Go Back Go Back
Go Back Go Back

დედათა ჯანმრთელობა

დედათა ჯანმრთელობა

დედათა ჯანმრთელობა

უსაფრთხო დედობა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა უმთავრეს ამოცანას და ეს გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მანდატის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.

მართალია, ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა, მაგრამ ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევა რჩება კაიროს და პეკინის შეხვედრების და მათი შემდგომი კონფერენციების  შედეგების მიღწევის გზაზე. ათასწლეულის განვითარების მეხუთე მიზანი - „დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება“ - საქართველოში ჯერაც არ არის მიღწეული. ბოლო პერიოდში შემცირების მიუხედავად, დედათა სიკვდილიანობა საქართველოში ოთხჯერ მაღალია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე და თითქმის ორჯერ მაღალი ევროპის რეგიონულ მაჩვენებელზე. მიუხედავად იმისა, რომ დედების გარდაცვალების უშუალო სამედიცინო მიზეზები სხვადასხვაა, შესაძლებელია სიკვდილის იმ მთავარი მიზეზების თავიდან აცილენა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს გართულებები დედისთვის ორსულობის პერიოდში, მშობიარობისას და მშობიარობისშემდგომ პერიოდში.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს პროგრამა ადვოკატირებას უწევს და ხელს უწყობს დედათა ჯანდაცვის მომსახურების ჩართვას ჯანმრთელობის დაცვის უწყვეტ მომსახურებაში ჯანდაცვის სექტორში და მის გარეთ ძლიერი, თანამშრომლობაზე დამყარებული და მდგრადი პარტნიორობების ჩამოყალიბების გზით. გაერო-ს მოსახლეობის ფონდი თანამშრომლობს მთავრობასთან, პროფესიულ ასოციაციებთან და სამეცნიერო წრეებთან იმისათვის, რომ მიღებული იქნეს ყველანაირი ზომა და უზრუნველყოფილი იქნეს ქალთა უფლება, ხელი მიუწვდებოდეთ აუცილებელ და ხარისხიან ჯანდაცვაზე და დახმარებაზე, რაც მისცემს მათ შესაძლებლობას, ჰქონდეთ უსაფრთხო ორსულობა და მშობიარობა და გააჩინონ ჯანმრთელი ბავშვები.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად მთავარი ინტერვენციების მიმართულებები შემდეგია:

  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დახმარება 2017-2030 წლების პერიოდის დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიის და სამწლიანი სამოქმედო გეგმის (თავისი ხარჯთაღრიცხვით) ჩამოყალიბებაში. აღნიშნულ სტრატეგიასა და გეგმაში ასახული იქნება რეპროდუქციული ჯანმრთელობის მაქსიმალური სტანდარტი ყველა ადამიანისთვის საქართველოში. აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტების შექმნას საფუძვლად უდევს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დოკუმენტი „სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმა: მოქმედება 2030 წლისთვის ევროპაში მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მისაღწევად: არავინ დარჩეს უყურადღებოდ“. დოკუმენტები ემყარება მთავრობის პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას დედისა და ბავშვის სამედიცინო მომსახურების სრული ციკლისთვის, მათ შორის ანტენატალური, მშობიარობისა და მშობიარობისშემდგომი მომსახურებებისთვის;
  • წამყვანი ეროვნული ინიციატივის - „პერინატალური ზრუნვის რეგიონალიზაციის პროექტის“ - მხარდაჭერა, რომელიც საქართველოში დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სისტემის გაძლიერებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. ამ პროცესის დასრულება დაგეგმილია 2018 წლისთვის, როცა ორსულობის, მშობიარობის და მშობიარობისშემდგომი მომსახურებების შესაბამისი დონეები მიენიჭება პერინატალურ კლინიკებს. ეს უზრუნველყოფს რისკის ქვეშ მყოფი ორსული ქალების მიერ მკურნალობის მიღებას ისეთ დაწესებულებებში, რომლებსაც ექნებათ საჭირო დონის სპეციალიზებული მზრუნველობის გაწევის უნარი და შესაძლებლობა;
  • სამეანო და პერინატალური ზრუნვის გაუმჯობესება: მუშაობა მტკიცებულებებზე დამყარებული ცოდნისა და პრაქტიკის დასამკვიდრებლად ფაქტებსა და მონაცემებზე დამყარებული პოლიტიკის, სახელმძღვანელო პრინციპებისა და სტანდარტების შემუშავების/ადაპტაციის მეშვეობით დედათა ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
  • მაღალი ხარისხის მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა გადაუდებელი სამეანო დახმარების და ახალშობილებზე ზრუნვისთვის, რისთვისაც სამედიცინო დაწესებულებებში უნდა დაინერგოს დედათა ავადობის მძიმე შემთხვევების (“Near-miss” cases) ანალიზი.

