Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

COVID-19 და ვაქცინაცია: წამახალისებელი და შემაფერხებელი ფაქტორები ახალგაზრდებს შორის - UNFPA-მ ახალი კვლევის შედეგები წარადგინა

COVID-19 და ვაქცინაცია: წამახალისებელი და შემაფერხებელი ფაქტორები ახალგაზრდებს შორის - UNFPA-მ ახალი კვლევის შედეგები წარადგინა

Press Release

COVID-19 და ვაქცინაცია: წამახალისებელი და შემაფერხებელი ფაქტორები ახალგაზრდებს შორის - UNFPA-მ ახალი კვლევის შედეგები წარადგინა

calendar_today 29 March 2022

COVID-19 და ვაქცინაცია: წამახალისებელი და შემაფერხებელი ფაქტორები ახალგაზრდებს შორის“ პრეზენტაცია
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, გაიმართა კვლევის „COVID-19 და ვაქცინაცია: წამახალისებელი და შემაფერხებელი ფაქტორები ახალგაზრდებს შორის“ პრეზენტაცია. ღონისძიება გახსნა UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.

კვლევა წარადგინეს: ექიმმა-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნის და რეაგირების სამმართველოს უფროსმა  ანა კასრაძემ, ამავე ცენტრის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა მარინა თოფურიძემ, ქცევითი მეცნიერების ექსპერტმა ქეთევან გომელაურმა და UNFPA-ს პროგრამის ანალიტიკოსმა ნატალია ზაქარეიშვილმა. 

კვლევა ჩატარდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით და საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს ხუთ რეგიონში: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და თბილისი. დოკუმენტის მიზანია შეისწავლოს და გაანალიზოს COVID-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული გამოწვევები, ბარიერები და წამახალისებელი ფაქტორები. კვლევის ფარგლებში შეფასდა ფაქტორები, რომლებიც 18-29 წლის ახალგაზრდებს უბიძგებს COVID-19-ის ვაქცინით აცრისა ან მასზე უარის თქმისკენ; ამასთან, გამოვლინდა ის ასპექტებიც, რომლებიც გავლენას ახდენს მათი დამოკიდებულებებისა და წარმოდგენების ფორმირებაზე ვაქცინაციის მიმართ და, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებაზეც.

გამოვლენილ შემაფერხებელ ფაქტორებს შორისაა:

ვაქცინაციასთან დაკავშირებული მითები - შეთქმულების თეორიებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესზე ახალგაზრდებში.  აღსანიშნავია, რომ გავლენას ახდენს არა მხოლოდ ვაქცინებთან, არამედ უშუალოდ ვირუსთან დაკავშირებული მითებიც. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი, რომ ვაქცინაციამ შეიძლება გავლენა იქონიოს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ეჭვებს აღძრავს რეპროდუქციული ასაკის ქალებსა და კაცებში. 

უსაფრთხოების საკითხი - ვაქცინების უსაფრთხოება და ეფექტიანობა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მათ შორის, ვაქცინირებულ საკვლევ პოპულაციაშიც. გამოწვევად რჩება ნდობა ვაქცინების მომწოდებელთა, ასევე, სამედიცინო პერსონალის კომპეტენტურობის მიმართ.

არათანმიმდევრული მიდგომები და ცვალებადი პოლიტიკა - ეს, ერთი მხრივ, უკმაყოფილებას იწვევს ვაქცინირებულ ადამიანებში, რომლებმაც შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ვაქცინაციის განმეორებითობა, მეორე მხრივ კი კიდევ უფრო ამყარებს არავაქცინირებული საკვლევი პოპულაციის უნდობლობას სისტემის მიმართ.

ინფორმაციაზე წვდომა - რაც გამოწვევად რჩება სოფლად მცხოვრებთათვის და ეროვნული უმცირესობებისთვის. ინფორმაციის ნაკლებობა ამ სამიზნე პოპულაციაში მყარ საფუძველს ქმნის მითების გასავრცელებლად.

2022 წლის (იანვრის) მონაცემებით, 18–19 წლის ახალგაზრდების  35 პროცენტი და 20-29 წლის ახალგაზრდების 38 პროცენტია  ორჯერადად აცრილი. საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, ქვეყანაში შენელდა ვაქცინაციის პროცესი, ხოლო ვაქცინის დოზები გამოუყენებელი რჩება, რაც შეშფოთებას იწვევს, რადგან ვერ ხერხდება იმუნიზაციის მიზნების მიღწევა. მასობრივი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვაქცინირებული მოსახლეობის წილის გაზრდა. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ მიმდინარე ზოგადი საკომუნიკაციო ინტერვენციები, ასევე, გამკაცრებული ზომები, გარკვეულწილად გავლენას ახდენს ვაქცინაციის პროცესზე, თუმცა პროგრესი უმნიშვნელოა, მათ შორის, ახალგაზრდებშიც.

კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდებში ვაქცინაციის ხელშემწყობი მიზანმიმართული და ინტეგრირებული საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავებისას, გასათვალისწინებელია როგორც მათი საჭიროებები და შესაძლებლობები, ასევე ინდივიდის სპეციფიკური ქცევის ძირითადი მახასიათებლები.

გაეცანით სრულად კვლევას COVID-19 და ვაქცინაცია: წამახალისებელი და შემაფერხებელი ფაქტორები ახალგაზრდებს შორის.