“გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ - პროგრამა, რომელიც საქართველოში სოციალურ ნორმებს ცვლის
თანასწორობის იდეის მხარდაჭერა, სოციალური ნორმების ცვლილება, საზიანო პრაქტიკების პრევენცია, გოგოებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობა, მოზარდებისა და ახალგაზრდების ინფორმირება - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც გაეროს მოსახლეობის ფონდი სამცხე-ჯავახეთში, პროგრამის “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, ახალგაზრდებთან და ახალგაზრდებისთვის მუშაობს.
2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 18.5%-ს 15-29 წლის ახალგაზრდები შეადგენს. მათი 40% კი სოფლად და რთულად მისაღწევ დასახლებებში ცხოვრობს. ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდმა პროგრამის ფარგლებში დაისახა, სწორედ იმ მოზარდების მხარდაჭერაა, რომელთაც საკუთარ თემებში ცვლილებების მოხდენა, ფართოდ ფესვგადგმულ სტერეოტიპებთან ბრძოლა და აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა სურთ.
UNFPA-ს საქართველოს ოფისი ინოვაციური გზებით მუშაობს ეთნიკურად ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებთან იმ სოციალური ნორმების დასაძლევად, რაც აფერხებს ახალგაზრდების თავისუფალ ხედვასა და წინსვლას მაშინ, როდესაც მათ სურთ შეცვალონ თავიანთ გარშემო არსებული სტერეოტიპები, დაამსხვრიონ მითები და შექმნან ჰარმონიული, თანასწორობაზე დამყარებული საზოგადოება.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, სადაც UNFPA, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროგრამას “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“, ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეულია.
პროგრამის მთავარი მიზანი გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და ვაჟებისთვის უპირატესობის მინიჭების საზიანო პრაქტიკის პრევენცია და აღმოფხვრაა, შესაბამისად, ინოვაციური ინიციატივებიც ამ საკითხთანაა დაკავშირებული.
„ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“
ალისა გიმიშიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ცხოვრობს. მას სჯერა, რომ „ცვლილებები იწყება ჩვენით და თუ ჩვენ გვინდა, დავინახოთ უკეთესი გარემო და ვიცხოვროთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც ყველას ექნება თანაბარი შესაძლებლობები, მაშინ პირველი ნაბიჯი ჩვენ [უნდა] გადავდგათ“.
იმისთვის, რომ რეგიონში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება და რეალურ გენდერული თანასწორობის მიღწევაში შეიტანონ წვლილი, UNFPA, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, ახორციელებს ინიციატივას „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“. სწორედ ამ ინიციატივის მონაწილეა ალისა.
UNFPA-ის ინიციატივა იმ ახალგაზრდებს აერთიანებს, ვისაც სჯერა თანასოწორობის, იბრძვის მავნე სოციალური ნორმების წინააღმდეგ და არ უშინდება წინააღმდეგობებს ხელშესახები ცვლილებებისკენ მიმავალ გზაზე. ამისათვის კი ისინი, UNFPA-ს და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის მხარდაჭერით, იღრმავებენ ცოდნას, იუმჯობესებენ უნარ-ჩვევებს, ერთმანეთს უზიარებენ იდეებს და თავად ხდებიან ინიციატორები საკუთარ თემში.
2022 წელს, გენდერული სტრერეოტიპების აღმოფხვრის წასახალისებლად, ახალციხელმა ახალგაზრდებმა UNFPA-სა და კომპანია „The Body Shop“-ის მიერ გამოცხადებულ იდეების კონკურში გაიმარჯვეს. კერძო სექტორთან მსგავსი თანამშრომლობა კიდევ ერთი წამახალისებელი ფაქტორია რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რომ მათთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს გაუწიონ ადვოკატირება.
ინიციატივის მონაწილეებს სჯერათ, რომ ქალებს და კაცებს განათლებასა და სამუშაო ადგილებზე თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეთ, საოჯახო საქმეებს თანასწორად ინაწილებდნენ და არჩევანის თავისუფლებითაც თანაბრად სარგებლობდნენ.
როგორც ერთ-ერთი მათგანი, გვანცა სამსონაძე ამბობს:
ხშირად, როდესაც გენდერული თანასწორობის შესახებ ვსაუბრობთ, ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც გენდერული თანასწორობა არ არის სწორად, ადეკვატურად გაგებული. კარგი იქნება, თუ გ3ენდერული თანასწორობის მნიშვნელობის გააზრებას ადრეული ასაკიდან დავიწყებთ, რადგან უთანასწორობას სწორედ აქედან ეყრება საფუძველი“.
ქართულ-სომხურენოვანი ონლაინ პლატფორმა „განძი“
თანასწორობის, სოლიდარობისა და ტოლერანტობის პრინციპებზე დაფუძნებული ქართულ-სომხურენოვანი ონლაინ პლატფორმა „განძი“ ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას და კრიტიკული ხედვის განვითარებას ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებში.
„განძი“ 2021 წელს UNFPA-ს საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის პარტნიორობით და ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა.
განძი შესანიშნავი პროექტია. იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა რეგიონისთვის, რასაც სიამოვნებით კითხულობენ [ახალგაზრდები]. ალბათ, ამას ისიც განსაზღვრავს, რომ ამ პროექტში სხვებისთვის სამაგალითო სტუდენტები არიან ჩართული. მგონი, ესეც ძალიან კარგია, რომ ხედავენ: თუ ამ ადამიანს შეუძლია, ესე იგი, მეც შემიძლია“, ამბობს 20 წლის ჟანნა ჩოგანდარიანი ახალქალაქის სოფელი კვლიკამიდან, რომელიც ერთი წელია „განძის“ ქართულ-სომხურენოვანი ონლაინ პლატფორმისთვის მუშაობს.
ჟანნა, „განძის“ სხვა ბლოგერების მსგავსად, იმ აქტუალურ საკითხებს აშუქებს, რაც მის რეგიონს აწუხებს. ამ პლატფორმის მიზანიც სწორედ ესაა, საქართველოს სომხურენოვანი მოსახლეობისთვის, განასაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, ადამიანის უფლებებთან, გენდერული თანასწორობის საკითხებთან, საზიანო პრაქტიკებთან, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და უფლებებთან, და სხვა ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება ორ ენაზე.
პირადად მისთვის, ადრეული ქორწინების საკითხი რჩება რეგიონში გადაუჭრელ გამოწვევად და სწორედ ამ თემაზე მუშაობს ის „განძისთვისაც“.
ჩემს სოფელში ყველაზე მეტად დგას მოტაცების პრობლემა. იცით რას ამბობდნენ, შენ ეს ფილმი გადაიღე, რომ შენც არ მოგიტაცონო“, ამბობს ჟანნა, რომლის დაც 17 წლის ასაკში მოიტაცეს.
ჩემს დას უნდოდა, რომ ფარმაცევტი გამხდარიყო, მაგრამ [მოტაცების] შემდეგ არანაირი ოცნება აღარ დარჩა. უკვე დიასახლისია“, დასძენს ის.
ჟანნას, „განძის“ სხვა ავტორების მსგავსად, ჟანნას სჯერა, რომ ახალგაზრდებს განსაკუთრებული ძალა აქვთ, შეცვალონ მათ ირგვლივ ფესვგადგმული მავნე პრაქტიკები და ეს ერთად და ერთმანეთისთვის გააკეთონ.
კომიქსი „უჩინარი“
პირველივე გვერდის წაკითხვის მომენტიდან მჯეროდა, რომ ნინი ჩემი მეგობარია. ნინი შეიძლება ჩემი ანარეკლიც არის, ან თუნდაც ყველა ის მოზარდი, რომელიც ქუჩაში მხვდება“, ამბობს 16 წლის ნატალია ჩიტიაშვილი კომიქს „უჩინარის“ შესახებ.
იმისათვის, რომ რეალურ ცვლილებებს მისცეს ბიძგი, UNFPA, პარტნიორებთან ერთად, ცდილობს შექმნას ისეთი პროდუქტები, რაც ადრეული ასაკიდან შთააგონებს გოგოებსა და ბიჭებს, რომ ისინი უნიკალურები არიან, რომ მათ აქვთ საკმარისი ძალა და უნარი, გადალახონ მათ წინაშე აღმართული სტერეოტიპები, ებრძოლონ მითებს და ეძებონ ჰარმონია თანასწორობაში.
2022 წელს, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ინიციატივით, გამომცემლობა „პალიტრა L”- თან თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი კომიქსი „უჩინარი“ ამ მიზანს ემსახურება.
მისმა ავტორებმა, თათია ნადარეიშვილმა, მართა ურუშაძემ და მიხეილ ციხელაშვილმა შექმნეს ამბავი გოგოზე, რომელიც სირთულეებს არ უშინდება და თითქოს პატარა, უმნიშვნელო ნაბიჯებით ცდილობს უთანასწორო გარემოს უკეთესობისკენ შეცვლას. ეს ამბავი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სამყაროში არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც მეგობრობა, სიყვარული და სამართლიანობა ვერ გადალახავს.
"უჩინარი“ ისეთი ფარული მესიჯებითაა სავსე, რომელსაც მოზარდები იშვიათად ხედავენ წიგნებში და ისეთ თემებს ვხვდებით, რომელზეც საჯაროდ რაც შეიძლება მეტი უნდა ვისაუბროთ,“ ამბობს ნატალია, რომელიც ერთ-ერთი პირველია, ვინც კომიქსი გასულ წელსვე წაიკითხა.
მისი აზრით, კომიქსის მთავარი პერსონაჟი, 14 წლის ნინი, „ყველა იმ თინეიჯერი გოგოს სახეა, რომელიც საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას თუ თვითრეალიზაციას იწყებს.“
კომიქსი ნაწილია კამპანიისა „ნუ განასხვავებ, გოგოც და ბიჭიც შენი მომავალია“, რომლის ფარგლებშიც გაეროს მოსახელეობის ფონდი (UNFPA) შეახსენებს ყველას, რომ გოგოც და ბიჭიც თანაბრად ღირებული და ძვირფასია თავიანთი ოჯახებისთვის, თემისა და ქვეყნისთვის.