სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა წარმოადგენს სრულ ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ სიჯანსაღეს რეპროდუქციულ სისტემასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში. ეს ნიშნავს მდგომარეობას, როცა ადამიანებს შეუძლიათ ჰქონდეთ დამაკმაყოფილებელი და უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრება, გამრავლების უნარი და შეეძლოთ მიიღონ თავისუფალი და ინფორმირებული გადაწყვეტილება, თუ რამდენი შვილი იყოლიონ და როდის. თითოეულ ადამიანს უფლება აქვს, გააკეთოს თავისუფალი არჩევანი თავის სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. გაერო-ს მოსახლეობის ფონდი, თავის პარტნიორებთან ერთად, მუშაობს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების, მათ შორის, ოჯახის დაგეგმვის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ადგენს მკაფიო კავშირს რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, ადამიანის უფლებებსა და მდგრად განვითარებას შორის. როცა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საჭიროებები არ არის დაკმაყოფილებული, მაშინ ადამიანებს ჩამორთმეული აქვთ საკუთარ სხეულთან და მომავალთან დაკავშირებული არსებითი მნიშვნელობის არჩევანის გაკეთების უფლება, რაც უდიდეს ზემოქმედებას ახდენს მათი ოჯახების სიჯანსაღესა და მომავალ თაობებზე.
გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ერთ-ერთ მთავარ პროგრამულ პრიორიტეტს საქართველოში წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გაძლიერებული ჩარჩოსა და ინსტიტუციური მექანიზმების არსებობა ქალებისა და ახალგაზრდებისათვის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ინტეგრირებული სერვისების მისაწოდებლად, განსაკუთრებული ყურადღებით მოწყვლადი მოსახლეობისა და ჰუმანიტარული საჭიროებების მქონე მოსახლეობის მიმართ. პროგრამის ფარგლებში ინტერვენციები ფოკუსირებულია პოლიტიკის ჩარჩოს და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მხარდაჭერაზე, რათა უზრუნველყოფილი იქნეს რეპროდუქციული ჯანმრთელობის, მათ შორის დედებზე ზრუნვის, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის და აივ-ის პრევენციის, მაღალი ხარისხის მომსახურებათა მიღების თანაბარი ხელმისაწვდომობა, ასევე ოჯახის დაგეგმვის დაუკმაყოფილებელი საჭიროების მოგვარება ადვოკატირების და ტექნიკური მხარდაჭერის გზით.
გაეროს მოსახლეობის ფონდი ადვოკატირებას უწევს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებათა მიწოდების ინტეგრირებას პირველად ჯანდაცვაში, რათა ეს მომსახურებები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს.
გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქმიანობა საქართველოში ფოკუსირებულია:
- დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესების მხარდაჭერაზე;
- ოჯახის უსაფრთხო, ნებაყოფლობითი დაგეგმვის შესაძლებლობის ზრდასთან დაკავშირებით ადვოკატირებასა და პოლიტიკასთან დაკავშირებულ რჩევებზე;
- საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ეროვნული პროგრამების ამოქმედებაზე და მათ გაფართოებაზე საერთაშორისოდ აღიარებული სახელმძღვანელო მითითებებისა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით; მტკიცებულებების შექმნაზე და დახმარებაზე მიზნობრივი მოსახლეობის ჩართვის მაქსიმალური დონის მისაღწევად და მტკიცე კავშირების შექმნაზე სკრინინგის პროგრამებსა და რეფერალურ მომსახურებებს შორის ზუსტი დიაგნოზების დასმის და მკურნალობის უზრუნველყოფის მიზნით;
- აფხაზეთში, საქართველო მცხოვრები მოსახლეობისთვის მაღალი დონის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების, მათ შორის საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის და ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდების, ხელმისაწვდომობის გაზრდაზე;
- ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებაზე - მოზარდებისა და ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში სკოლის ჯანდაცვის მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლების გზით, მათი კომუნიკაციის უნარების გაზრდით, ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ მათი ინფორმირებულობის ამაღლებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისა და პირველადი დახმარების უნარების გაფართოებით.
- ჯანდაცვის სისტემის რეაგირების გაძლიერებაზე გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ, როგორც ძალადობის მიმართ მულტისექტორული რეაგირების შემადგენელ კომპონენტზე.