Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

აივ/შიდსი

აივ/შიდსი

აივ/შიდსი

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი მილიონობით ადამიანს ემუქრება და შიდს-ი რეპროდუქციული ასაკის ქალებისა და მოზარდების სიკვდილის ძირითადი მიზეზია გლობალურ დონეზე. სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია კვლავ აბრკოლებს ადამიანთა უფლებების რეალიზებას, მათ შორის, ხელს უშლის მათ არსებითად მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და მომსახურებების მიღებაში აივ ინფექციის პრევენციის და მკურნალობის მიზნით.

შიდს-ის ეპიდემიის დამარცხება ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილ ინვესტიციებს საჭიროებს. ამ ხედვის ხორცშესხმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, რეალურად ადამიანის ყველა უფლების, რეალიზებას. და თუ გავითვალისწინებთ ახალგაზრდებისა და ძირითადი რისკჯგუფებისთვის აივ ინფიცირების უფრო მაღალ საფრთხეს, აუცილებელია ამ ჯგუფებისთვის განსაკუთრებული დახმარების გაწევა.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მიდგომას აივ ინფექციისადმი საფუძვლად უდევს სამი სტრატეგია: ადამიანის უფლებების განხორციელების ხელშეწყობა და სხვადასხვა სფეროში არსებული უთანასწორობის შემცირება, აივ-ზე რეაგირების ჩართვა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვაში და აივ ინფექციის სქესობრივი გზით გადაცემის პრევენცია.

საქართველო მიჩნეულია ქვეყანად, რომელშიც აივ/შიდს-ი ნაკლებად არის გავრცელებული ზრდასრულ მოსახლეობას შორის. გავრცელების შეფასებითი მაჩვენებელი 0.4%-ის ტოლია. 2017 წლის 20 აპრილის მდგომარეობით ოფიციალურად დაფიქსირებულია აივ-ის სულ 6311 შემთხვევა, მაგრამ საქართველოში აივ-ით ინფიცირებულ პირთა შეფასებითი რაოდენობა დაახლოებით 9600-ია, მათგან 49%-მა არ იცის თავისი აივ სტატუსის შესახებ.

ეპიდემიის გავრცელების ადრეული წლებიდან ინფექციის გადაცემის ძირითადი გზა ნარკოტიკების ინტრავენული მოხმარება იყო. ბოლო წლების განმავლობაში გახშირდა აივ-ის სქესობრივი გზით გადაცემა. აივ ინფექციის ყველა რეგისტრირებული შემთხვევიდან 43.6% ჰეტეროსექსუალურ კონტაქტებზე მოდის.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის ეპიდემია საქართველოში ძირითად რისკჯგუფებშია კონცენტრირებული. ძალზე გახშირებულია აივ-ის გავრცელება მამაკაცებთან სექსის მქონე მამაკაცებს შორის: 7%-დან 2010 წელს 25.1%-მდე 2015 წელს. ამ მონაცემების მიხედვით საქართველო გახდა ლიდერი აღმოსავლეთი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მამაკაცებთან სექსის მქონე მამაკაცებს შორის აივ-ის გავრცელების თვალსაზრისით. შესაბამისად, აივ ეპიდემია კვლავ წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან პრობლემას საქართველოში.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მუშაობა აივ ინფექციის პრევენციის მიმართულებით კონცენტრირებულია ადვოკატირებაზე, პოლიტიკის შესახებ დიალოგსა და ტექნიკური დახმარების მიწოდებაზე ფაქტებისა და მონაცემების შეგროვებაზე პოლიტიკის შემუშავების და ცოდნის მართვის მიზნით, რაც საბოლოოდ აივ-ის პრევენციას უწყობს ხელს:

  • ადვოკატირება აივ ინფექციასთან დაკავშირებული სტიგმის აღმოფხვრისთვის და აივ-ის პრევენციის პროგრამებისა და კონდომების პროგრამების გაფართოება, ყურადღების გამახვილებით აივ-ის სქესობრივი გზით გადაცემის მიმართ დაუცველ ახალგაზრდებზე, აივ-ის ძირითად რისკჯგუფებზე და მათ პარტნიორებზე, მათ შორის ამ ჯგუფებთან მომუშავე სათემო და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებით;
  • ძირითადი რისკჯგუფების გაძლიერება: მათი შესაძლებლობებისა და ადვოკატირების უნარის გაუმჯობესება;
  • მონაცემებისა და მტკიცებულებების შეგროვება სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის /აივ სერვისებზე ძირითადი რისკჯგუფების ახალგაზრდა წარმომადგენლების მისაწვდომობასთან დაკავშირებით;
  • პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის მტკიცებულებებზე დამყარებული ადვოკატირება, მომსახურებათა სტანდარტების ჩამოყალიბება, ჯანდაცვის პროვაიდერთა შესაძლებლობის გაძლიერება, რათა ამაღლდეს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის და აივ-ის პრევენციის ხარისხიან მომსახურებათა მისაწვდომობა ძირითადი რისკჯგუფებისთვის, მათ შორის ძირითადი რისკჯგუფების ახალგაზრდა წარმომადგენლებისთვის.

Other Topics

No content available.