Go Back Go Back
Go Back Go Back

UNFPA გირჩევთ: 7 წიგნი თანასწორობაზე

UNFPA გირჩევთ: 7 წიგნი თანასწორობაზე

Story

UNFPA გირჩევთ: 7 წიგნი თანასწორობაზე

calendar_today 14 November 2024

Six books by various Georgian publishing houses on a cover page with a title UNFPA suggests
ილუსტრაცია: UNFPA Georgia

ყველა წიგნი თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია ვიდრე სხვები. 

მრავალმა წყალმა ჩაიარა, რაც ლიტერატურა ადამიანთა თანასწორობის ამბავს ყვება, თითქმის პირველივე ტექსტიდან, გილგამეშისა და ენქიდუს, ორი საპირისპირო პოლუსის თანასწორი მეგობრობიდან დაწყებული, თითქმის ბოლომდე, იმ ტექსტებამდე, რომლებიც ახლა იქმნება და კაცმა კი არა, ღმერთმაც არ იცის, მომდევნო წლებს მარტოობაში გაატარებენ თუ თაობებს გაზრდიან. 

მე კი რამდენიმე მათგანზე გეტყვი, განსხვავებულებზე ზომითა და ფორმით, შინაარსითა და ჟანრით, მნიშვნელობითა და აღიარებით.

"ანე ფრანკი"

A book cover for Anna Frank diaries in Georgian
გამომცემლობა "პალიტრა L"

ერთია იმ გოგოს ამბავი, რომელსაც 16 წლის სიცოცხლეც არ დასცალდა და ბოროტების დამარცხებამდე სულ ორიოდე თვით ადრე დაიღუპა. კიდევ ორი თვეც, ანე, და ვინ იცის, იქნებ ახლა, ძლიერ მოხუცებულს, თავად გეამბნა საკუთარი სულისშემძვრელი ამბავი 16 წლის გოგონებისთვის. მაგრამ დღიური, რომელიც შენ დაწერე, იმდენად მეტყველი და ბასრია, თავადაც საკმარისს ამბობს ნაცისტური რეჟიმის სისასტიკეზე, ეთნიკური წმენდის, ჰოლოკოსტისა და მთელი იმდროინდელი ჯოჯოხეთის არსზე. ანე ფრანკის დღიური ცოცხალი ტექსტია, ყველა დროში ცოცხალი, ყველა დროში აქტუალური, რადგან სადაც სიძულვილია, იქ მისგან გაწირული ადამიანებიც არიან, მათ შორის პატარა გოგონებიც, რომლებიც საკუთარ ოთახებსა თუ სხვენებში გამოკეტილები ცდილობენ დაემალონ ჩაგვრას. ბოროტებას კი მრავალი სახე აქვს და ყველა ეპოქაში ცდილობს მიწვდეს მათ, ვისაც ყველაზე კარგად ესმის სიკეთის ფასი.

"მარო"

A book cover for Maro - a story about a Georgian young woman who died in a war against the Russian army
გამომცემლობა "ინტელექტი"

მეორე კი იმ გოგოს ამბავია, ხან ქართველ ანე ფრანკს, ხან კი ქართველ ჟანა დარკს რომ უწოდებენ. გოგოსი, რომელმაც 18 წლისამ სცადა ეტვირთა საკუთარი სამშობლოს სიმძიმე, ყოფილიყო ამაყი მედდა და ტაბახმელასთან დაედო სამუდამო ბინა, სხვა ქართველ გმირებთან ერთად. მარო მაყაშვილი დამოუკიდებლობის სიმბოლოდ იქცა, დროშად, რომლის ქვეშაც სხვა ქართველი გოგონები კვლავაც იბრძვიან ოკუპაციის წინააღმდეგ, 21-ე საუკუნეში კი მისი სახე თანამედროვე ქართველმა მწერალმა, სალომე ბენიძემ გააცოცხლა, პიესად ქცეულ ლიბრეტოში, სახელწოდებით “მარო”. ლიბრეტოს პრემიერა დელფტში შედგა, შემდეგ კი უკვე წიგნად იქცა, რადგან მასში შესული სიმღერები და ამბები იმსახურებენ, რომ ყველა ქართველის გონებასა და სულს მიწვდნენ. პიესაში ხიდი იდება თანამედროვე ქართველ გოგონებსა და მაროს ეპოქას შორის, მაროს დღიურში აღწერილი პერიპეტიები კი პატრიოტული მელოდიკით ივსება და საბოლოო სახეს იღებს, მაროს შესაფერისს, მასავით ცოცხალს.

