Go Back Go Back
Go Back Go Back

12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა

12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა

News

12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა

calendar_today 11 August 2021

გაეროს მოსახლეობის ფონდის 5 ინიციატივა ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის საქართველოში

საქართველოს მოსახლეობის 25%-ს 15-დან 29 წლამდე ახალგაზრდები შეადგენენ. იმის მიუხედავად, რომ მათი განვითარება ქვეყნის დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა, საქართველოში ახალგაზრდების წინაშე კვლავაც არაერთი გამოწვევა დგას. 

გამოწვევებს შორისაა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებისა და მომსახურებების ნაკლებობა და კულტურული სტიგმა, რაც მოზარდებსა და ახალგაზრდებს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, მათ შორის აივ ინფექციისა და არასასურველი ორსულობის საფრთხის წინაშე აყენებს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდების გაძლიერება არაფორმალური განათლების მეშვეობით, მათთვის  ინფორმაციის მიწოდებით გენდერული თანასწორობის საკითხების, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდობიდან ზრდასრულ ასაკში გადასვლის პროცესში.

UNFPA-ს მოზარდებსა და ახალგაზრდებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ცხადყოფს, რომ გენდერული ტრანსფორმაციის გრძელვადიან პროცესში სოციალური ნორმების ცვლილება სწორედ ახალგაზრდების უშუალო მონაწილეობით მიიღწევა.

წარმოგიდგენთ იმ 5 ინიციატივას, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი ახალგაზრდების გასაძლიერებლად ახორციელებს:

1.    თანატოლთა განათლების ტრენინგები

არაფორმალურ სივრცეში ორგანიზებული ტრენინგების მიზანია ახალგაზრდებს მიაწოდოს ასაკზე მორგებული ინფორმაცია ისეთ კრიტიკულ საკითხებზე, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, აივ/შიდსი, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და რეპროდუქციული უფლებები, ოჯახში ძალადობა და სხვა, რათა შემდგომში თავად გაავრცელონ სწორი გზავნილები თანატოლებს შორის. 

ყოველთვის მჯეროდა, რომ ცოდნა მაშინ არის ღირებული, როცა გაზიარება შეგვიძლია. ჩემი დაინტერესება არაფორმალური განათლებით გამოცდილების დაგროვებასთან ერთად იზრდებოდა. გავაანალიზე, რომ არაფორმალური განათლების აქტივობები გვაძლევდა შესაძლებლობას გვესწავლა კეთებით, გვესწავლა მრავალფეროვნად და რაც მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფდა სივრცეს, სადაც შეგვიძლია ერთმანეთს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ", ანა მოსიაშვილი, ტრენერი, თანასწორგანმანათლებელი.
 

ანა მოსიაშვილი. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA Georgia

ტრენინგები ტარდება  გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

2.    ინიციატივა “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის”

მინდა ვიყო იმ ცვლილებების მონაწილე, რომელიც ჩვენს ირგვლივ არსებული რეალობის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებას ემსახურება. ჩემთვის სტერეოტიპების მსხვრევა ნიშნავს თანასწორი, დაბალანსებული და პროგრესული მომავლის შექმნას. თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები არღვევს ბარიერებს, რომლებსაც სტერეოტიპები და საზიანო გენდერული ნორმები გვიწესებენ, ეს კი აუცილებელია ჰარმონიული, მრავალფეროვანი და ძლიერი საზოგადოების ფორმირებისთვის“, თეო სადრაძე, ტრენერთა ტრენინგის მონაწილე.
 

ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA Georgia

ინიციატივა ნაწილია პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

3.    „თანასწორობის კუთხეები“ 

„თანასწორობის კუთხეების“ გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში საშუალებას აძლევს მოზარდებს და ახალგაზრდებს, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, მეტი გაიგონ თანასწორობის იდეის შესახებ. 

ჩემთვის თანასწორობის კუთხის გახსნა იყო დიდი ბედნიერება. იმის აღმოჩენამ, რომ თითქმის ყველა ის წიგნია ჩამოტანილი, რომელთა წაკითხვასაც ვგეგმავდი, უზომოდ გამახარა და გამაბედნიერა. მას შემდეგ, რაც თანასწორობის კუთხე გაიხსნა, წავიკითხე: ,,მთებმა მთებს უთხრეს", ,,ბიჭი ჩვენი კლასის ბოლო მერხზე", ,,ბალადა გატეხილ ცხვირზე", ,,მელორი ტაუერსი" და ,,მე კოსმო". ბაღდათელი ბავშვებს ეს საჩუქარი მისცემთ შესაძლებლობას, რომ წაკითხული წიგნების მაგალითზე: არასდროს არ უნდა დანებდნენ, ისწავლონ, რომ თუ რაიმე უნდათ, ყოველთვის გამოუვათ, ირწმუნონ საკუთარი თავის და შესაძლებლობების“, ნინი ჯაბიძე, ბაღდათის II საჯარო სკოლის მოსწავლე.

4.    კამპანია „აიღე კონტროლი საკუთარ ხელში, ჩაიტარე აივ ტესტირება“

გაეროს მოსახლეობის ფონდი, აივ/შიდსისა და ქცევითი მეცნიერების ექსპერტებთან და ცნობად სახეებთან თანამშრომლობით, ატარებს ღონისძიებების სერიას “აიღე კონტროლი საკუთარ ხელში - ჩაიტარე აივ-ტესტირება”, სადაც ჩართული არიან ცნობილი მწერლები ნესტან (ნენე) კვინიკაძე და ტორესა მოსი. 

200-ზე მეტი ახალგაზრდის მობილიზებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება შეხვედრები ტესტირების მოტივაციის ასამაღლებლად ქცევით მეცნიერებაზე (ინსაითებზე) დაფუძნებული სწავლის მეთოდების გამოყენებით, რათა ახალგაზრდებმა აიმაღლონ ცნობიერება აივ-ზე, სტიგმასა და დისკრიმინაციაზე, გაიგონ მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომი სერვისებისა და აივ ტესტირების შესახებ და შესაბამისად შეიცვალონ ქცევა.
 

ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA Georgia

 მეტად მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შეხვედრა. მაგალითად, გავიგე ისეთი ინფორმაცია შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები  დაავადებების შესახებ, რაზეც ადამიანს მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს [და] რაც ცხოვრებაში ძალიან გამოადგება”, უჩა ბოჭორიძე,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. 

UNFPA-სა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინოვაციური ინიციატივის ფარგლებში შესწავლილი იქნა ახალგაზრდების, აივ დადებითი პირების, მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფების წარმომადგენლებისა და ჯანდაცვის სფეროს მუშაკების აღქმა და შეხედულებები აივ-ზე, ტესტირების ბარიერები და ხელშემწყობი ფაქტორები. შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი ბარიერი არსებობს აივ ტესტირების ჩატარებაზე. 

5.    სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია  2025

გაეროს მოსახლეობის ფონდი, რომელიც ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად მონაწილეობდა "სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025"-ის შემუშავების პროცესში, ამჟამად მუშაობს ახალგაზრდული სტრატეგიის  სამოქმედო გეგმის მომზადებაზე. სამოქმედო გეგმაზე მუშაობის დარსულების შემდეგ, სტრატეგიის პროექტი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას.

გაეროს მოსახლეობის ფონდი ხელმძღვანელობს გაეროს საკოორდინაციო ჯგუფს ახალგაზრდობის საკითხებზე (UNFPA, UNICEF, UNDP, UNIDO, ILO, UNHCR) და  ევროკავშირის პროექტის ფარგლებში "განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) ტექნიკურ დახმარებას უწევს ახალგაზრდული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს.