Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

საგანგებო მდგომარეობა და ჰუმანიტარული დახმარება

საგანგებო მდგომარეობა და ჰუმანიტარული დახმარება

საგანგებო მდგომარეობა და ჰუმანიტარული დახმარება

მოულოდნელად წარმოქმნილმა საგანგებო სიტუაციებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ზემოქმედების ქვეშ მოყოლილი მოსახლეობის სიცოცხლესა და კეთილდღეობას. საქართველო ხასიათდება კატასტროფების სიხშირით და მაღალი რისკით, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს და ადამიანების განვითარებას.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდი ცდილობს კრიზისულ სიტუაციებში უზრუნველყოს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ყოველმხრივი მომსახურება. ჰუმანიტარული კრიზისი ზრდის ქალის დაუცველობას არასასურველი ორსულობისგან, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან და აივ-გან, სახიფათო ორსულობისგან და სქესობრივი ძალადობისა და ექსპლუატაციისგან. გაერო-ს მოსახლეობის ფონდი ცდილობს, დედობა გახადოს რაც შეიძლება უსაფრთხო საგანგებო სიტუაციებში, დაეხმაროს იმ ქალებს, რომლებსაც სურთ გადადონ, ან თავიდან აიცილონ ორსულობა, და გაუწიოს მზრუნველობა მშობიარობამდე, მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდეგ. ეს ძირითადი მომსახურებები საბაზისო ჯანდაცვის არსებითი კომპონენტებია, სუსტი რეპროდუქციული ჯანმრთელობის შედეგები კი ხშირად მწვავდება საგანგებო სიტუაციებში.

რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურების საწყისი მინიმალური პაკეტი შედის სიცოცხლის გადარჩენასთან დაკავშირებულ პრიორიტეტულ საქმიანობებში, რომლებიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს ჰუმანიტარული კრიზისის დაწყებისთანავე. პროგრამა, რომელსაც მხარს უჭერს გაერო-ს მოსახლეობის ფონდი, პასუხობს მოსახლეობის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საჭიროებებს საგანგებო სიტუაციების ყველაზე ადრეულ ეტაპებზე, რათა შესაძლებელი გახდეს სქესობრივი ძალადობის პრევენცია და მასზე სათანადო რეაგირება; თავიდან იქნეს აცილებული ახალშობილის და დედის ავადმყოფობის და სიკვდილის შემთხვევების უმეტესი რაოდენობა; შემცირდეს აივ-ის გადაცემა და დაიგეგმოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ყოვლისმომცველი მომსახურებები.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში ადვოკატირებას და ტექნიკურ დახმარებას უწევს რეპროდუქციული ჯანმრთელობის და გენდერული ნიშნით ძალადობის მომსახურების საწყისი მინიმალური პაკეტის ინტეგრირებას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ეროვნულ გეგმაში კრიზისული სიტუაციების დროს. საგანგებო სიტუაციებისადმი კოლექტიური მზადყოფნის განსამტკიცებლად გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა, საქართველოს მთავრობასთან, გაერო-ს სააგენტოებთან და წითელ ჯვართან თანამშრომლობის საფუძველზე, ჩამოაყალიბა მომსახურების საწყისი მინიმალური პაკეტი - მზადყოფნა საგანგებო სიტუაციებისთვის/სამოქმედო გეგმა გაუთვალისწინებელი სიტუაციისას, ასევე ჩამოაყალიბა პრიორიტეტები და რეკომენდაციები აღნიშნული პაკეტის ინტეგრირებისთვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კატასტროფებსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სექტორულ გეგმაში და, შესაბამისად, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ეროვნულ გეგმაში.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდი თავმჯდომარეობს გაერო-ს კატასტროფების მართვის ადგილობრივი გუნდის ფარგლებში ჩამოყალიბებულ გენდერული ნიშნით ძალადობის ქვეკლასტერს და დახმარებას უწევს სახელმწიფო და არასახელმწიფო ჰუმანიტარულ პარტნიორებს შორის კოორდინირებას იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს ადეკვატური რეაგირება გამოწვევებზე, მათ შორის სქესობრივ ექსპლუატაციაზე და ძალადობაზე, რომელთა წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე ახალგაზრდები და ქალები საგანგებო და ჰუმანიტარული  სიტუაციების დროს, ასევე იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს ნდობა და მზადყოფნა, რათა ადამიანებს შეეძლოთ დახმარების მოთხოვნა და შემდეგ მიღებული დახმარების მორგება თავიანთ საჭიროებებზე.