Go Back Go Back
Go Back Go Back

გაეროს მოსახლეობის ფონდი TEDxTbilisi Youth-ზე

გაეროს მოსახლეობის ფონდი TEDxTbilisi Youth-ზე

News

გაეროს მოსახლეობის ფონდი TEDxTbilisi Youth-ზე

calendar_today 09 October 2024

A young women called Lizi Katamadze, who is wearing black uniform
ფოტო: TEDxTbilisi

წელს პირველად, გაეროს მოსახლეობის ფონდის #UNFPA საქართველოს ოფისი, TEDxTbilisi Youth-ის პარტნიორი გახდა. სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში წარსდგა ახალგაზრდების წინაშე თავისი შთამაგონებელი ტექსტით ფსიქოლოგი და მსახიობი ლიზი ქათამაძე.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მრავალი წელია მუშაობს იმისთვის, რომ მოზარდებს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, ხელი მიუწვდებოდეთ ასაკზე მორგებულ ინფორმაციაზე ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ.

საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ლიზიმ TEDxTbilisi Youth-ზე სწორედ ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა, განსაკუთრებით კი ხაზი გაუსვა მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ასაკზე მორგებული ინფორმაციის გაზიარების საჭიროებას:

„მეშვიდე კლასში რომ ვიყავი, ბუნების მასწავლებელმა პრეზენტაციის გაკეთება დაგვავალა ხეებზე, კლასელებმა გადავინაწილეთ სახეობები და მე წილად მხვდა პალმა. მაშინ კომპიუტერი არ მქონდა ამიტომ ინფორმაციის მოსაძიებლად ინტერნეტ კაფეში წავედი, იქაურობა თინეიჯერი ბიჭებით იყო სავსე, რომლებიც ონლაინ თამაშებით ირთობდნენ თავს. დავჯექი ერთ-ერთ კომპიუტერთან  და რადგან თითქმის არ ვიცოდი ამ მოწყობილობის მართვა, დიდი წვალებით ჩავწერე ინტერნეტში პალმა; ამომიგდო საიტი პალმ.ჯი. თვალები გამიბრწყინდა: ესე მარტივად ვიპოვე ვებგვერდი, სადაც პალმებზე აურაცხელი ინფორმაცია დამხვება-მეთქი; გავხსენი საიტი და დამხვდა უამრავი პორნოგრაფიული ფოტო-ვიდეო. 

A young woman named Lizi Katamadze, who is wearing black suit, is standing on a stage

ზუსტად ვერ ვხვდებოდი რას ვხედავდი, შიშველი ადამიანები, რაღაცნაირად უხეშად მოძრაობდნენ, მახსოვს ძალიან შემრცხვა ისე, რომ მომენტალურად დამავიწყდა ჩემი 1 ლარი, 1 საათისთვის და გამოვქანდი ინტერნეტკაფიდან პალმებზე ინფორმაციის გარეშე. სამაგიეროდ, მქონდა ახალი ინფორმაცია სექსუალური აქტის შესახებ, რომელიც ორ ადამიანს შორის ხდებოდა და რომელიც ძალიან მახინჯი და უხეში იყო ჩემთვის; იმდენად, რომ შემდგომში საერთოდ დამიმახინჯა სქესობრივი აქტის, მოპყრობის, ურთიერთობის აღქმა და ძალიან დიდხანს, იქამდე, სანამ შედარებით სწორი ინგორმაცია არ მივიღე ამის შესახებ, მეგონა, ყველაზე უხეში, არასასიამოვნო და არასასურველი რამ, რაც ორ ადამიანს შორის შეიძლება მომხდარიყო და არასდროს მინდოდა, მეც იგივე გადამხდენოდა ან დამმართნოდა. 

აქედან დაიწყო ჩემი სქესობრივი განათლება და როგორც ხედავთ, საკმაოდ არასწორად, თუმცა მაშინ ამ სახის განათლების შესახებ წარმოდგენაც კი არ მქონდა და ცხადია, ვერც ვიაზრებდი ამ  ინფორმაციის სწორად ფლობის საჭიროებას. 

თინეიჯერობის ასაკში, როდესაც უკვე გოგოები ჩურჩულს ვიწყებთ ისეთ რაღაცებზე, რაზეც უფროსები არ გველაპარაკებიან, ძალიან ბევრ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ინფორმაციას ვიღებთ - ზოგმა ინტერნეტში ნახა, ზოგმა ტელევიზორში მოჰკრა თვალი ან უფროსების ლაპარაკს მოჰკრა ყური. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ ამდენი ლაპარაკის და განხილვის ფონზე, საბოლოო ჯამში, მაინც ვერ ვკრავდით სწორ ინფორმაციას და არ გვქონდა ამომწურავი პასუხები იმ კითხვებზე რომელიც ძალიან გვაინტერესებდა და არავინ გველაპარაკებოდა პირდაპირ და თავისუფლად. როგორ გავჩნდით, რა არის სექსი, როგორია რომანტიკული ურთიერთობა და, საერთოდ, ეს მენსტრუაცია რაღაა, რისთვისაა საჭირო? 