A book over for Margareth Atwood's Penelopiad with lavender flowers
გამომცემლობა "პალიტრა L"

"პენელოპიადა"

პირველი ტექსტები ვახსენეთ და ეპოქებს შორის ხიდები. ჰოდა, მარგარეტ ეტვუდის “პენელოპიადა” გამახსენდა. როცა ჰომეროსი “ოდისეას” წერდა, სხვა ეპოქა იდგა. როცა ადამიანები ამ ტექსტს კითხულობენ, მაშინაც სხვა ეპოქები იყო. დღეს კი, ეპოქაში, რომელიც ყველაზე მეტად საუბრობს თანასწორობაზე, ვის თუ არა მარგარეტ ეტვუდს ეკუთვნოდა დაესვა კითხვა: და რას ფიქრობდა ამ დროს პენელოპე? და აი, საუკუნეთა შემდეგ, ქალი, რომელიც მხოლოდ ქმრის მომლოდინე როლს სჯერდებოდა, ახლა წინა პლანზე გადმოდის და ყველაფერს მისი თვალთახედვიდან აღვიქვამთ. ოდისევსზე შეყვარებული პენელოპე, პენელოპე ყველაფრის მგრძნობი და დამნახავი, პენელოპე ყველაფრის მომთმენი და დამტევი, პენელოპე, რომელიც საკუთარ ბედს თავადვე ქსოვს და არღვევს. ეს პოსტმოდერნისტული ტექსტი უაღრესად მნიშვნელოვან თემას ეხება და ქალების რაკურსს გვაჩვენებს, რითაც მეტ აქტუალობას სძენს საუკუნეთა სიღრმეში ჩაფლულ ანტიკურ ჰიმნს.

A book cover for Klara and the Sun - a novel by the British writer Kazuo Ishiguro
გამომცემლობა "პალიტრა L"

"კლარა და მზე"

სულ სხვა თანასწორობის ამბავი კი იმ კაცმა დაწერა, რომელმაც ზემოხსენებული მარგარეტ ეტვუდისგან განსხვავებით, დროულად მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში. მისი უუცნაურესობა - კაძუო იშიგურო. “კავშირი “არასოდეს გამიშვა”-ს და “დღის ნარჩენებს” შორის” - ბევრმა კრიტიკოსმა ასე აღწერა იშიგუროს მომავლისეული წიგნი “კლარა და მზე”. სამყაროში სადაც მოზარდებს მეგობარი ანდროიდები ჰყავთ, შეიძლება თუ არა რობოტმა მზესთან იმეგობროს? საერთოდაც, ოცნებობენ ანდროიდები? შეუძლიათ იყვნენ სევდიანები? ეს იგავური რომანია, რომლის მთავარი გმირიც ანდროიდია, თუმცა მკითხველი საკუთარ მარტოობასა და სასოწარკვეთას შეიგრძნობს. და თუ ადამიანი ანდროიდს შექმნის ხატად თვისად, მაშინ მწერლებსაც მოუწევთ დაწერონ ადამიანებისა და ანდროიდების თანასწორობის შესახებ.

A book cover for Persepolis a famous modern comic book written by Marjane Satrapi about the devilments in Iran
სულაკაურის გამომცემლობა

"პერსეპოლისი"

სანამ მომავალი დადგება, აწმყო დგას. სანამ აწმყო დადგებოდა - წარსული იყო. ახლო წარსულში, ახლო აღმოსავლეთში, ჩვენთვის ახლო პრობლემებით დატვირთულ ირანში ჯერ შაჰი გადააგდეს, შემდეგ კი ისლამური რევოლუცია მოხდა და ფერადოვნება ერთბაშად შავად შეიღება. შავია მარჯან სატრაპის კომიქსიც, “პერსეპოლისი”. ეს ნიშანდობლივია, ასე უკეთ გადმოიცემა ის პირქუში რეალობა, რომელიც ავტორს ბავშვობაში საკუთარ სამშობლოში დაუდგა. დედა, მამა, ძია ანუში თუ სხვა ახლობლები დარდობენ, გარბიან, ცდილობენ, მარცხდებიან, ყველაფერს კი ყველაზე უკეთ ხედავს პატარა მარჯანი, რომელიც შემდგომში საფრანგეთში იპოვის ბინას და დახატავს და დაწერს და კიდეც გადაიღებს საკუთარი ბავშვობის ამბავს, ამბავს ავტორიტარიზმსა და სიკეთეზე, ამბავს სისასტიკესა და გადარჩენაზე, ამბავს ირანის სწრაფ სახეცვლილებაზე, რომელიც გაფრთხილებაა სხვებისთვისაც.

A modern Georgian comic book Invisible
გამომცემლობა "პალიტრა L"

"უჩინარი"

რადგან კომიქსი ვახსენეთ, მოდი ქართული კომიქსებიც გავიხსენოთ და ბოლო წლების მონაგარსაც გადავხედოთ, კერძოდ კი “უჩინარს”, რომელიც თათია ნადარეიშვილის ჯადოსნური და მომნუსხველი მხატვრობით ერთი მხრივ ფანტასტიკურ, მეორე მხრივ კი, ყველასათვის ახლობელ ამბავს აცოცხლებს. ამბავს, რომელსაც მართა ურუშაძე და მიხეილ ციხელაშვილი გვიყვებიან და რომელშიც არაერთი გოგონა იპოვის რაღაც საკუთარს. კომიქსის მთავარი გმირი, ნინი, მოზარდია, რომელსაც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ცხოვრება აქვს, ყველა იმ სტერეოტიპისა და სტიგმის ქვეშ, რომელთა ატანაც, როგორც წესი, უწევთ ხოლმე გოგონებს, თუმცა ერთხელაც სამყაროთა შორის პორტალი გაიხსნება და ნინის უცხო მტერთან მოუწევს დაპირისპირება. “უჩინარი” კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ამა თუ იმ სამყაროში ნათელის მხარეს ბრძოლა არაა მარტივი და მასში გამარჯვება მხოლოდ მეგობრობის, სიმამაცის, გამბედაობის და სამართლიანობის დახმარებით მიიღწევა.

"იავნანა ლილისთვის"

Lulluby for Lilly - a book written by Georgian Aleksandre Lortkipanidze
გამომცემლობა "პალიტრა L"

და ბოლოს, აქ ცოტა გავწითლდები და საკუთარ წიგნს შემოვაპარებ. “იავნანა ლილისთვის”. წიგნი დიდებისთვის და პატარებისთვის. წიგნი, რომელიც მშობლებმა შვილებს უნდა წაუკითხონ და მათთან ერთად აცრემლიანდნენ და მათთან ერთად შეიყვარონ თანასწორობის იდეა. პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, სოფო კირთაძის შესანიშნავი ილუსტრაციებია, მეორე კი ის ამბავია, რომელიც ერთ, ჩემთვის საოცნებოდ სამაგალითო ოჯახს გადახდა თავს, როცა უცნაური ვინმე დაიბადა, სახელად ლილი. ლილის უცნაურობა მისი და-ძმისთვის გამოძიების საფუძვლად იქცევა, თუმცა ამ გამოძიებასთან ერთად ისეთ ამბებსაც გავიგებთ, რომლებიც კიდევ უფრო მეტად დაგვანახებს ოჯახში თანასწორობის მნიშვნელობას. ხოლო თუ ოჯახი თანასწორი და სიყვარულით სავსეა, განა რამ უნდა დააფრთხოს მისი იდილია? მართალია, ვერაფერმა. სრულიად ვერაფერმა.

ისე, თქვენ რომელი წიგნები გახსენდებათ, როცა თანასწორობაზე ფიქრობთ?

ავტორი: ალექსანდრე ლორთქიფანიძე

***

მასალა მომზადდა პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. 

მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის შეხედულებებს.

***

ნახეთ ასევე TV პალიტრანიუსის მხარდაჭერით მომზადებული ვიდეო ვერსია: