Go Back Go Back
Go Back Go Back

“ნეტავ, თქვენნაირი სიბერე ჩვენც გვქონდეს” - რას აკეთებს UNFPA ხანდაზმულებისთვის?

“ნეტავ, თქვენნაირი სიბერე ჩვენც გვქონდეს” - რას აკეთებს UNFPA ხანდაზმულებისთვის?

Story

“ნეტავ, თქვენნაირი სიბერე ჩვენც გვქონდეს” - რას აკეთებს UNFPA ხანდაზმულებისთვის?

calendar_today 27 March 2025

An elder women with blondish hair is sitting at a table
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

67 წლის ნათელა მინდიაშვილი ქალაქ რუსთავში ცხოვრობს, პენსიონერია და პატარა შვილთაშვილის აღზრდაშიც აქტიურადაა ჩართული. 

ნათელა ერთ-ერთი პირველია, ვინც 2021 წელს, ჯერ კიდევ პანდემიის პირობებში, გამოვიდა სახლიდან და რუსთავში მუნიციპალური სერვისის “60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის” წევრი გახდა. კლუბის გახსნის შესახებ კი ტელევიზიით შეიტყო. 

“60+ კლუბი ცხოვრებას მიხალისებს. კვირაში 2-3-ჯერ დავდივართ, ვიკრიბებით ერთი ასაკის ადამიანები. როგორც ოჯახი, ისე ვართ” - ამბობს ნათელა და დასძენს, რომ კლუბის წევრობამ ბევრი რამ შეცვალა მის ცხოვრებაში უკეთესობისკენ. მის ცხოვრებას ხალისი შემატა:

“ჩემი თავის მიმართ რწმენა მომემატა და უფრო ხალისით გამოვდივარ სახლიდან. შვილიშვილები კი ისედაც მეუბნებიან, პრანჭია ბებო გვყავხარო, მაგრამ აქ რომ მოვდივარ, მომიხარია, რომ ამდენ კარგ ადამიანს ვნახულობ. მიყვარს ყველა”.

საქართველოში, 60+ კლუბები გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით გაიხსნა იმისთვის, რომ 60 წელს გადაცილებული ადამიანების ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახდეს, პენსიაში გასვლის შემდეგ, ადამიანებმა შეინარჩუნონ ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა და დარჩნენ საზოგადოების აქტიურ წევრებად. საქართველოში თითქმის ყოველი მეექვსე მოქალაქე 65 წელზე მეტისაა.

A woman painting a flower
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

“UNFPA მხარს უჭერს ჯანსაღი და აქტიური დაბერების პოლიტიკას საქართველოში. გვჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ისეთი საზოგადოების შენებისკენ, რომელიც იქნება მორგებული ყველა ასაკის ადამიანის საჭიროებებს და თავისუფალი - ასაკობრივი სტიგმისა და დისკრიმინაციისაგან. ამ მიზანს ემსახურება მუნიციპალური სერვისი 60+ კლუბი” - ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, მარიამ ბანძელაძე. 

60+ კლუბი წევრებს სხვადასხვა აქტივობებს სთავაზობს იმისთვის, რომ თავიანთი შესაძლებლობები გამოსცადონ და ახალ უნარ-ჩვევებსაც დაეუფლონ. ასე შეისწავლეს საბაზისო ინგლისური ნათელამ და მისმა მეგობრებმა 60+ კლუბში. 

“აი, ამ ასაკში ვსწავლობთ ინგლისურს და უკვე ნამდვილად მეხმარება მობილურით სარგებლობისას, ფილმების ყურებისას - აუცილებელი გახდა ინგლისურის ცოდნა. თან ყველა დედმამიშვილი საზღვარგარეთ მყავს და ისინი რომ ჩამოვლენ და ეცოდინებათ ენა, არ მინდოდა მე ისე ვყოფილიყავი და თავიდანვე წამოვჭერი ეს საკითხი, რომ გვესწავლა ინგლისური და კომპიუტერი” - ამბობს ნათელა. 

გადაწყვეტილებებს, ამა თუ იმ აქტივობის, ღონისძების და სანახაობის შესახებ კლუბის წევრები ერთობლივად იღებენ, ცდილობენ, დრო ნაყოფიერად გაატარონ და თავიანთი ყოველდღიურობა უფრო საინტერესოდ დატვირთული გახადონ.  ხელოვნება, ხატვა, ძერწვა, კულინარია - 60+ კლუბის წევრებისთვის განტვირთვის საშუალებებია. თეატრსა და კინოშიც ხშირად დადიან რუსთავშიც და თბილისშიც. 

“[ჩემ ტოლ] გოგოებს ვეუბნები ხოლმე, როგორ უნდა დაგეზაროს, ასე ახლოს გქონდეს კლუბი და არ მოხვიდე, კლუბში არ გაწევრიანდე. მე ქალაქის ბოლოდან გამოვდივარ აქ, ისე მიხარია მოსვლა” - ამბობს ნათელა და იხსენებს, თავიდან როგორ სკეპტიკურად უყურებდნენ ახალგაზრდა რძლები მის გადაწყვეტილებას. 

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მასტერკლასზე დასასწრებად წამოიყვანა, ისე მოეწონათ კლუბის იდეა, ეუბნებოდნენ, “ნეტავ, თქვენნაირი სიბერე ჩვენც გვქონდესო”. 

A bunch of elder people attending an informal lesson at 60+ club
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

პენსიაში გასვლამდე ნათელა კონდიტერი იყო და ძალიან დატვირთული სამუშაო  განრიგი ჰქონდა. იქაც დიდ კოლექტივში მუშაობდა და დღემდე ინარჩუნებს მეგობრობას ძველ თანამშრომლებთან. 

“არ უნდა დავსხდეთ სახლებში. ბევრი ადამიანია, არაფერი ხელს არ უშლის, მაგრამ არ გამოდის სახლიდან, არადა დიდ ხალისს გვმატებს ეს შეხვედრები და ის, რომ ერთი ასაკის ადამიანები ვართ. პატარა ბავშვებივით ვხდებით ერთმანეთთან საუბრისას, ვიგონებთ წარსულს, ვსაზრდოობთ ერთმანეთთან ურთიერთობით”.

დღესისათვის საქართველოში 60+ კლუბი ფუნქციონირებს საქართველოს სამ ქალაქში: ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში. აპრილიდან ამ ჩამონათვალს დაემატება კიდევ ერთი კლუბი თბილისის თემქის რაიონის მედიათეკაში, რომელიც იხსნება თბილისის მერიასთან და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებასთან პარტნიორობით.