პირველად რომ მენსტრუალური ციკლი მომივიდა არ შემშინებია, ჩემი აწ უკვე გამოცდილი დაქალებისგან მქონდა რაღაც ძალიან ცოტა ინფორმაცია ამის შესახებ ნაჩურჩულარი. დედაჩემს რომ ვუთხარი დე მომივიდა-თქო, ჩემთვის გაურკვეველი სიხარულით და ბედნიერებით შეხვდა ამ ყველაფერს, ვერ ვხვდებოდი რაიყო იმაში სასიხარულო, რომ მთელი სხეული მტკიოდა და არაფერი მინდოდა საწოლში ჩაწოლის გარდა, მაგრამ რატო, არ ვიცოდი. მეგონა უბრალოდ ავად ვიყავი, რამდენიმე თვის მერე რომ მივხვდი, სულ ესე ვიქნებოდი, ვიფიქრე ალბათ ყველა ესეა და ნორმალური მდგომარეობაა-თქო, მაგრამ მაინც ვერ ვხვდებოდი რისთვის იყო საჭირო ეს თვეში ერთხელ სისხლი, მოწყენილობა და ტკივილი.  

ახლა უკვე ვიცი რომ მენსტრუალურ ციკლში ორი მთავარი რეპროდუქციული ჰორმონი იღებს მონაწილეობას: ესტროგენი და პროგესტერონი. ესტროგენი პასუხისმგებელია ფსიქოლოგიური მესიჯების გადატანაზე მთელს ორგანიზმში და სისტემაში. ეს ჰორმონები პასუხიმგებლები არიან ორსულობაზე, გარდატეხის ასაკზე, სექსუალურ დრაივზე, უშუალოდ მენსტრუაციის დროს კი ამ ორი ჰორმონის დონე სისხლში საგრძნობლად ქვეითდება, სწორედ ამითაა გამოწვეული ჩვენი გუნებაგანწყობილების, სექსუალური დრაივის და ზოგადად ცხოველქმედების დაქვეითება. ესეც სექსუალური განათლებაა.

Lizi Katamadez, wearing black and standing on a stage is addressing the audience in front of her

ფსიქოლოგიის სწავლა რომ გადავწყვიტე, საერთოდ არ მქონდა წარმოდგენილი ამ პროფესიაში ჩემი თავი; არამარტო ამ პროფესიაში, საერთოდ, არცერთში, მაქსიმალურად ვცდილობდი საჩემოდ გამომეყენებინა ის ინფორმაცია, რომელსაც ვიღებდი. საკუთარი თავის ძიებაც, როგორც ტერმინი, ზუსტად ამ დროს გავითავისე რა იყო - რა მომწონს, რა მაინტერესებს, რაში ვარ მაგარი - რისი დალაგებაც საკმაოდ რთული იყო, რადგან ბევრი ინტერესის სფერო აღმომაჩდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ყველაფერი მეცადა, რადგან მჯეროდა, მცდელობების პროცესში ვიპოვნიდი ბევრ რამეს. საკმაოდ რთულია ბევრ ინტერესზე ერთდროულად ყურადღების გამახვილება, ქაოსი გაქვს და არ იცი დრო როგორ გადაანაწილო, მაგრამ რაღაც დროს ლაგდება, აუცილებლად, ისევ შენი დამსახურებით. 

სწავლების მესამე კურსზე  გადავწყვიტე ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე მისვლა, პირველივე სესიის მერე სურვილი გამიჩნდა, მეც ვყოფილიყავი ფსიქოლოგის აპლუაში, არადა იქამდე არც წარმომედგინა ჩემი თავი როგორც ფსიქოთერაპევტი და ჩემივე ფსიქოლოგის დახმარებით დავიწყე სტაჟირება ერთ-ერთ დაწესებულებაში, რაც გულისხმობდა პრაქტიკული გამოცდილების მიღებას. პაციენტები იყვნენ ძალადობის მსხვეპლის სტატუსის მქონე ქალები.  პროცესში მივხდი, რომ ძალიან მომწონდა რასაც ვაკეთებდი და კიდევ უფრო სიღრმისეულად ჩავერთე ამ ამბავში, მივიღე გამოცდილება და უამრავი ინფორმაცია ტრენინგებისა და ჩემი კოლეგა ფსიქოლოგების საშულებით. მალევე დავსაქმდი კიდეც იმავე დაწესებულებაში და დამოუკიდებელი სესიების ჩატარება დავიწყე. პარალელურად სექსოლოგიის საგანს გავდიოდი უნივერსიტეტში, რითაც ძალიან დავინტერესდი. საგნის შესწავლის შემდეგ, მივხვდი, რომ კითხვები მიჩნდებოდა ჩემი პაციენტების მიმართ, ჰქონდათ თუ არა სქესობრივი განათლება ან რამდენად ჯანსაღი სექსუალური და პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდათ. ცხადია ამ თემას ნაკლებად ვეხებოდი რადგან ჩვენი პროტოკოლი ამ კუთხით ფსიოქლოგიურ დახმარებას დიდად არ ითვალისწინებდა, თუმცა რამოდენიმე კითხვით მაინც შემოვიფარგლებოდი ხოლმე,  რამაც მომცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქმის ყველა ჩემს პაციენტს ჰქონდა ტრავმული სექსუალური გამოცდილება, სექსუალური დისფუნქციები ანუ სექსუალური დარღვევები, როგორიცაა ანორგაზმია, ვაგინიზმი, მიოფასციალური სინდრომი და არ ჰქონდათ სათანადო სქესობრივი  განათლება. რაც უფრო მეტს ვიგებდი, უფრო და უფრო მაინტერესებდა

