Go Back Go Back
Go Back Go Back

UNFPA-ის აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის მიერ 2023 წლის მსოფლიო მოსახლეობის დღესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება

UNFPA-ის აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის მიერ 2023 წლის მსოფლიო მოსახლეობის დღესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება

Statement

UNFPA-ის აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის მიერ 2023 წლის მსოფლიო მოსახლეობის დღესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება

calendar_today 11 July 2023

A bunch of women with digital vizualization
Cecilie Waagner Falkenstrøm, ARTificial Mind

წარმოიდგინეთ მსოფლიო, სადაც ყველას - 8 მილიარდ ჩვენგანს - წინ პერსპექტივებითა და შესაძლებლობებით სავსე მომავალი ელოდება. ახლა კი თვალი გავუსწოროთ არსებულ რეალობას - 4 მილიარდი ქალი და გოგო - კაცობრიობის ნახევარი - დისკრიმინაციის მსხვერპლს წარმოადგენს, მხოლოდ მათი სქესის საფუძველზე.

ოცდაათი წლის წინ, მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე (ICPD), ჩვენ დავისახეთ მიზნად შეგვექმნა მსოფლიო, სადაც ადამიანები იცხოვრებდნენ უფრო ხანგრძლივად, იქნებოდნენ უფრო ჯანმრთელი და ისარგებლებდნენ მეტი უფლებებითა და არჩევანით, ვიდრე ოდესმე. ეს ხედვა ბევრისთვის რეალობად იქცა; ფაქტობრივად, მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობამ ყველა რეკორდს გადააჭარბა, დიდწილად, ჯანდაცვის გაუმჯობესებისა და სიცოცხლის გაზრდილი ხანგრძლივობის წყალობით. მიუხედავად ამისა, აღვნიშნავთ რა მიღწეულ პროგრესს, ჩვენ ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს მილიონობით, ან თუნდაც მილიარდობით, ადამიანი, ვისთვისაც ეს დაპირება შეუსრულებელი რჩება.

მსოფლიო მოსახლეობის დღე ყველა ჩვენგანისათვის არის შეხსენება იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია წარმატებული, მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის შენება, რაც მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) მიზანს წარმოადგენდა და მდგრადი განვითარებისთვის 2030 წლის დღის წესრიგით არის გათვალისწინებული, ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები ყველა ადამიანის ძალისხმევითა და ყვალა მათგანის პოტენციალის გამოყენებით. როდესაც ქალებისა და გოგოების პოტენციალს გზას ვუხსნით და რეალიზების საშუალებას ვაძლევთ - ვახალისებთ და ხელს ვუწყობთ მათ იმ სურვილების ასრულებაში, რომლებიც მათ საკუთარ ცხოვრებასთან, ოჯახებსა და კარიერასთან დაკავშირებით გააჩნიათ - ამით მთელი ჩვენი ლიდერობის, იდეების, ინოვაციებისა და შემოქმედების პოტენციალის ნახევარს უკეთესი საზოგადოების შენებისკენ მივმართავთ.

ყველა ადამიანის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების რეალიზება გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, ღირსების დაცვისა და შესაძლებლობების შექმნის საფუძველია. მიუხედავად ამისა, მსოფლიო მასშტაბით, ქალების 40 პროცენტზე მეტი ვერ სარგებლობს უფლებით, მიიღოს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორიც ბავშვის გაჩენაა. ქალებისა და გოგოების გაძლიერება, მათ შორის, განათლების შესაძლებლობების გაფართოებისა და კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით, გვეხმარება, ხელი შევუწყოთ მათ, საკუთარი მისწრაფებების რეალიზებასა და საკუთარი ცხოვრების დაგეგმვაში.

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა მოსახლეობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის გადაჭრის გზას წარმოადგენს. საზოგადოებებისთვის, რომლებიც მოსახლეობის დაბერებისა და შრომის ნაყოფიერების გამოწვევების წინაშე დგანან, სამუშაო ძალაში გენდერული თანასწორობის მიღწევა ყველაზე ეფექტური გზაა წარმოების მოცულობისა და შემოსავლების ზრდის უზრუნველსაყოფად. ამავდროულად, იმ ქვეყნებში, რომლებშიც მოსახლეობის სწრაფი ზრდა ფიქსირდება, ქალთა გაძლიერება, მათთვის განათლების შესაძლებლობების გაფართოებითა და ოჯახის დაგეგმვის გზით, შეიძლება უზარმაზარი სარგებლის მომტანი აღმოჩნდეს, ადამიანური კაპიტალისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის გზით.

ოცდაათი წლის წინ, მსოფლიო გაერთიანდა მომავლის საერთო ხედვის გარშემო, რომელიც გლობალურ განვითარებაში ქალებისა და გოგოების უფლებების გადამწყვეტ მნიშვნელობას აღიარებდა. გამოსავალი ნათელია: გენდერული თანასწორობის მიღწევის დაჩქარებით - სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ხელმისაწვდომობის, განათლების გაუმჯობესებული შესაძლებლობების, სათანადო შრომითი პოლიტიკისა და სამუშაო გარემოსა და ოჯახში თანასწორი ნორმების უზრუნველყოფით - უფრო ჯანსაღ ოჯახებს, ძლიერ ეკონომიკასა და მდგრად საზოგადოებებს მივიღებთ.

გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული გზავნილი დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანი და აქტუალურია, როგორც ოცდათი წლის წინ იყო; ჩვენი გადაწყვეტილებაც ისეთივე მტკიცე უნდა იყოს, როგორც მაშინ. მოდით, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ, რათა შევქმნათ მსოფლიო, სადაც თითოეულ ჩვენგანს წარმატების თანაბარი შესაძლებლობა მიეცემა, და კიდევ ერთხელ მოვიკრიბოთ ძალები, რათა რეალობად ვაქციოთ სამყარო, სადაც რეალური სიმდიდრე ყველა ერისა - განურჩევლად მათი რაოდენობისა და განვითარების ეტაპისა - მისი ხალხი იქნება, რაც ნიშნავს ყველა ადამიანს და არა მოსახლეობის ნახევარს.
 
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) დგას 8 მილიარდი ადამიანის გვერდით, რათა მათ შეძლონ საკუთარი უფლებებით სარგებლობა და საკუთარი არჩევანის გაკეთება. რადგან ეს არის ის ერთადერთი გზა, რომელიც მიგვიყვანს ჩვენს სასურველ მომავალთან, სადაც ყველა ადამიანი თანასწორია და ყველა ადამიანის კეთილდღეობა უზრუნველყოფილი.