ყოველ ორ წუთში, მსოფლიოში ერთი ქალი ეწირება მშობიარობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლის ბოლოსთვის, დამატებით 287 000 ქალმა შეიძლება გაიზიაროს ეს ტრაგიკული ბედი.
ამგვარი სიკვდილის შემთხვევათა უმეტესობის თავიდან აცილება შესაძლებელია. ამგვარი შემთხვევები არ არის გარდაუვალი და მათ ძირითად მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ქალები და გოგოები ჯანდაცვის სისტემების ზრუნვის მიღმა რჩებიან.
ქალები მშობიარობისას იღუპებიან, რადგან ძალიან ბევრ მათგანს შეზღუდული აქვს წვდომა ჯანდაცვის მომსახურებებზე, გეორგრაფიული თუ ფინანსური ფაქტორების გამო, ან მომსახურება, რომელსაც მათ სთავაზობენ, არასათანადო ხარისხისაა.
ქალები, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას ცდილობენ, მსგავს დაბრკოლებებს აწყდებიან. დაახლოებით 257 მილიონი ქალისთვის, რომლებსაც სურთ თავიდან აირიდონ არასასურველი ორსულობა, კონტრაცეფციის უსაფრთხო და თანამედროვე მეთოდები არ არის ხელმისაწვდომი.
წელს, აღვნიშნავთ რა ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, დროა შევუერთდეთ მსოფლიო მოწოდებას, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: „ჯანმრთელობა ყველასათვის!“.
ათწლეულების მანძილზე, მსოფლიო მასშტაბით, ჯანდაცვის ბევრმა სისტემამ მიაღწია პროგრესს, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ამ ძალისხმევის ერთ-ერთი წამყვანი მხარდამჭერი იყო და არის. მხოლოდ 2021 წელს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ უზრუნველყოფილმა კონტრაცეფციის საშუალებებმა თავიდან აგვაცილა დედათა სიკვდილიანობის 39 000 შემთხვევა - რამაც ხელი შეუწყო, მსოფლიო მასშტაბით, მშობიარობისას გარდაცვლილი ქალების რაოდენობის ხანგრძლივ და სტაბილურ შემცირებას.
დღეს, ჩვენდა სავალალოდ, გლობალური პროგრესის შეჩერების მომსწრენი ვხდებით. მსოფლიოში არის ადგილები, სადაც დედების სიკვდილიანობის მაჩვენებელი არათუ კლებას, არამედ ზრდასაც კი განიცდის.
ამგვარი ტენდენციის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ დღესდღეისობით, განსაკუთრებით ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე, მიღებულია გადაწყვეტილებები სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული აუცილებელი და სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურებათა პრიორიტეტულობისა და ამ მიმართულებით გამოყოფილი სახსრების შემცირების შესახებ.
ამგვარი გადაწყვეტილებების საფუძველს ხშირად წარმოადგენს გენდერული დისკრიმინაცია, რაც განაპირობებს იმას, რომ ქალებისა და გოგოების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, სხვა მიზნებთან შედარებით, ნაკლებმნიშვნელოვნად მიიჩნევა.
მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის ფარგლებში, მსოფლიო მასშტაბით ბევრმა ქვეყანამ აიღო ვალდებულება, ჯანდაცვის მომსახურებებით საყოველთაო დაფარვისა და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
მიუხედავად ამისა, ქვეყნების უმეტესობაში, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტები არ მოიცავს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ აუცილებელ ინტერვენციას, მათ შორის რეპროდუქციული სისტემის ორგანოთა კიბოს პრევენციისა და მკურნალობის ზომებსა და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციასა და ამგვარ შემთხვევებზე რეაგირებასთან დაკავშირებულ ზომებს.
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), მსოფლიო მასშტაბით, მხარს უჭერს ჯანდაცვის სისტემების მიერ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით ხარისხიანი მომსახურებების მიწოდების, ამგვარ მომსახურებათა საყოველთაო ხელმისაწვდომობის, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირეის, მოცვის უზრუნველყოფას.
სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში ინვესტიცია არსებითია მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად და ისეთი მსოფლიოს შესაქმნელად, სადაც ყველა ქალს, გოგონას და ახალგაზრდას ეძლევა საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზაციის შესაძლებლობა.
ამგვარი ინვესტიციები არა მხოლოდ სიცოცხლის გადარჩენასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება, არამედ ეკონომიკური სარგებლის მომტანიც არის: გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) გაანგარიშებით, 2030 წლისთვის დედათა სიკვდილიანობის თავიდან აცილებისა და ოჯახის დაგეგმვის დაუკმაყოფილებელი საჭიროების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად გახორციელებული ერთი დოლარის ინვესტიცია, 8,40 დოლარამდე ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს 2050 წლისთვის.
და დღეს, ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, მოდით, დავდოთ პირობა, რომ დავიცვათ ყველა ადამიანის უფლება ჯანმრთელობის უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით. მოდით, ერთობლივი ძალისხმევით შევეცადოთ გავაფართოვოთ წვდომა მომსახურებებზე, რომლებიც სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებისა და არჩევანის თავისუფლების უზრუნველყოფას ემსახურება, რადგან სწორედ ეს არის უფრო თანაბარი, აყვავებული და მდგრადი მომავლისკენ მიმავალი გზა.