19 წლის ასაკში ტოქსიკურ ურთიერთობაში აღმოვჩნდი. გვერდით მყავდა მანიპულატორი ადამიანი შეფარვითი აკრძალვებით, თუმცა ძალიან რომანტიკული. ასეთი სახის ურთიერთობა ატრაქციონს, ამერიკულ მთებს, ემსგავსება, განსაკუთრებით, თინეიჯერობის ასაკში, როცა ემოციების იდენტიფიცირება და მართვა ცოტათი რთულია. თითქოს, თავიდანვე ვხედავდი პრობლემას, მაგრამ იმდენად მალე შემითრია ამ ემოციებმა, დავსუსტდი და საღი აზროვნების უნარიც დავკარგე. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, უკვე ჩვეული ემოციური შეტევის მერე, ტირილისგან გადასიებულ სახეს რომ ვიბანდი, დიდხანს შემოვრჩი სარკესთან და საკუთარი თავი შემეცოდა. ვხვდებოდი, რომ რაღაც უნდა მექნა, მაგრამ თან ვერაფერს ვაკეთებდი, არც ემოციურად და არც ფიზიკურად არ მქონდა თავი. საბედნიეროდ, ფსიქოლოგთან წასვლა გადავწყვიტე და, ზუსტად ამ დროს, მივიღე პირველად  სწორი სქესობრივი განათლება - რას ნიშნავს ემოციურად ძალადობა, შევიწროვება, მანიპულაცია; მომენტალურად გავიაზრე, რომ ძალადობის წრეში ვიყავი და თავი უნდა დამეღწია აქედან, ძალიან ბევრი წვალებით დავაღწიე კიდეც და ამოვისუნქე. 

A bunch of young people area standing on the TEDxTbilisi Youth stage

ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელზეც დამოკიდებულია ადამიანის კეთილდღეობა, არის ჯანსაღი ურთიერთობა. საბაზისო სქესობრივმა განათლებამ, საკუთარი სხეულის და თავის ავტონომიურობის გააზრებამ, თავი დამაღწევიდან ძალადობისგან მივხვდი რომ ცხოვრების ყველა ეტაპზე მქონია სქესობრივი განათლების საჭიროება, რომელიც მიხსნიდა პატარ-პატარა და დიდი ტრავმებისგან. იმდენად დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის ამ ყველაფრის გააზრება, რომ მომინდა ხალხისთვის გამეზიარებინა რაც ვიცი და კიდევ რასაც ვისწავლიდი. თან ვიცოდი, რომ ეს ინფორმაცია ერთ ადამიანს მაინც დაეხმარებოდა, როგორც მე დამეხმარა ერთ დროს, ამიტომ გავხდი ფსიქოლოგი და სწორედ ამიტომ იყო ჩემი პირველი სამსახური ძალადობის პრევენციის ცენტრი. 

სექსუალური განათლება არ გულისხმობს  მხოლოდ სექსუალური აქტის ან რეპროდქციის შესახებ ინფორმაციას, ეს მოიცავს საკუთარი სხეულის შეცნობას, ემოციური კავშირის მნიშვნელობის გაგებას, სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის პრევენციას, სექსუალური გზით გადამდები დაავადებების და არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებას. ეს არის საჭირო ინფორმაცია, რომლის ფლობაც  ჯანსაღი მენტალური და სქესობრივი ცხოვრების წინაპირობაა.

8 სექტემბერს, თბილისში გამართულ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს, ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ 112-ის განახლებულ აპლიკაციას, რომელიც 2022 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ “საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112”-ის ინიციატივით, 5 ენაზე ითარგმნა და მასში ინტეგრირდა ინფორმაცია ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ.

ბავშვობის ასაკში ქორწინება ადამიანის უფლებათა დარღვევაა, რაც საფრთხეს უქმნის გოგოების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ხელს უშლის მათ წინსვლასა და განვითარებას. 

თავისი პროგრამებითა და აქტივობებით, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, UNFPA წლებია მუშაობს საქართველოში იმ საზიანო პრაქტიკების პრევენციაზე, რომლებიც ხელს უშლიან ქალებსა და გოგოებს ჯანსაღ, ჰარმონიულ ზრდაში, ზღუდავენ მათი სხეულის ავტონომიას და აფერხებენ მათ თავიანთი ოცნებებისკენ მიმავალ გზაზე. 

TEDxTbilisi Youth-თან პარტნიორიბა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში შედგა, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.