გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) შორის ხელი მოეწერა პროტოკოლს, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს შშმ ქალების წვდომას საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგზე და, ზოგადად, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე, UNFPA-ის მეოთხე ეროვნული პროგრამის ფარგლებში.
პროტოკოლს ხელი მოაწერეს UNFPA-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარიამ ბანძელაძემ და TIKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორმა ზეინეპ ბაირაკმა.
“UNFPA-სა და TIKA-ს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ არავინ დარჩეს განვითარების პროცესს მიღმა და ყველას ჰქონდეს თანაბარი წვდომა ხარისხიან სერვისებზე. ეს არის შესაძლებლობა, რომ განვახორციელოთ სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი ინიციატივები და მხარი დავუჭიროთ ქალებისა და გოგოების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას საქართველოში” - მარიამ ბანძელაძე.
“TIKA ზრუნავს ქალების გაძლიერებასა და მათთვის საბაზისო ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობაზე, რადგან გვჯერა, რომ ქალების კეთილდღეობა მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობის ფუნდამენტია. ეს პროტოკოლი თურქეთსა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობის დადასტურებაა, რაც ასახავს ჩვენს საერთო ხედვას ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობის შესახებ. ქალების, განსაკუთრებით შშმ ქალების, ჯანმრთელობის დაცვით, გვსურს, წვლილი შევიტანოთ უფრო ნათელი და ჯანსაღი მომავლის შექმნაში. ჩვენთვის პატივია UNFPA-თან თანამშრომლობა ქალების ჯანმრთელობისა და უფლებების გასაუმჯობესებლად" - ზეინეპ ბაირაკი.
საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. საქართველოში საშვილოსნოს კიბოს სკრინინგის პროგრამა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ტექნიკური დახმარებით 2009 წლიდან ამოქმედდა. იმისათვის, რომ კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა შემცირდეს, მოსახლეობის მინიმუმ 70% უნდა იტარებდეს გამოკვლევას.