კვლევას საფუძვლად უდევს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის მიერ 2017 და 2019 წელს ჩატარებული კვლევები,1 რომლებმაც ნათლად აჩვენეს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და გამოავლინეს ცალკეული მოწყვლადი პოპულაციები, მათ შორის, არადომინანტი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ქალები და გოგოები.
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების კვლევა არადომინანტი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ ქალებსა და გოგოებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქალის სექსუალობა და რეპროდუქციული პრაქტიკა სოციალურ-კულტურული ფაქტორებით არის ნაკარნახევი, ხოლო არადომინანტი ეთნიკური ჯგუფების უფლებების დაცვა მათი იდენტობის განმსაზღვრელი მახასიათებლების აღიარებით და თანაბარუფლებიანობით არის შესაძლებელი. წინამდებარე კვლევა კონკრეტულად შეისწავლის კონტრაცეფციის, დედათა ჯანმრთელობის და საზიანო პრაქტიკების საკითხებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ მიმართულებით სისტემურგამოწვევებს და მათზე რეაგირების გადაუდებელ საჭიროებას. საქართველოს სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ სახელმწიფო უწყებები მხედველობაში მიიღებენ კვლევის შედეგად გამოვლენილ მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხებს და უზრუნველყოფენ ამ პრობლემური საკითხების კორექციისთვის საჭირო, ამავე ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულებას.