Go Back Go Back
Go Back Go Back

„მამების თასი“ წელს მეოთხედ ჩატარდა

„მამების თასი“  წელს მეოთხედ ჩატარდა

News

„მამების თასი“ წელს მეოთხედ ჩატარდა

calendar_today 02 October 2022

ვაბშვები აღნიშნავენ "მამების თასის" ტურნირში გამარჯვებას
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში მამებისა და შვილების საფეხბურთო ტურნირი - „მამების თასი“ წელს მეოთხედ გაიმართა. ტურნირი გახსნეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელი თურქეთში და საქართველოს ოფისის დირექტორმა ჰასან მოჰთაშამმა, შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა. 

„მამების თასი“ 2017 წელს, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორობის ფარგლებში დაარსდა და წლიდან წლამდე მის მიმართ მამებისა და შვილების ინტერესი მკვეთრად გაიზარდა. Covid19-ის პანდემიის გამო, ტურნირი 2020-2021 წლებში ვერ ჩატარდა. 2022 წელს, ორწლიანი პაუზის შემდეგ, „მამების თასი“ კვლავ უმასპინძლებს გუნდებს. 

Girls and boys playing football
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

წელს „მამების თასში“ 24 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. თითოეული გუნდი შედგებოდა 8-12 წლის, მინიმუმ ოთხი და მაქსიმუმ ექვსი მონაწილისგან: ორი გოგო და ორი ბიჭი (შესაძლებელია, გუნდს ორი დამატებითი მოთამაშე ჰყავდეს რეზერვში). ყოველი გუნდის მწვრთნელი ერთ-ერთი მონაწილის მამა იყო.

ტურნირში მონაწილეობა უფასოა. “მამების თასის” ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო მაისურები, გამარჯვებულ სამ გუნდს კი ფეხბურთის ფედერაციის სპეციალური პრიზები და ბავშვთა გასართობი ცენტრის ვაუჩერები. ტურნირის ჩემპიონი სპეციალურ თასს მიიღებს.  

Presents from GFF to tournament participants including bags, balls, awards
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

ღონისძიების მიზანია, კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შვილების ცხოვრებაში მამების ჩართულობის და სპორტში ბიჭებისა და გოგოების თანაბარი მონაწილეობის მნიშვნელობას. 

ღონისძიება ტარდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით. 

Levan Kobiashvili and Hassan Mohtashami shaking hands after renewing a MoU
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

გაეროს მოსახლეობის ფონდმა ტურნირამდე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განაახლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან. 
განახლებულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს ჰასან მოჰთაშამიმ და ლევან კობიაშვილმა. მემორანდუმის განახლება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც UNFPA-სა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის უკვე მრავალი წელია არსებობს. 

კამპანიის შესახებ:

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის მიერ, შვედეთის მთავრობისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მიზანია წაახალისოს კაცების, როგორც მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა კაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას, და ამ გზით - ქალების სოციალურ და ეკონომიურ მონაწილეობას და საზოგადოების გაძლიერებას. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველა კაცს, რომელიც მის იდეას იზიარებს.