Go Back Go Back
Go Back Go Back

ახალგაზრდები

ახალგაზრდები

ახალგაზრდები

15-29 წლის ახალგაზრდები საქართველოს მოსახლეობის 25%-ს შეადგნენ. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების განვითარება წარმოადგენს პრიორიტეტულ საკითხს სახელმწიფოს დღის წესრიგში, ახალგაზრდების წინაშე საქართველოში კვლავ მთელი რიგი გამოწვევები დგას. ზოგადად, არ არსებობს რაიმე სამართლებრივი შეზღუდვა ახალგაზრდებისა და მოზარდებისათვის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურების ხელმისაწვდომობაში, თუმცა საქართველოში უმეტესწილად დაუკმაყოფილებელია მოზარდებისა და ახალგაზრდების საჭიროებები რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის სფეროში. ჯანდაცვის პროვაიდერებს არ შესწევთ უნარი, დააკმაყოფილონ ახალგაზრდების განსაკუთრებული საჭიროებები ინფორმაციის, კონსულტაციისა და კონფიდენციალური მომსახურების მიღების თვალსაზრისით. ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანდაცვის მომსახურებების ნაკლებობა და კულტურული სტიგმა ხელს უშლის ახალგაზრდებს და მოზარდებს ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის/ოჯახის დაგეგმვის მომსახურების და კონსულტაციის მიღებაში; ეს კი დაკავშირებულია სქესობრივი გზით გავრცელებული ინფექციების, მათ შორის აივ ინფექციის, და არასასურველი ორსულობის გაზრდილ რისკთან. ახალგაზრდების რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და რეპროდუქციულ უფლებებთან დაკავშირებული განათლება არ არის ჩართული განათლების სისტემაში და უმეტესად არაფორმალური განათლების მეთოდები გამოიყენება იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ სწორი გზავნილები და ინფორმაცია სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, გენდერული თანასწორობის, გენდერული ნიშნით ძალადობისა და ა.შ. შესახებ.

საქართველოში ახალგაზრდებთან დაკავშირებული აღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებით გაერო-ს მოსახლეობის ფონდი ადვოკატირებას უწევს ისეთი ახალგაზრდული პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომელშიც ჩართული იქნებოდა მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის დღის წესრიგის საკითხები. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით და გაერო-ს მოსახლეობის ფონდისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული ყოვლისმომცველი ახალგაზრდული პოლიტიკა საქართველოს მთავრობამ 2014 წელს მიიღო. ეს პოლიტიკა მოიცავს მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის დღის წესრიგის საკითხებს და იგი მკაფიოდ განსაზღვრავს მთავრობის ვალდებულებებს და ხედვას ახალგაზრდების განვითარების მიმართ. პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანია, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ასაკისთვის შესაბამისი საკითხების შეტანას ოფიციალურ და არაოფიციალურ განათლების სისტემებში და ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომს გახდის ხარისხიან ჯანდაცვის მომსახურებას ამ სფეროში. გენდერული თანასწორობა და ადამიანის უფლებები აღიარებულია ძირითად ღირებულებებად ახალგაზრდების მდგრადი განვითარების საქმეში.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდმა დახმარება გაუწია „ახალგაზრდული პოლიტიკის 2014-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ და „ახალგაზრდული პოლიტიკის 2014-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის და შეფასების მექანიზმის“ ჩამოყალიბებას. ამ ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორი (Youth Policy Monitor), რომელიც იძლევა შესაძლებლობას მოხდეს სამინისტროების მიერ სამოქმედო გეგმის ყოველწლიური განხორციელების ონლაინ მონიტორინგი. გარდა ამისა, აღნიშნული ვებგვერდი მომხმარებლისთვის უზრუნველყოფს ახალგაზრდულ საკითხებთან დაკავშირებულ მონაცემებსა და ანალიტიკურ წყაროებზე მოსახერხებელ წვდომას.

პოლიტიკის დოკუმენტები შეიქმნა მონაწილეობითი მიდგომის გამოყენებით მთავრობის, ახალგაზრდების, არასამთავრობო ორგანიზაციების და გაერო-ს სააგენტოების ჩართვით. ახალგაზრდებს ხელს უწყობდნენ და ახალისებდნენ მონაწილეობა მიეღოთ პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში მათი შეხედულებებისა და რეკომენდაციების ასახვის მიზნით ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით გაერო-ს მოსახლეობის ფონდი ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების შესახებ ასაკობრივი და კულტურული თვალსაზრისით სენსიტიური განათლების ჩართვას საქართველოს განათლების სისტემაში.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისისთვის წლების განმავლობაში პრიორიტეტს წარმოადგენდა ახალგაზრდების გაძლიერება არაფორმალური განათლების მეშვეობით მათთვის ინფორმაციის მიწოდებით სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, რეპროდუქციული უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში, რაც კრიტიკული მნიშვნელობისაა მოზარდობის ასაკიდან ზრდასრულ ასაკში გადასვლის პროცესში. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და მათი გაძლიერება ხორციელდება სხვადასხვა ინოვაციური ინიციატივების დახმარებით, როგორიცაა თანატოლთა განათლების ტრენინგები, ახალგაზრდული ფორუმები, ახალგაზრდული ფესტივალები, საინფორმაციო შეხვედრები და ა.შ.

  • თანატოლთა განათლების ტრენინგების ჩატარება გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა 2006 წელს წამოიწყო. ტრენინგების მიზანია ახალგაზრდების განათლება და მათი ინფორმირებულობის გაზრდა ისეთ კრიტიკულ საკითხებზე, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, აივ/შიდს-ი, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და რეპროდუქციული უფლებები, ოჯახში ძალადობა და სხვ., და მათი აღჭურვა სათანადო ცოდნით და უნარებით, რათა შეძლონ გაავრცელონ სწორი გზავნილები და ინფორმაცია თანატოლებს შორის.
  • გაერო-ს მოსახლეობის ფონდი ხელს უწყობს ახალგაზრდების ადვოკატირების მონაწილეობითი პლატფორმის შექმნას: იგი აძლიერებს ახალგაზრდულ ორგანიზაციებს და ავითარებს მათ შესაძლებლობას, მოახდინონ ახალგაზრდების მობილიზება და მათი უფლებების, მათ შორის გენდერული თანასწორობის და სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და რეპროდუქციული ულებების, ადვოკატირება. ფონდი მხარს უჭერს ახალგაზრდულ ფორუმებს, როგორიც არის, მაგალითად, ფორუმი ახალგაზრდების დიალოგისთვის მთავრობასთან და პოლიტიკოსებთან და ადვოკატირებისთვის გენდერული თანასწორობის და ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და რეპროდუქციული ულებების დაცვის სფეროებში ძირითადი საკითხებისთვის პრიორიტეტის მისანიჭებლად.
  • ყოველწლიური ახალგაზრდული ფესტივალები „თანატოლები თანასწორობისთვის”, რომლებიც ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ტარდება, წარმოადგენს გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ინოვაციურ მიდგომას, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და რეპროდუქციული უფლებების საკითხებში ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდას.

Other Topics

No content available.