიახლეებისადმი ინტერესთან ერთად პირადი არჩევანიც არის. ნადიკო ამბობს, რომ ყველაფრის გადალახვა შეიძლება, თუ ცხოვრებისეულ სიძნელეებს - ნებისმიერ ასაკში - ნათელი გონებით და ფიზიკური მხნეობით შეხვდები:
“უნდა ეცადო, არაფერმა დაგთრგუნოს. ჯანმრთელობის პრობლემები მეც მქონდა, მაგრამ მივხვდი, თუ მოეშვები, ყველა დაგივიწყებს, მოგიკითხავენ ასე, წელიწადში ერთხელ, როგორ ხარო და მორჩა.”
ნადიკოს თქმით, საქართველოში ყველაზე მეტად ასაკის მატებისა და აქტიური ხანდაზმულობით ტკბობას ხელს სიღარიბე და დაბალი პენსია უშლის. “ევროპაში პენსიაში გასვლის მერე იწყებენ მოგზაურობას, სამყაროს აღმოჩენას. ჩვენთან დასვენება ფუფუნებაა,” - ამბობს ის. სოციალური პრობლემები და ოჯახზე დარდი არც საკუთარ თავზე ფიქრის დროს ტოვებს და არც თვითგანვითარებით ტკბობის საშუალებას აძლევს ადამიანს.
იმისათვის, რომ 60 წელს გადაცილებული ადამიანების ცხოვრება უფრო საინტერესო გახდეს, რომ ისინი საკუთარი სახლებიდან გამოვიდნენ და თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ, ახალი უნარ-ჩვევები, მეგობრები და თანამოაზრეები შეიძინონ, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მხარს უჭერს ჯანსაღი და აქტიური დაბერების პოლიტიკას საქართველოში.
60+ ცხოვრება - UNFPA-ის ინიციატივა ჯანსაღი და აქტიური დაბერებისთვის
სწორედ ამ მიზანს ემსახურება თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში გახსნილი მუნიციპალური სერვისი „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“, რომლის კარი ღიაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს შეინარჩუნოს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა და დარჩეს საზოგადოების აქტიურ წევრად.
60+ კლუბი ერთგვარი საშუალებაა ხანდაზმულებისთვის, პენსიაზე გასვლის შემდეგ, საკუთარ ცხოვრებას ახლებურად შეხედონ, დაფიქრდნენ, რისი შესწავლა სურთ და შეუძლიათ, რისი დრო და შესაძლებლობაც მანამდე არ ჰქონდათ, რომ ხელახლა აღმოაჩინონ საკუთარი თავი და სხვა თანატოლებსაც მისცენ მაგალითი, რომ არ შეჩერდნენ, გზა განაგრძონ.
რას აკეთებს UNFPA ხანდაზმულებისთვის?
დაბერებას ვერ ავირიდებთ, მაგრამ ნადიკოსთან საუბრისას ხვდები, რომ წლების მატებასთან ერთად ყველაზე დიდი გამოწვევა ცხოვრებისადმი ინტერესის შენარჩუნებაა. თუ ფიქრს, სიარულს, საუბარს, მოსმენას ვეცდებით, თუ არ შევწყვეტთ სწავლას და განვითარებას, თაობებს შორის ურთიერთობებს, წარსულში ცხოვრების ნაცვლად, გავაგრძელებთ ახალი მოგონებების შექმნას, სიბერეც შეიძლება იყოს მშვენიერი, საინტერესო და მრავალფეროვანი.