ბევრი ახალგაზრდა ყოველდღიურად იღებს უამრავ მეცნიერულად დაუსაბუთებელ, ჭეშმარიტებისგან შორს მდგარ და დამაბნეველ გზავნილს სექსუალობისა და გენდერის შესახებ, რამაც შეიძლება, სერიოზული საფრთხე შეუქმნას მათ ჯანმრთელობას, მომავალ კეთილდღეობასა და ღირსებას. შედეგად, დღეს მრავალი ახალგაზრდა არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თვალსაზრისით. აღნიშნული მიუთითებს ახალგაზრდებისათვის ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლების მასშტაბურად და ეფექტიანად მიწოდების გადაუდებელ საჭიროებაზე. წინამდებარე პუბლიკაცია, სახელწოდებით: „საერთაშორისო ტექნიკური და პროგრამული სახელმძღვანელო – ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლება არაფორმალური განათლების სისტემაში“, რომელიც გამოქვეყნებულია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდის (UNICEF), გაეროს აივ/შიდსის ერთიანი პროგრამისა (UNAIDS) და ჯანმოს მხარდაჭერით, წარმოადგენს აღნიშნული საკითხისადმი ჩვენი ერთიანი/საერთო ინტერესისა და ძალისხმევის მტკიცებულებას. წინამდებარე სახელმძღვანელოს შექმნა განპირობებულია მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლების (CSE) აქტუალურობის ზრდით და ემთხვევა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) 50-ე წლისთავსა და მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციისა (ICPD) და მისი ინოვაციური სამოქმედო პროგრამის 25-ე წლისთავს. სახელმძღვანელო ასევე ემსახურება გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მხარდაჭერას, რომლის მიზანია ყველაზე მარგინალიზებული პირების, მათ შორის, ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, აივ ინფიცირებულთა და მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენლების, ლტოლვილებისა და მიგრანტების ჩართულობის უზრუნველყოფა. ვინაიდან აღნიშნული თემების ბევრი წარმომადგენელი სასკოლო განათლების მიღმა რჩება, ხოლო ის, ვინც სასკოლო განათლებას იღებს, შესაძლებელია, პარალელურად ვერ იღებდეს განათლებას ადამიანის სექსუალობის შესახებ (CSE), არაფორმალური განათლების პროგრამები ამ დეფიციტის შევსებასა და ამ პირების საჭიროებების დაკმაყოფილების მიმართულებით ეფექტიანი ძალისხმევის გაღებას ემსახურება. წინამდებარე სახელმძღვანელო წარმოადგენს 2018 წელს გამოცემული სარეკომენდაციო ხასიათის სახელმძღვანელოს – „საერთაშორისო ტექნიკური სახელმძღვანელო სექსუალური განათლების შესახებ“ – დამატებას. არაფორმალური განათლების სისტემაში დასანერგად განკუთვნილი სახელმძღვანელო, რომელიც მტკიცებულებებით არის გამყარებული და ადამიანის უფლებების მიდგომაზე დაფუძნებული, გვთავაზობს კონკრეტულ მითითებებსა და რეკომენდაციებს და ემსახურება ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდების ინფორმირებას, რაც მათ საშუალებას მისცემს, შეიძინონ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც სჭირდებათ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმირებული არჩევანისთვის. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომლებმაც წვლილი შეიტანეს წინამდებარე სახელმძღვანელოს შექმნის საქმეში – გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდი (UNICEF), გაეროს აივ/შიდსის ერთიანი პროგრამა (UNAIDS) და ჯანმო – გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მოუწოდებს პროგრამის შემუშავებაზე პასუხისმგებელ პირებს, იხელმძღვანელონ წინამდებარე ყოვლისმომცველ ინსტრუმენტში მოცემული რეკომენდაციებით იმ ახალგაზრდების გაძლიერების, თვითგამორკვევისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით, რომელთა შემთხვევაშიც ყველაზე მაღალია უარყოფითი შედეგების რისკი, როგორიცაა: ძალადობა და დისკრიმინაცია, მარგინალიზაცია, სიღარიბე, აივ და სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციები (სგგი) და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, განვამტკიცოთ და გავაუმჯობესოთ წინამდებარე სახელმძღვანელოში შესული საყოველთაო ღირებულებები, მათ შორის, გენდერული თანასწორობა, ღირსება, სოციალური ჩართულობა და ადამიანის უფლებები ყველასთვის. ჩვენ ვაპირებთ, არ შევანელოთ ძალისხმევა, სანამ ყველა ახალგაზრდა არ იქნება აღჭურვილი ცოდნით, რომელიც მათ ჯანსაღ ცხოვრებას უზრუნველყოფს, მათი პოტენციალის სრულყოფილად გამოვლენისა და ყველასათვის უკეთესი მომავლის შენებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობით.
დოქ. ნატალია კანემი
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორი