გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის განცხადება 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს:
როდესაც, კონფლიქტისა ან კატასტროფის გამო, ქალები და გოგოები იძულებულნი ხდებიან, დატოვონ თავიანთი საცხოვრებელი გარემო და სახლები, ისინი სერიოზული საფრთხის წინაშე დგებიან. ამგვარი იძულებითი გადაადგილება უზარმაზარ ზიანს აყენებს მათ კეთილდღეობას და ზრდის მათ მიმართ ძალადობისა და არასათანადოდ მოპყრობის რისკს.
საგანგებო სიტუაციებში, საცხოვრებელი პირობების გაუარესებასა და უსაფრთხო გარემოს დაკარგვას, როგორც წესი, თან სდევს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის შემთხვევათა მნიშვნელოვანი ზრდა. ასეთ გარემოში დაცვის სისტემების ჩამოშლა ნიშნავს სერვისებისა და მხარდაჭერის შემცირებას, რაც საგანგებო სიტუაციებით დაზარალებულ ბევრ ადამიანს ძალიან რთული და თითქმის დაუძლეველი ამოცანის წინაშე აყენებს, დამოუკიდებლად იბრძოლონ გადარჩენისთვის.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიზანია, აღკვეთოს გენდერული ნიშნით ძალადობა მსოფლიო მასშტაბით, დაიცვას ქალები და გოგოები და დაეხმაროს ძალადობის მსხვერპლებს ტრავმის გადალახვასა და ძალების აღდგენაში.
როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამყვანმა სააგენტომ, რომლის მისიაა ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში გენდერული ნიშნით ძალადობის აღკვეთა, გასულ წელს, 6 მილიონ ადამიანს გავუწიეთ საჭირო მომსახურება და დავიცავით ისინი გენდერული ნიშნით ძალადობისგან. ჩვენ შევქმენით 1 000 უსაფრთხო სივრცე, რომლებიც სთავაზობს გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლებს ყველა საჭირო სერვისს, მათ შორის იურიდიულ დახმარებასა და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას. რაც მთავარია, ჩვენ მუდმივად ვდებთ ინვესტიციებს გრძელვადიან პრევენციულ სტრატეგიებში, რომლებიც გენდერული უთანასწორობისა და ძალადობის წამახალისებელი ძირითადი ფაქტორების აღმოფხვრას ემსახურება.
ეს მნიშვნელოვანი ძალისხმევა გვაძლევს იმედს და, ამავე დროს, საშუალებას, დავეხმაროთ ყველას იქ და იმ დროს, სადაც და როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირება. ჩვენი პარტნიორების - მათ შორის მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და იმ ორგანიზაციების დახმარებით, რომლებსაც ქალები უდგანან სათავეში, ჩვენ შევძელით შეგვეცვალა და გადაგვერჩინა მრავალი ადამიანის სიცოცხლე. თუმცა ამ მიმართულებით სამუშაო კიდევ ბევრია და კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას საჭიროებს.
გენდერული ნიშნით ძალადობის ყველა მსხვერპლი იმსახურებს დაცვას, ზრუნვის ხარისხიან სერვისს და სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობას. თუმცა, წელს, პრევენციისა და დაცვის აუცილებელ სერვისებზე საჭირო დაფინანსების მხოლოდ მეოთხედი თუ დაკმაყოფილდა.
რესურსების გარდა, ასევე საჭიროა იმ კანონებისა და პოლიტიკის დახვეწა, რომლებიც ემსახურება ქალებისა და გოგოების დაცვას როგორც ჰუმანიტარულ კრიზისებში, ასევე მათ მიღმა. ძალადობის აღკვეთის, საზიანო პრაქტიკებისა და გენდერული ნორმების ტრანსფორმაციისთვის ასევე მნიშვნელოვანია კაცებისა და ბიჭების ჩართულობაც.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის პარალელურად, აუცილებელია, გავიხსენოთ ჩვენი ვალდებულება - შევქმნათ მსოფლიო, სადაც ყველა ქალისა და გოგოს ღირსება და თანასწორობა იქნება დაცული, სადაც ისინი შეძლებენ იცხოვრონ ძალადობისა და ზიანისგან თავისუფალ გარემოში.
უკლებლივ ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა, ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქალებმა და გოგოებმა, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, თავისუფლად, უსაფრთხოდ და შიშის გარეშე შეძლონ საკუთარი მომავლის დაგეგმვა და ცხოვრების გაგრძელება. მათ უნდა ირწმუნონ, რომ გვერდს მთელი მსოფლიო უმაგრებთ, სწორედ ისე, როგორც ამას გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) აკეთებს თავისი ყოველდღიური საქმიანობით.