Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

8 მილიარდიანი მსოფლიო: მდგრადი მომავლისკენ შესაძლებლობების გამოყენება და უფლებებისა და არჩევანის უზრუნველყოფა ყველასთვის

8 მილიარდიანი მსოფლიო: მდგრადი მომავლისკენ შესაძლებლობების გამოყენება და უფლებებისა და არჩევანის უზრუნველყოფა ყველასთვის

News

8 მილიარდიანი მსოფლიო: მდგრადი მომავლისკენ შესაძლებლობების გამოყენება და უფლებებისა და არჩევანის უზრუნველყოფა ყველასთვის

calendar_today 09 July 2022

Picture of poster with the text "there is a strength in numbers"
Credits: UNFPA

კონტექსტი

ნოემბერში მსოფლიო მოსახლეობა 8 მილიარდს მიაღწევს. რაც ჭეშმარიტად აღსანიშნავი მოვლენაა. ჩვენ შევძელით სიღარიბის შემცირება და წარმოუდგენელ წინსვლას მივაღწიეთ ჯანდაცვის სფეროში. შემცირდა ახალშობილთა და დედათა სიკვდილიანობა. ადამიანები უფრო ხანგრძლივად ცოცხლობენ და ჯანმრთელად ბერდებიან. 

ეს, ასევე, არის მოვლენა, რომელიც განვლილ გზაზე დაფიქრებას საჭიროებს, დროა ყველა ქვეყანამ შეაჯამოს საკუთარი შედეგები და მიიღოს ზომები, მოსახლეობის ზრდის მისთვის დამახასიათებელი დინამიკის მიუხედავად. ვინაიდან გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მსოფლიო ამგვარ სიახლეებს განგაშით ხვდება: ჩნდება შიში იმისა, რომ მსოფლიო, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით, კატასტროფის ან კოლაფსის ზღვარზეა. ეს შიშები თავისთავად წარმოადგენს შეშფოთების მიზეზს: ისტორიამ გვიჩვენა, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც „მოსახლეობის“ ცნებას უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ვიდრე ადამიანებს. 

ვემზადებით რა იმ დღისთვის, როდესაც მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა 8 მილიარდს მიაღწევს, ჩვენ უნდა შევახსენოთ მსოფლიოს, რომ კაცობრიობის ღირებულება არ უფასურდება და უცვლელი რჩება მიუხედავად მოსახლეობის რაოდენობის ზრდისა თუ კლებისა. ყოველი ადამიანი საკუთარ საზრიანობას, სიკეთეს, ლიდერობას, შრომას, შემოქმედებითობას და გულს კაცობრიობის დიდ ოჯახს უძღვნის. ყოველი ადამიანი იმსახურებს იცხოვროს უფრო სამართლიან, აყვავებულ და მდგრად მსოფლიოში. და როდესაც გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) გაბედულად და მკაფიოდ გვესაუბრება, ჩვენივე ენით, ჩვენთან დაკავშირებულ მონაცემებსა და ისტორიებზე დაყრდნობით, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა გავლენა მოვახდინოთ პოლიტიკაზე და რესურსების განაწილებაზე, შევიტანოთ ცვლილებები და იმედი ჩავუსახოთ გულებში ქალებსა და გოგონებს. 

მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ შევწყვეტთ თვლას. მსოფლიოსა და 2030 წლის დღის წესრიგის მისაღწევად, ქვეყნებმა უნდა განჭვრიტონ და გააცნობიერონ ის, თუ როგორ იცვლება მათი მოსახლეობა. მათ უნდა შეიმუშაონ უნიკალური რეაგირების გზები, მონაცემებზე დაყრდნობით, რაც ხელს შეუწყობს იმ პოტენციურად უარყოფით ზემოქმედებათა შერბილებას და იმ შესაძლებლობათა სრულად გამოიყენებას, რომლებიც თან სდევს დემოგრაფიულ ცვლილებებს. ჩვენ ამას დემოგრაფიულ მდგრადობას ვუწოდებთ. 

