Go Back Go Back
Go Back Go Back

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე

News

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე

calendar_today 12 August 2024

An illustration dedicated to the International youth Day with four people using gadgets to help the world
ილუსტრაცია: ია ნინოშვილი/UNFPA

ციფრულ სამყაროში დაბადებული ახალგაზრდები სარგებლობენ იმ შესაძლებლობებით, რომლებსაც მათ ტექნოლოგიები სთავაზობს, მათ შორისაა წვდომა განათლებაზე, დასაქმებასა და სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარისხიან ინფორმაციაზე. ამავე დროს, ამ პროცესს შესაძლოა ისეთი რისკებიც ახლდეს, როგორებიცაა ციფრულ ტექნოლოგიებზე არათანაბარი წვდომა, რასიზმისა და ქალთმოძულეობის გაღვივება და ახალგაზრდების, განსაკუთრებით მოზარდი გოგოების, მიმართ გენდერული ძალადობის გამოავლინება.

დღეს, აღვნიშნავთ რა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, ვაცნობიერებთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი მომავალი სწორედ მათ ხელშია. მათ შესწევთ ძალა, ჩვენი ციფრული თუ ფიზიკური სამყარო უფრო თანასწორ, სამართლიან, მშვიდობიან და უსაფრთხო ადგილად აქციონ.

ახალგაზრდები - კონტენტ კრეატორები, ციფრული აქტივისტები და გლობალური მოქალაქეები - იყენებენ ტექნოლოგიებს უსამართლობის გამოსავლენად, დეზინფორმაციის გასაქარწყლებლად და ჩაგვრასთან გასამკლავლებლად. ისინი წამყვან როლს ასრულებენ ციფრული უფლებებისა და სხეულის ავტონომიის დაცვის საქმეში: ითხოვენ რა საკუთარი სხეულის ავტონომიის დაცვას, აპროტესტებენ ისეთი რეგულაციების ნაკლებობას, რომლებიც ტექნოლოგიების საშუალებით გენდერული ძალადობის ზრდას განაპირობებს.

ტექნოლოგიები უთანასწორობასთან ბრძოლის უძლიერესი იარაღია. მათი გამოყენება შესაძლებელია გენდერული თანასწორობისა და მშვიდობის ხელშესაწყობად, ინოვაციებისა და იდეების ურთიერთგაცვლითა და გავრცელებით; ასევე ისეთი საკითხების შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად, რომელთა შედეგებიც მომავალ თაობებზე აისახება, როგორიცაა კლიმატის ცვლილება. ტექნოლოგიები უბიძგებს ახალგაზრდებს მოქმედებისკენ და ხელს უწყობს ადგილობრივი ინიციატივების გლობალურ მოძრაობებად გადაქცევას.

თუმცა, ციფრულ სივრცეში ახალგაზრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საზოგადოებებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ საჭირო უნარები და ინფორმაცია, და მათთვის ხელმისაწვდომი იყოს ის მომსახურებები, რომლებიც საჭიროა ტექნოლოგიების გამოყენებით მაქსიმალური სარგებლის მისაღებად და ზიანის თავიდან ასაცილებლად.

ამ მიმართულებით გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ბავშვებისა და 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდების დაახლოებით ორ მესამედს არ აქვს სახლში წვდომა ინტერნეტზე; მათ შორის ჭარბობს მოზარდი გოგოები, განსაკუთრებით მოწყვლადი ოჯახებიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ მილიონობით ახალგაზრდას ნაკლებად აქვს შესაძლებლობა, მიიღოს განათლება და დაეუფლოს ციფრულ წიგნიერებას, რაც მათი წარმატებისა და პოტენციალის სრულად რეალიზების გარანტიაა. გარდა ამისა, ციფრული სივრცე სავსეა სიძულვილის ენითა და ქალთმოძულეობის პროპაგანდით, რამაც, შესაძლოა, დამანგრეველი ზემოქმედება იქონიოს ახალგაზრდების ფიზიკურ და მენტალურ კეთილდღეობაზე.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მთელ მსოფლიოში ახალგაზრდების უფლებების სადარაჯოზე დგას და მისი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება. ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ამ წლის ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის მთავარი თემა არის: #YouthLead: ახალგაზრდების ლიდერობა უსაფრთხო და ინკლუზიური ციფრული გარემოსთვის. „გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ყოველთვის ახალგაზრდების გვერდით იდგება," განაცხადა დოქტორმა ნატალია კანემმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელმა დირექტორმა, ახალგაზრდების საკითხებზე მიმდინარე გლობალური დიალოგის ფარგლებში. „ჩვენს პრიორიტეტს ახალგაზრდები წარმოადგენენ."