 

ოჯახის დაგეგმვა

ოჯახის დაგეგმვის უსაფრთხო და ნებაყოფლობითი შესაძლებლობა ადამიანის უფლებაა. ოჯახის დაგეგმვა გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების ცენტრალური ელემენტი და სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ოჯახის ეფექტიანი დაგეგმვა ამცირებს არასასურველი ორსულობების და სახიფათო აბორტების რაოდენობას, ახდენს ორსულობასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის და ავადობის შემთხვევათა პრევენციას, ამცირებს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, მათ შორის აივ/შიდსი-ს, გავრცელებას, იცავს მოზარდების ჯანმრთელობას და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე რენტაბელურ საშუალებას ქალების, მამაკაცების, ახალგაზრდების და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. ყველა ამ მიზეზის გამო ინვესტირება თანამედროვე ოჯახის დაგეგმვაში წარმოადგენს დედის, ახალშობილის და ბავშვის ჯანმრთელობის გაუმჯობესების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან სტრატეგიას.

მიუხედავად იმისა, რომ 1999-2010 წლებში საქართველოში ჩატარებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევები მიგვითითებს გარკვეულ წინსვლაზე, საქართველო კვლავაც ხასიათდება დაუგეგმავი ორსულობის მაღალი მაჩვენებლით, ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე ეფექტიანი საშუალებების ნაკლებად გამოყენებით და ხელოვნური აბორტების ჯერ კიდევ მაღალი რაოდენობით. ეს უკანასკნელი კვლავაც რჩება ოჯახის დაგეგმვის ძირითად მეთოდად. აბორტების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს მხოლოდ ოჯახის დაგეგმვის ეფექტიანი მეთოდების გამოყენებით. ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურება ჯერაც შეზღუდულია საქართველოში პირველადი ჯანდაცვის დონეზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში შობადობის მაჩვენებლის აღმავლობა საქართველოში (შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი საქართველოში არის დაახლოებით 2.1) აღინიშნება კონტრაცეფციის გამოყენების გაზრდის ფონზე; კონტრაცეპტივების გავრცელებამ საკმაოდ შეამცირა აბორტების რაოდენობა და, ამავე დროს, ხელი შეუწყო შობადობის ზრდას. რეალური საკითხი, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას ამ სფეროში, არის ხელოვნური აბორტის ჩანაცვლება ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეს არ შეაფერხებს შობადობის აღმავლობას.

ამ თვალსაზრისით გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მუშაობა საქართველოში ხელს უწყობს ოჯახის დაგეგმვას: (ა) მტკიცებულებებზე დამყარებული ადვოკატირებით მოწყვლადი მოსახლეობისთვის, მათ შორის ახალგაზრდობისთვის, ინტეგრირებული და უფლებებზე დაფუძნებული ოჯახის დაგეგმვის მომსახურების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად პირველადი ჯანდაცვის დონეზე; (ბ) აბორტების საწინააღმდეგო და ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდების მხარდამჭერი ადვოკატირებით; (გ) ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ მტკიცებულებათა მოპოვებით პოლიტიკის შემუშავების ადვოკატირების მიზნით; (დ) ფაქტებსა და მონაცემებზე დამყარებული სახელმძღვანელო მითითებებისა და ინსტრუმენტების გავრცელებით და ქვეყნისთვის დახმარების გაწევით ეროვნული კონტექსტისთვის მათ მისადაგებაში.

უფრო კონკრეტულად, ჩვენი ინტერვენციები მოიცავს:

  • არსებული სათანადო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პოლიტიკისა და პროგრამების გადასინჯვას სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების გლობალურ და რეგიონულ სტრატეგიებთან მათი კავშირების დასადგენად, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მათი კოორდინირებული და რენტაბელური განხორციელება;
  • უზრუნველყოფას იმისა, რომ ოჯახის დაგეგმვა წარმოადგენდეს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიის განუყოფელ ნაწილს ჯანმრთელობის დაცვის ადამიანებზე ორიენტირებული, ინტეგრირებული მომსახურების შესაქმნელად;
  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპის - „კონტრაცეპტივების გამოყენების სამედიცინო კრიტერიუმები“ (მე-5 გამოცემა) ადაპტირებას. ადაპტირებული იქნა თორმეტი სხვადასხვა პროტოკოლი, რომლებიც დამტკიცდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმძღვანელო მითითებათა საბჭოს მიერ 2017 წელს;
  • მტკიცებულებაზე დაფუძნებული ოჯახის დაგეგმვის ონლაინ სასწავლო პლატფორმის - Virtual Contraceptive Consultation (ViC) - ადაპტირებას და ამოქმედებას ქვეყანაში მომსახურების მიმწოდებელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. ViC მოწონებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ და აკრედიტებულია როგორც უნივერსიტეტის კომბინირებული სწავლების სტრატეგია;
  • გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS6) განხორციელების ხელშეწყობას -  სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან, მათ შორის ოჯახის დაგეგმვასთან, დაკავშირებული ინდიკატორების შესახებ სარწმუნო მონაცემების მოპოვების მიზნით;
  • კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ არსებული და ახალი, მათ შორის მედიის საშუალებით გავრცელებული, მითების და არასწორი შეხედულებების აღმოფხვრას.

Other Topics

No content available.