მოსახლეობა მუდმივად განიცდის ცვლილებას. მოსახლეობის შემადგენლობა და სტრუქტურა იცვლება იმის მიხედვით, მაგალითად, ადამიანები გარკვეული დროის მანძილზე მეტ შვილებს აჩენენ თუ ნაკლებს. მოსახლეობები ბერდება და ამასთან, ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა ხშირად აღემატება კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობას. ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსახლეობის გადაადგილება ქვეყნებს შორის, რაც გამოწვეულია კონფლიქტებით, პანდემიებითა ან ბუნებრივი კატაკლიზმებით, ან უკეთესი შესაძლებლობების ძიებით. ყველა ამ ცვლილებას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს საზოგადოების ყველა სფეროზე. დემოგრაფიული ცვლილება გაეროს გენერალური მდივნის მიერ გამოვლენილი ხუთი მეგატენდენციიდან ერთ-ერთია, რომელიც მნიშვნელოვნად განაპირობებს იმას, მიღწეული იქნება თუ არა 2030 წლის დღის წესრიგი და მდგრადი განვითარების მიზნები. 

დემოგრაფიული ცვლილების თვალსაზრისით ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არსებობს.  კაცობრიობის ისტორიაში არასდროს გვინახავს ასეთი მრავალფეროვნება, მოსახლეობის საშუალო ასაკსა და მოსახლეობის შობადობის მაჩვენებლებში. მაშინ, როცა ქვეყნების მზარდი რაოდენობა მოსახლეობის დაბერების გამოწვევის წინაშე დგას და მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ახლა ცხოვრობს ქვეყანებში, სადაც შობადობა ჩანაცვლების დონეს ჩამოუვარდება, სხვა ქვეყნები მოსახლეობაში ახალგაზრდების სიჭარბისა და მოსახლეობის მზარდ რაოდენობასთან დაკავშირებული გამოწვევის წინაშე დგანან. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოში ჯერ არასდროს ყოფილა ასეთი საგანგაშო უთანასწორობა.  ხშირად იჩენს თავს გენდერული, ასაკობრივი, წარმომავლობასთან, ეთნიკურ კუთვნილებასთან, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსთან, სექსუალურ ორიენტაციასთან, კლასობრივ და რელიგიურ კუთვნილებასთან და ა.შ. დაკავშირებული უთანასწორობა, მათ შორის შესაძლებლობების თვალსაზრისით არსებული უთანასწორობა. 

დემოგრაფიულად მდგრად საზოგადოებებს გაცნობიერებული აქვთ, რომ დემოგრაფიულ ტენდენციებზე გავლენას ახდენს სოციალური, კულტურული, ეკონომიკური, გარემო და პოლიტიკური ფაქტორების რთული და ურთიერთდაკავშირებული ნაკრები და, შესაბამისად, იგი საჭიროებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, ყოვლისმომცველ და ჰოლისტიკურ პოლიტიკურ რეაგირებას, რომელიც ყველა ადამიანს საკუთარი უფლებების სრული სპექტრით - მათ შორის რეპროდუქციული უფლებებით - სარგებლობის საშუალებას აძლევს. 

დემოგრაფიული მდგრადობა პროაქტიულია: იგი ყურადღებას ამახვილეას დემოგრაფიულ ცვლილებებთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და დაგეგმვის მნიშვნელობაზე და მოითხოვს ინვესტირებას განათლებაში, ჯანდაცვაში, გენდერული თანასწორობისა და ღირსეული სამუშაოს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. დემოგრაფიული მდგრადობა ტრანსფორმაციულია: იგი ხაზს უსვამს ტრადიციული ნორმების - განსაკუთრებით ოჯახებსა და საზოგადოებებში ქალებისა და კაცების როლებთან დაკავშირებული იმ ნორმების გადახედვის აუცილებლობას, რომლებიც ხელს უშლის საზოგადოებებს დემოგრაფიული გამოწვევები შესაძლებლობებად აქციონ. 

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ეხმარება ქვეყნებს პროაქტიული და ტრანსფორმაციული გზების მიგნებაში, რათა განაგრძონ განვითარება სწრაფი დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე; იმ გზების ძიებაში, რომლებსაც მივყავართ ერთიანობამდე მრავალფეროვნების პირობებში, მდგრადობამდე გარდაუვალი ცვლილებების პირობებში; იმ გზების ძიებაში, რომლებსაც ჩვენს რგვლივ არსებული უსასრულო შესაძლებლობების ჩვენივე - 8 მილიარდი ადამიანის - სასიკეთოდ გამოყენებამდე მივყავართ, მივყავართ ყველასთვის სამართლიანი, აყვავებული და მდგრადი სამყაროს შექმნისკენ.