Go Back Go Back
Go Back Go Back

„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ – UNFPA-ს საქართველოს ოფისის ახალი ინიციატივა

„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ – UNFPA-ს საქართველოს ოფისის ახალი ინიციატივა

News

„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ – UNFPA-ს საქართველოს ოფისის ახალი ინიციატივა

calendar_today 01 October 2019

აზიკო სისვაძე
ფოტო: UNFPA Georgia/დინა ოგანოვა
 

პენსიაზე გასვლამდე აზიკო სისვაძე ეკონომიკას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს თითქმის 45 წლის განმავლობაში ასწავლიდა. 70 წლის პროფესორი დღესაც ცდილობს, არც თავისი სფეროს განვითარებას ჩამორჩეს და არც მსოფლიოს მაჯისცემას. დილაობით თავის პატარა ბაღს უვლის, მერე კი, კვირაში რამდენჯერმე, ბიბლიოთეკას სტუმრობს, რათა ახალ გამოცემებს გაეცნოს. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით და თბილისის მერიასთან პარტნიორობით, აზიკო სისვაძეს და უფროსი თაობის სხვა წარმომადგენლებს თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება მალე სრულიად ახალ შესაძლებლობასა და სერვისს შესთავაზებს - „60+ კლუბს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის“.
„60+ კლუბები“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ამ ინიციატივაში, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, გორისა და წნორის საპილოტე მუნიციპალიტეტებთან ერთად, ჩართულნი არიან თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება, იმერეთის ახალგაზრდული ცენტრი (ქუთაისი), საქართველოს ხანდაზმულთა ასოციაცია (რუსთავი) და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციტივა“ (წნორი).

„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის“, თავისი იდეით, წევრობაზე დაფუძნებული კლუბია, უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. კლუბის წევრებს საშუალება მიეცემათ, თანატოლებთან ერთად, აითვისონ ახალი ცოდნა და უნარები, ერთმანეთს და ახალ თაობებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და იდეები, თავადვე დაგეგმონ და გამართონ სხვადასხვა ღონისძიება და მიიღონ ინფორმაცია სიახლეების შესახებ.

„დღესაც ისეთივე ენერგიული ვარ, როგორიც 30 წლის ასაკში ვიყავი,“ ამბობს აზიკო სისვაძე და იმედოვნებს, რომ „60+ კლუბის“ საქმიანობაში ჩართულობა ინგლისური ენის სწავლაში დაეხმარება, „ძალიან მინდა, ინგლისურს დავეუფლო და ამ ენაზე ლიტერატურის წაკითხვა, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და უცხოელ კოლეგებთან კონტაქტი შევძლო.“ 60+ კლუბების სამომავლო აქტივობები, გარდა უცხო ენის გაკვეთილებისა, არაერთ საინტერესო კომპონენტს მოიცავს: სამკურნალო ფიზკულტურას (სპეციალისტის ზედამხედველობით), კომპიუტერის შესწავლას,  სპორტულ და ინტელექტუალურ თამაშებს, ხელოვნების წრეებსა და სახელოსნოებს და კულინარიულ სესიებს. პროგრამა საერთაშორისო სტანდარტებს და არაერთი ქვეყნის გამოცდილებას ეყრდნობა.

„60+ კლუბების“ მდგრადობას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან პარტნიორობა და მათი მხრიდან შესაბამისი ფინანსური, მატერიალური თუ ადამიანური რესურსის უზრუნველყოფა განაპირობებს. თბილისის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას თქმით, „თბილისის მერია სრულ მხარდაჭერასა და მზადყოფნას გამოთქვამს, რათა შეუერთდეს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ინიციატივას და თბილისის მაცხოვრებლებს შესთავაზოს ხანდაზმულთა კლუბები, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო სერვისი აქტიური და ჯანსაღი დაბერებისათვის. საპილოტე პროექტად თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ორ ფილიალში მსგავსი ცენტრების ინტეგრაცია 2020 წლის იანვრიდან იგეგმება, რაც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შესძენს ბიბლიოთეკებს და ასევე, ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი მომხმარებლებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ამჟამად, ბიბლიოთეკებს არაერთი ხანდაზმული მომხმარებელი ჰყავს.“

 

მერი ლობჟანიძე
ფოტო: სალომე ცოფურაშვილი

 

