რამდენიმე წლის წინ, ჩემმა შვილმა გადაწყვიტა, რომ ფეხბურთის თამაში დაეწყო და სკოლის საფეხბურთო გუნდში მოისურვა შესვლა, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, სკოლის მასწავლებელმა დაუშალა ეს, რადგანაც გოგოა,“ ამბობს ნიკა ჯღარკავა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ვიცე პრეზიდენტი.
სწორედ აქ მივხვდი, თუ რამდენად საყურადღებო მდგომარეობა იყო ზოგადად ქვეყანაში ქალთა სპორტის ირგვლივ და აქედან დაიწყო ჩემი დაინტერესება ქალთა ფეხბურთით,“ დასძენს ის.
არსებულ სოციალურ ნორმებთან და სტერეოტიპებთან გასამკლავებლად, სპორტში ქალების როლის გაძლიერების მიზნით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2018 წლიდან ერთობლივ ინიციატივებს ახორციელებენ.
თანამშრომლობის ფარგლებში, ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს სწორედ ფეხბურთში მოზარდი გოგოების ჩართულობის გაზრდა და ამ გზით - საქართველოში გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა წარმოადგენს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის. ეს არის პარტნიორობა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, უფრო მეტ მოზარდთან, მშობელთან, ოჯახთან მივიტანოთ უმნიშვნელოვანესი გზავნილები რეალური გენდერული თანასწორობის და გოგოების გაძლიერების მნიშვნელობის შესახებ. მოხარული ვართ, რომ წლიდან წლამდე ჩვენი თანამშრომლობა ფართოვდება და კიდევ უფრო მეტად ხდება შედეგზე ორიენტირებული,“ ამბობს ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.
UNFPA-სა და სფფ-ს თანამშრომლობის ნაწილია ტრენინგების სერია გენდერული თანასწორობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, ქალთა ლიგებში მონაწილე საფეხბურთო კლუბების, ქალთა სანაკრებო გუნდების მწვრთნელების, სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალის, საქართველოს ჩემპიონატის ქალი მსაჯებისა და სფფ-ის პროექტ „WePlayStrong საქართველო“-ში ჩართული მწვრთნელებისთვის.
ქეთი ყიფიანი 2015 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ქალთა ფეხბურთის მიმართულების მენეჯერია. მისი თქმით, ფედერაციისთვის ქალთა ფეხბურთის განვითარება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, თუმცა ამ გზაზე ფედერაციას არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწია.
ჩემი აზრით, ფეხბურთი არის სოციალური მოვლენა და ასახავს იმ მდგომარეობას, რაც არის საზოგადოებაში. საქართველოში, საზოგადოება უფრო მასკულინურია და ფეხბურთიც თავისთავად მასკულინურ სპორტად ითვლება, შესაბამისად ქალების ინტეგრაცია წლების განმავლობაში წარმოადგენდა სირთულეს.“
ის მიიჩნევს, რომ „გარდა იმ საბაზისო ცოდნისა, რაც აუცილებელია ქალთა გუნდის ყველა მწვრთნელისთვის, ტრენინგები გრძელვადიან შედეგსაც გამოიღებს - მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ცნობიერების ამაღლებას და დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ქალთა ფეხბურთის შესახებ.“
ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური ნორმების ფონზე, საქართველოში ფეხბურთი ფართო საზოგადოების მხრიდან დღემდე სპორტის მასკულინურ სახეობად აღიქმება, რის გამოც, ქალებსა და გოგოებს შეზღუდული აქვთ შესაძლებლობა, სრულფასოვნად ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში, თავიანთი პოტენციალი გამოავლინონ ამ სფეროში და ის სასურველ პროფესიად აქციონ.
UNFPA-სა და სფფ-ს კი სურთ, რომ ფეხბურთი გაცდეს ბიჭების ინტერესის სფეროს და გოგოებსაც თავისუფლად მიეცეთ ასპარეზი. სწორედ ამიტომ, ტრენინგების სერია, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდის ექსპერტები და სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომას“ ტრენერები უძღვებიან, მოიცავს ყველა ისეთ საკითხს, რაც მოზარდობის ასაკსა და მასთან დაკავშირებულ ცვლილებებს ეხება, მათ შორის, მოზარდ გოგოებთან და ბიჭებთან მუშაობის სპეციფიკას, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებს, გენდერულ თანასწორობასა და სხვა.
ცოტნე მიქავა, ქალთა საფეხბურთო გუნდ „კვარტალის“ მოხალისე ექიმი, ერთ-ერთი პირველია, ვინც წელს UNFPA-სა და სფფ-ს ტრენინგს დაესწრო.
ბევრი საინტერესო რამ გავიგე მოზარდებთან კომუნიკაციის შესახებ უფრო ფსიქოლოგიური კუთხით. გავიგე, თუ რა მეთოდები და მიდგომები შემიძლია გამოვიყენო, როდესაც გოგოებთან მიწევს მუშაობა, რაც აუცილებლად გამიმარტივებს ჩემს ყოველდღიურ საქმიანობას.“
ტრენინგის მონაწილეა ნია წივწივაძეც, რომელიც ქალთა ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობს.
საქართველოში, როდესაც ქალი ხარ და ფეხბურთის სფეროში ხარ ჩართული, ეს უკვე გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი არ ვარ, როდესაც საკუთარ აზრს გამოვხატავდი ხოლმე ფეხბურთთან დაკავშირებით, ხშირად მომისმენია ისეთი გამოთქმები როგორიცაა: ქალია და რა ესმის, დაწერილს კითხულობ (მაგალითად, გადაცემაში სტუმრობისას) და ასე შემდეგ.“
მისთვის მთავარი გამოწვევა სწორედ ის სტერეოტიპული დამოკიდებულებაა, რაც საზოგადოებას ჯერ კიდევ აქვს ქალთა ფეხბურთისა და ზოგადად, სპორტში ჩართული ქალებისადმი.
გორის მუნიციპალიტეტის ქალთა საფეხბურთო გუნდის (რომლის შემადგენლობაშია 30 ზრდასრული და 120-ზე მეტი მოზარდი გოგო გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან) მწვრთნელი რიჩარდ ოლუმოივა ოკეოვო ოიებადე მიიჩნევს, რომ „ქუჩაში უბრალოდ გამვლელ ბიჭებს რომ დაუძახო ფეხბურთის სათამაშოდ, შესაძლოა, მთლიანი გუნდი მოაგროვო მარტივად, თუმცა, გოგოების შემთხვევაში, ეს ასე არ არის.“
გოგოებს უწევთ დაბრკოლებების გადალახვა, რომელიც მოდის ოჯახისგან, მეგობრებისგან, ნათესავებისგან და ზოგადად, საზოგადოებისგან, რადგან მათგან ნაკლებად მოელიან ფეხბურთით დაინტერსებას,“ ამბობს ის.
2018 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მჭიდრო პარტნიორობას განაგრძობენ იმისთვის, რომ ეტაპობრივად დაიმსხვრეს მითები და სტერეოტიპები ფეხბურთში გოგოების ჩართულობის შესახებ, მეტმა გოგომ გადაინაცვლოს მაყურებელთა სკამებიდან სათამაშო მოედნებზე და თავისი წვლილი შეიტანოს ფეხბურთის განვითარებაში.
ტრენინგების სერია იმართება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ.