Go Back Go Back
Go Back Go Back

UNFPA-მ შშმ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ახალი კვლევა წარმოადგინა

UNFPA-მ შშმ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ახალი კვლევა წარმოადგინა

News

UNFPA-მ შშმ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ახალი კვლევა წარმოადგინა

calendar_today 04 December 2020

ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი / UNFPA Georgia

2020 წლის 4 დეკემბერს, 12:30 საათზე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა კვლევის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების და გოგონების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკანონმდებლო ანალიზი, სახელმწიფო პროგრამების მიმოხილვა და რეკომენდაციები, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან მიმართებაში" ონლაინ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაში მონაწილეობი მიიღეს გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, მკვლევარებმა - ნინო მირზიკაშვილმა და ლიკა ჯალაღანიამ, აქტივისტმა ოლგა კალინამ და UNFPA-ს პროგრამის მენეჯერმა ნინო ოდიშარიამ. 
„გუშინ, 3 დეკემბერს, მსოფლიომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნა. მოხარული ვართ, რომ დღეს ჩვენ გადავდგამთ ქმედით ნაბიჯებს საქართველოში იმისთვის, რომ შშმ ქალებს და გოგონებს ხელი მიუწვდებოდეთ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე, რომ მათი უფლებები იყოს დაცული და თითოეულმა მათგანმა სრულფასოვანი, ღირსეული ცხოვრებით იცხოვროს. ამისთვის ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც სახელმწიფოსთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან და აქტივისტებთან, რადგან ვთვლით, რომ სწორედ ერთობლივი ძალისხმევა მიგვიყვანს სასურველ, უფრო თანასწორ და ინკლუზიურ საზოგადოებამდე,“ - განაცხადა UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ. 
გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა უზრუნველყოფა და უფლებების ადვოკატირება მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოადგენდს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს. იმისათვის, რომ მოხდეს სტიგმის შემცირება, დაინერგოს შესაბამისი მომსახურებები და შშმ ქალებმა და გოგონებმა ისარგებლონ სხვებთან თანაბარ პირობებში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებით, უმნიშვნელოვანესია კანონმდებლობის და პოლიტიკის დოკუმენტების ჰარმონიზაცია შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან. შესაბამისად, UNFPA-ს ძალისხმევით გაანალიზდა და შეფასდა საკანონმდებლო ბაზა და პოლიტიკის დოკუმენტები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და რეპროდუქციულ უფლებებთან დაკავშირებით, შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში.
ღონისძიებაზე წარდგენილი დოკუმენტი, ერთის მხრივ, დაეხმარება საკანონმდებლო ორგანოს და აღმასრულებელ ხელისუფლებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს საკანონმდებლო ბაზა და პოლიტიკის დოკუმენტები და ასევე, მხარი დაუჭიროს მგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, რაც მყარ საფუძველს ჩაუყრის შესაბამისი მომსახურებების განვითარებას და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვას საქართველოში, ხოლო მეორეს მხრივ, ეს დოკუმენტი დაეხმარება არასამთავრობო სექტორს და თემის წარმომადგენლებს, ადვოკატირება გაუწიონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს.
კვლევა განხორციელდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით და მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის (SDG Fund) მხარდაჭერით, გაერთიანებული ერების ერთობლივი პროგრამის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.