წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში. მასალა მომზადდა შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით. მისი შინაარსი წარმოადგენს ავტორის მოსაზრებებს და შესაძლოა, არ ასახავდეს შვედეთისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ხედვას.
მიმოხილვის ძირითადი შედეგებით დადასტურდა, რომ ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლება სუსტად არის წარმოდგენილი საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში. ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლების ყველაზე ნაკლებ განვითარებული კომპონენტებია: ეროვნული სასწავლო გეგმა, მასწავლებელთა პირველადი მომზადებისა და პროფესიული განვითარების პროგრამები, მონიტორინგისა და შეფასების სისტემა და სრჯ მომსახურებებთან კავშირი. მიმოხილვამ აჩვენა, რომ სკოლა ვერ აწვდის ბავშვებსა და ახალგაზრდებს მნიშვნელოვან ინფორმაციას მათი გრძნობებისა და სხეულის, სექსუალური იდენტობის, გენდერული ნიშნით ძალადობის, ჯანსაღი ურთიერთობებისა და ამავე რიგის სხვა თემებისა თუ საკითხების შესახებ. ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლებასთან დაკავშირებული ზოგიერთი თემა შესულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში, თუმცა მიმოხილვამ აჩვენა, რომ ეს თემები არ არის წარმოდგენილი მასწავლებელთა პირველადი მომზადებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებში. გარდა ამისა, ეროვნულ დონეზე არ ფუნქციონირებს მონიტორინგისა და შეფასების სისტემა, რომელიც საჭიროა სასწავლო პროგრამის განხორციელების შესაფასებლად.