Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

UNFPA-სა და ჟორდანიას კლინიკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

UNFPA-სა და ჟორდანიას კლინიკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

News

UNFPA-სა და ჟორდანიას კლინიკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

calendar_today 13 December 2023

Logos of Zhordania Clinic and UNFPA on a white background
2024 წლიდან ჟორდანიას კლინიკა „მამების სკოლის“ პარტნიორი ხდება

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და ჟორდანიას კლინიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მხარდაჭერით ხორციელდება, 2024 წლიდან ჟორდანიას კლინიკა „მამების სკოლას“ უმასპინძლებს. თანამშრომლობა ხორციელდება UNFPA-ის პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ვიზრუნოთ ერთად“, რომელიც „მამების სკოლის“ პროგრამის კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი. 

“მამების სკოლის“ მიზანია, ხელი შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომელიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. “მამების სკოლის” პროგრამა ასევე დაეხმარება კაცებს, მეტი გაიგონ გენდერული თანასწორობის და იმ სტერეოტიპების და საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც რეალური თანასწორობის მიღწევას აფერხებს. 

სკოლის სამიზნე აუდიტორიას ის კაცები წარმოადგენენ, ვინც ახლო მომავალში გეგმავს მამობას, ამჟამად ელოდება შვილის დაბადებას, ან სამ წლამდე ბავშვის მამაა. სკოლაში სწავლა უფასოა და დაინტერესებული მამები მონაწილეობას ონლაინ რეგისტრაციის საშუალებით შეძლებენ.

„მამების სკოლა“ რვა ძირითადად სესიას მოიცავს. თითოეული სესიის ხანგრძლივობა ორი საათია. საგანგებოდ შემუშავებული მოდულის საშუალებით, მამები მიიღებენ ცოდნასა და ინფორმაციას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:

•    როგორ შევარჩოთ შვილის ყოლისთვის სასურველი დრო;
•    როგორ დავუჭიროთ მხარი პარტნიორს ორსულობისა და მშობიარობის დროს;
•    როგორ გავინაწილოთ საოჯახო შრომა;
•    როგორ ავარჩიოთ ბავშვის აღზრდის მეთოდები;
•    როგორ დავიცვათ შვილი ძალადობისგან;
•    როგორ შევინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში;
•    რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორი პარტნიორობა.

ასევე, „მამების სკოლის“ ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პროფესიონალებთან, რომლებიც ბავშვის აღზრდის პროცესში აქტიურად არიან ჩართული. 

შვილებზე ზრუნვასა და აღზრდაში მამების აქტიური ჩართულობის სარგებელი არაერთი კვლევითაა დამტკიცებული - ამ დროს ბავშვები გაცილებით ბედნიერები არიან, გამოირჩევიან ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობით, მაღალი აკადემიური მიღწევებით, უკეთესი სოციალური უნარებით, მაღალი თვითშეფასებით, ნაკლები ქცევითი პრობლემებითა და სტრესისადმი გაზრდილი მედეგობით.  

UNFPA-ის ინიციატივით, საქართველოში პირველად „მამების სკოლა“ 2021 წელს თბილისში, გაგუას კლინიკასთან და ქუთაისში - ქალთა ჯანმრთელობის ცენტრ „ჰერასთან“ თანამშრომლობით გაიხსნა პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.