Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

20 ივნისს საქართველოში მამის დღე მეექვსედ აღინიშნება

20 ივნისს საქართველოში მამის დღე მეექვსედ აღინიშნება

News

20 ივნისს საქართველოში მამის დღე მეექვსედ აღინიშნება

calendar_today 19 June 2021

ფოტო: ლევან კაპანაძე/MenCare Georgia/2017
ფოტო: ლევან კაპანაძე/MenCare Georgia/2017

წელს, 20 ივნისს, მამის დღე საქართველოში მეექვსედ აღინიშნება. 

მამის დღე პირველად 2016 წელს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ეგიდით აღინიშნა, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

ამ დღის აღნიშვნა ქართველ მამებს შეახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების აღზრდის პროცესში მათი ჩართულობა.

ფოტო: MenCare Georgia

კაცების მზრუნველობას რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალთა, ბავშვთა და, ზოგადად, საზოგადოებისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის, კვლევებითაც დასტურდება. 
ამ დროს ბავშვები გაცილებით ბედნიერები არიან, გამოირჩევიან კარგი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობით, მაღალი აკადემიური მიღწევებით, უკეთესი სოციალური უნარებით, მაღალი თვითშეფასებით, ნაკლები ქცევითი პრობლემებითა და სტრესისადმი გაზრდილი მედეგობით.

ჩვენთვის, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს გუნდისთვის, მამის დღის დაწესება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ძვირფასი ინიციატივაა. ჩვენ მიზნად დავისახეთ შეგვეხსენებინა მამაკაცებისთვის, თუ რას ნიშნავს თანასწორი მშობლობა, სახელმწიფო უწყებებისთვის და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის კი - თუ რამდენად საყურადღებოა ოჯახების მხარდამჭერი პოლიტიკის შექმნა და გატარება. მოხარული ვართ, რომ ჩვენს ინიციატივაში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი და ორგანიზაცია ერთვება. ვიმედოვნებთ, რომ მამის დღე საყოველთაო დღესასწაულად გადაიქცევა, რომელსაც შვილები და მშობლები ერთად აღნიშნავენ,” - ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე. 

კამპანიის „კაცები ზრუნავენ” თანადამფუძნებლის, მირიან ჯუღელის აზრით, „ჩვენი ქვეყნისთვის მამის დღის დაწესება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია გენდერული თანასწორობის და მამების ჩართულობის ხელშესაწყობად“. 

ფოტო: ლევან ჭყონია/MenCare Georgia/2020

ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება, როცა მამებს ამ დღეს მათი ოჯახის წევრები, კერძო თუ საჯარო ორგანიზაციები ულოცავენ და ერთად აღნიშნავენ. მამის დღეს კიდევ ერთხელ ვახსენებთ ერთმანეთს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შვილებისა და ოჯახის კეთილდღეობისთვის კაცების ჩართულობა და საოჯახო საქმეების თანაბრად გადანაწილება“ - ამბობს ჯუღელი. 

კამპანიის “კაცები ზრუნავენ” კოორდინატორი ნინია მაჭარაშვილიც დასძენს, რომ “მამის დღის” აღნიშვნა კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს მამის ჩართულობის მნიშვნელობას შვილების აღზრდის პროცესში, მამებისა და შვილების დამეგობრებასა და ჯანსაღ ურთიერთობებს.

ამ ინიციატივით ჩვენ მხარს ვუჭერთ ჰარმონიულ ურთიერთობასა და ოჯახში პასუხისმგებლობების თანაბრად გადანაწილებას” - ამბობს ის.

ფოტო: გოჩა ლემონჯარია/UNFPA Georgia/2019

თუმცა საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები და კლიშეები ხელს უშლით მამაკაცებს, აიღონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები და პარტნიორები იყვნენ.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევის: „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ თანახმად, ბავშვებზე ყოველდღიური ზრუნვა, უმეტესწილად, ჯერ კიდევ რჩება მხოლოდ დედების ძირითად მოვალეობად.

სწორედ ამიტომ კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა კაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამებისა და მეუღლეების ჩართულობის წასახალისებლად ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მათ მხარი დაუჭირონ გენდერულ თანასწორობას, ამ გზით - ქალების სოციალურ და ეკონომიურ მონაწილეობასა და საზოგადოების გაძლიერებას. 

ფოოტ: მარი ნაკანი კამპანიისთვის MenCare Georgia/2017

ერთად გადავავლოთ თვალი მოვლენათა იმ ქრონოლოგიას, რაც კამპანიის “კაცები ზრუნავენ” ფარგლებში ამ ექვსი წლის მანძილზე, მამის დღის პირველად აღნიშვნიდან დღემდე განხორციელდა:

2016 წლიდან დღემდე არაერთი წიგნი მომზადა ბავშვებისა და მშობლებისთვის, მათ შორისაა, “შვილების საკითხავი” (გამომცემლობა “არტანუჯთან” პარტნიორობით/2016);  “იავნანა ლილისთვის” (გამომცემლობა “პალიტრა L”-თან თანამშრომლობით/2017); „ლუნა და ციცინათელების პლანეტა” (გამომცემლობა “პალიტრა L”-თან თანამშრომლობით/2020); “მამები და შვილები” (გამომცემლობა “არტანუჯთან” თანამშრომლობით/2020).

ფოტო: ლევან კაპანაძე/MenCare Georgia/2017

2016 წელსვე თბილისსა და რეგიონებში ერთდღიანი ტრენინგ-მოდულის “მამაკაცური საუბრების” განხორციელება დაიწყო. ამჟამად “მამაკაცური საუბრები” ყოველთვიურად ტარდება კახეთის, სამეგრელოს, გურიის იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. 

2017 წლის აგვისტოდან თბილისის ქუჩებში კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მონაწილეების ბანერები გაჩნდა, სადაც თავიანთ შვილებთან ერთად ფოტო პროექტში მონაწილეობით ისინი სხვა მამებსაც მოუწოდებდნენ, შვილებთან მეტი დრო გაეტარებინათ. 
 
ამავე წლიდან იმართება “მამების თასი” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბ “ლოკომოტივთან” პარტნიორობით. ეს არის მინი ჩემპიონატი, რომელში მონაწილეობის მიღებაც ნებისმიერ მამას შეუძლია, რომელიც მწვრთნელის ამპლუაში წარადგენს 8-დან 12 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისგან შემდგარ ოთხწევრიან გუნდს. 

ფოტო: UNFPA Georgia & საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია/2019

2018 წელს კამპანია “კაცები ზრუნავენ” European Bank for Reconstruction and Development (EBRD)-ის Emerging Europe Awards-ზე ევროპის მასშტაბით თანასწორობის ხელშემწყობ საუკეთესო ინიციატივად დასახელდა. 

2020 წელს, პანდემიის პირობებში, „კაცები ზრუნავენ“ ფეისბუქ გვერდის პოსტები ჯამში 1,600,000 ადამიანს მიწვდა, რაც საქართველოს ფეისბუქ მოსახლეობის დაახლოებით 70%-ია. ამ ეტაპზე გვერდს 57,736 გამომწერი ჰყავს.
 
2020 წელს შეიქმნა „მამების ჯგუფი“, რაც დამატებით არხს წარმოადგენს მამების ჩართულობის გასააქტიურებლად. ამ ეტაპზე ჯგუფში 6,800 კაცია გაერთიანებული, ყოველდღიურად კი 10-ზე მეტი პოსტი იდება.

ფოტო: დემეტრე დათიაშვილი/MenCare Georgia/2021

2021 წლის 17 მაისს კი თბილისში პირველი “მამების სკოლა” გაიხსნა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რაც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევთ; ამასთანავე, დაეხმარებათ მეტი გაიგონ გენდერული თანასწორობისა და იმ სტერეოტიპებისა თუ საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანაში რეალური თანასწორობის მიღწევას უშლის ხელს. 

ტრადიციულად, მამის დღის აღნიშვნას უერთდებიან სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. 
მხოლოდ წელს მამის დღის აღსანიშნავ ღონისძებებში ჩართულია 20-ზე მეტი მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესი, რომელიც უკვე საკუთარი ინიციატივითაც სთავაზობენ მამებსა და შვილებს განსხვავებულსა და განსაკუთრებულ სერვისს მამის დღის აღსანიშნავად.

ფოტო: მაკა მეგრელიძე/OK Magazine UNFPA Georgia-თვის/2021