გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ნატალია კანემის განცხადება შიდსის მსოფლიო დღეს, 2020 წლის 1 დეკემბერს
შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, როდესაც ჩვენ აივ-დადებითი და აივ-ინფექციასთან დაკავშირებული ადამიანების მხარდასაჭერად ვერთიანდებით, მოდით, გავიხსენოთ ყველა, ვინც შიდსით გარდაიცვალა და ასევე ისინიც, ვინც მათ დაკარგვას გლოვობს.
ახლა, როცა მსოფლიო უკვე სხვა ვირუსს, კოვიდ-19-ს ებრძვის, აივ ინფექცია დავიწყებას არ უნდა მიეცეს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ვირუსი ერთმანეთისგან ბევრი ნიშან-თვისებით განსხვავდება, მათ მსგავსებაც ახასიათებთ: ორივე მათგანი მოწყვლადობას განაპირობებს, რაც კოვიდ-19-ის ფონზე შეიძლება კიდევ უფრო გამძაფრდეს, რადგანაც ის უფრო ადვილად ვრცელდება მარგინალურ ჯგუფებში, სადაც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი სერვისებზე, ინფორმაციასა თუ დამცავ აღჭურვილობაზე.
ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ აუცილებელი დაცვა და ზრუნვა ყველაზე ნაკლებად სწორედ იმ ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი, ვინც ინფექციის და დაავადების ყველაზე მაღალი რისკის წინაშე დგას.
გლობალურ დონეზე, აივ ინფექციის ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი ისეთ რისკის ქვეშ მყოფ პოპულაციებზე მოდის, როგორიცაა სექსმუშაკები და მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან, ასევე მათი პარტნიორები. თუმცა, აივ პროგრამების მთლიანი დაფინანსების მხოლოდ მცირე ნაწილი არის მათზე მიმართული.
ეს შოკისმომგვრელი ნაპრალია, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე ზეწოლის გამო, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება.
თანდათან გროვდება მტკიცებულებები, რომ აივ-ინფექციის მქონე ადამიანები უფრო მეტად შეიძლება დადგნენ კოვიდ-19-ით ინფიცირების და მისგან გამოწვეული სიკვდილის რისკის წინაშე. ბევრი უწყვეტი ძალისხმევა ხორციელდება, მათ შორის, ვირტუალური კომუნიკაციის მეშვეობით, სამიზნე პოპულაციებისთვის სიცოცხლის გადარჩენაზე მიმართული სერვისების შესანარჩუნებლად, თუმცა, მათი ოდენობა საკმარისი არ არის.
ჩვენ უნდა დავანგრიოთ სტიგმა, დისკრიმინაცია და მარგინალიზაცია, რომელსაც რისკის ქვეშ მყოფი პოპულაცია აივ-ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში აწყდება. მათ საკუთარი თავის დაცვის და ზრუნვის იგივე უფლება აქვთ ისევე, როგორც ყველა სხვა ადამიანს.
„მდგრადი განვითარების მიზნების“ შემუშავებით, მსოფლიომ ვალდებულება აიღო, რომ საყოველთაო ჯანდაცვა მთელი მოსახლეობისთვის იქნებოდა უზრუნველყოფილი. მოდით, გლობალური ვალდებულება მოქმედებად გარდავქმნათ, რათა არავინ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა.
ვირუსს შეუძლია შეგვახსენოს, რომ არც ერთი ადამიანი, ცალკე აღებული, დაცული არ იქნება მანამდე, ვიდრე ყველას დაცვას არ უზრუნველვყოფთ. არც ლოდინის დრო აღარ გვაქვს. სწორედ ახლაა შესაფერისი დრო, როცა სამართლიანად ხელმისაწვდომ ჯანდაცვის სერვისებში ინვესტიცია უნდა ჩავდოთ და ადამიანის უფლებები დავიცვათ.