„60+ კლუბი“ ხანგრძლივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას  და ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას ემსახურება, რაც საგრძნობლად ამცირებს დეპრესიისა და ხანდაზმულობისათვის დამახასიათებელი სხვა პრობლემების წარმოქმნის რისკს და საშუალებას აძლევს უფროსი თაობის მოქალაქეებს, თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნონ. 62 წლის მერი ლობჟანიძე, რომელიც ქუთაისში ცხოვრობს და უკვე წლებია, სამოქალაქო სექტორში საქმიანობს, სწორედ ფსიქოლოგიურ ფაქტორს და თაობათა შორის დიალოგის მნიშვნელობას უსვამს ხაზს: „ადამიანების ცხოვრებაში დგება დრო, როცა ასაკის გამო ისინი საზოგადოებრივად ნაკლებად აქტიურნი ხდებიან, რაც არცთუ სასიამოვნოდ აისახება მათ ყოფაზე, ხასიათზე, გარემოსთან ადაპტაციის ხარისხზე. თუ ჩვენ უფროსი თაობის მოქალაქეებს შევთავაზებთ სხვადასხვა აქტივობას, მათი ინტერესების შესაბამისად და გათვალისწინებით, ეს იქნება მათი ცხოვრების ხარისხის ამაღლების ერთ-ერთი წინაპირობა, ახალგაზრდებისთვის გამოცდილების გაზიარების საშუალება.“ მერი ლობჟანიძე გეგმავს, აქტიურად ჩაერთოს „60+ კლუბის“ საქმიანობაში, რომელიც ქუთაისის მერიის ხელშეწყობით, იმერეთის ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე შეიქმნება.

ლიანა ჩარკვიანი
ფოტო: UNFPA Georgia/დინა ოგანოვა

ლიანა ჩარკვიანს, რომელიც 62 წლისაა და 4 წელია, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორად მუშაობს, მსგავსი კლუბის ჩამოყალიბების სურვილი თავადაც ჰქონდა, რადგან ყოველდღიურად ხედავდა, რომ მისი თაობის ადამიანები ურთიერთობისა და თვითრეალიზების დეფიციტს განიცდიდნენ. „დარწმუნებული ვარ, „60+ კლუბის“ მიმართ დიდი ინტერესი იქნება. ისე გამოვიდა, რომ ჩემი თაობის ხალხი, რაღაცნაირად, გვერდზეა გაწეული. რუსთავშიც და სხვა ქალაქებშიც ხშირად მინახავს, როგორ იკრიბებიან მამაკაცები ცენტრალურ მოედანზე, რომ უბრალოდ, ერთმანეთს ელაპარაკონ. თუ იარსებებს ადგილი, სადაც საინტერესო პროგრამა, ერთი კომპიუტერი და ჟურნალ-გაზეთები დახვდებათ, ეჭვი არ მეპარება, რომ ბევრი ივლის.“

გაეროს მოსახლეობის დივიზიის პროგნოზით, საქართველოში მოსალოდნელია 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის რაოდენობის ზრდა: თუ 2014 წელს ხანდაზმულთა რიცხვი მოსახლეობის 14.3%-ს შეადგენდა, 2030 წელს ეს მაჩვენებლი 19%-ს მიაღწევს, ხოლო 2050 წელს კი ყოველი მეოთხე საქართველოს მოქალაქე 65 წლის ასაკს გადაცილებული იქნება (25.3%). იგივე პროგნოზით, 2035 წლისთვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზრდება: ქალების _ 80,8 წლამდე; მამაკაცების _ 74,2 წლამდე. გაეროს მოსახლეობის ფონდში მიიჩნევენ, რომ „60+ კლუბების“ შექმნა და აქტიურად ამოქმედება ის ნაბიჯია, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ადამიანური კაპიტალის რეალიზებაზე და ამ გზით, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესსაც შეუწყობს ხელს. „უაღრესად მნიშვნელოვანია, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც უფროსი თაობის წარმომადგენლები საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგძნობენ თავს,“ ამბობს ლელა ბაქრაძე, UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, „UNFPA-ს საქართველოს ოფისი, უკვე წლებია, აქტიური და ჯანსაღი დაბერების პოლიტიკის ადვოკატირებას ეწევა. სასიხარულოა, რომ დღეს უკვე შეიკრა წრე, რომელშიც, ჩვენთან ერთად ჩართულია როგორც სახელმწიფო ინსტიტუციები, ისე არასამთავრობო სექტორი. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ერთობლივი წამოწყება თაობების ცხოვრებას შეცვლის.“