Go Back Go Back
Go Back Go Back

UNFPA-ს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და „ლოკომოტივს“ შორის თანამშრომლობა გრძელდება

UNFPA-ს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და „ლოკომოტივს“ შორის თანამშრომლობა გრძელდება

News

UNFPA-ს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და „ლოკომოტივს“ შორის თანამშრომლობა გრძელდება

calendar_today 26 June 2020

ლევან კობიაშვილი, ლელა ბაქრაძე, გიორგი ყიფიანი, ფოტო: გელა ბედიანაშვილი / UNFPA

2020 წლის 26 ივნისს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და თბილისის „ლოკომოტივის“ ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა. ორგანიზაციებს შორის პირველი მემორანდუმი 2018 წელს გაფორმდა. სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე მემორანდუმის განახლება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც UNFPA-ს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და საფეხბურთო კლუბ „თბილისის ლოკომოტივს“ შორის უკვე მრავალი წელია, არსებობს. 

მემორანდუმის თანახმად, ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის „ლოკომოტივის“ ხელშეწყობით, ფეხბურთელები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ UNFPA-ს ისეთ აქტივობებში, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანაწორობის იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცების ჩართულობის გაზრდას კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში. 

თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს ფეხბურთში გოგონების ჩართულობის წახალისებას, სპორტში თანასწორობის დამკვიდრების ხელშეწყობას და მოზარდი გოგონებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. ასევე, მწვრთნელებისთვის, მსაჯებისა და მოთამაშეებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას UNFPA-ს მიერ დანერგილი და აპრობირებული მეთოდოლოგიების გამოყენებით, მათი გენდერული სენსიტიურობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების გზით.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და თბილისის „ლოკომოტივთან“ თანამშრომლობა გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, კიდევ უფრო გააძლიეროს მუშაობა არაერთი პრიორიტეტული მიმართულებით,“ - აღნიშნა UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ - “ფეხბურთი კვლავაც რჩება სპორტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახეობად საქართველოში, შესაბამისად, ფეხბურთელები როლმოდელებს წარმოადგენენ უამრავი ახალგაზრდისთვის. ვფიქრობთ, რომ მათი ჩართულობა და მხარდაჭერა გენდერული თანასწორობის მისაღწევად, პარტნიორობა და მოკავშირეობა, რომელიც ჩვენს ორგანიზაციებს შორის არსებობს, თავის მნიშვნელოვან როლს ასრულებს უფრო თანასწორი საზოგადოების მშენებლობის პროცესში.“  

„გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად წარმატებით ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვანი სოციალურ პროექტს. ბევრჯერ გვითქვამს, რომ ფეხბურთი დიდი სოციალური მოვლენაა. აღნიშნული თანამშრომლობა კი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ერთობლივი ძალებით ხელი შევუწყოთ გოგონების და ბიჭების თანაბარ ჩართულობას ფეხბურთში, გოგონების ფეხბურთის პოპულარიზაციას და კაცების ჩართულობის ზრდას გენდერული თანასწორობის მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“, განაცხადა ლევან კობიაშვილმა. 

გიორგი ყიფიანის თქმით, „საფეხბურთო კლუბი თბილისის "ლოკომოტივი" მზადაა, რომ კვლავაც აქტიურად გააგრძელოს გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა და ფეხბურთში გოგონების მონაწილეობის წახალისება. "ლოკომოტივის" აკადემიაში მოზარდი გოგონები და ბიჭები, გარკვეულ ასაკამდე, ერთად ვარჯიშობენ, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის იმისა, რომ ისინი სტერეოტიპებისგან თავისუფალ ადამიანებად გაიზრდებიან და თანასწორნი იქნებიან ცხოვრებაშიც და მოედანზეც.“ 

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის „ლოკომოტივის“ თანამშრომლობამ არაერთ საინტერესო ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი. 2017 წლიდან ერთობლივი ძალისხმევით ტარდება უკვე ტრადიციად ქცეული „მამების თასი“. UNFPA-სთან თანამშრომლობით, 2018 წელს, საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში, ლევან კობიაშვილმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარადგინა კამპანია „კაცები ზრუნავენ,“ ხოლო 2019 წელს გიორგი ყიფიანი, როგორც საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრი, სიტყვით გამოვიდა ნაირობის სამიტზე. 2018 წლიდან ფედერაციისა და კლუბის ხელმძღვანელები, ფეხბურთელებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ UNFPA-ს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და კამპანიებში.