საფრანგეთის საელჩო, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ოფისები საქართველოში ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობისთვის ახალ გლობალურ მოძრაობას — „თანასწორობის თაობას“ უერთდებიან.
მოძრაობის პრეზენტაცია სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე „თანასწორობის თაობის მოძრაობა ადგილობრივი კონტექსტისთვის“ გაიმართა, რომელიც დღეს ონლაინფორმატში, გენდერული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. „თანასწორობის თაობა“ გაეროს ინიციატივით, მიმდინარე წლიდან დაიწყო. იგი მსოფლიოს მასშტაბით პირველ ნაბიჯებს დგამს და COVID-19-ის გამოწვევებით შეცვლილ სინამდვილეში ქალთა უფლებებისთვისა და გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლის ახალ სივრცეს ქმნის. მოძრაობა ქალთა უფლებების დაცვის ყოვლის მომცველ დოკუმენტს — პეკინის დეკლარაციასა და მოქმედებათა პლატფორმას ეყრდნობა.
თბილისში გამართული ონლაინფორუმი „თანასწორობის თაობის“ მოძრაობის გაცნობას, ქართულ რეალობაში ინტეგრირებასა და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ისახავდა მიზნად. სოლიდარობასა და კოორდინირებულ მოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პანდემიის კრიზისიდან გამოსვლის, ინკლუზიური და მდგრადი მსოფლიოს მშენებლობაში, სადაც გენდერული თანასწორობა პოლიტიკის, განვითარების პროგრამებისა და ყოველდღიური ცხოვრების მამოძრავებელია. სწორედ ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს მოსახლეობის ფონდი და საფრანგეთის საელჩო საქართველოში „თანასწორობის თაობის“ მოძრაობის განვითარებას ერთიანი ძალისხმევით შეეცდებიან.
გაეროს მუდმივი კოორდინატორის, საბინე მახლის განცხადებით, „თანასწორობის თაობის“ მოძრაობა შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ ერთხელ გავიაზროთ ის ვალდებულებები, რომლებიც სახელმწიფოებმა, ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვის კუთხით, 1995 წელს, პეკინის კონფერენციაზე აიღეს. სწორედ ახლაა ის მომენტი, როცა უნდა გავაანალიზოთ, რა გაკეთდა, რამდენად წავიწიეთ წინ და რა რჩება გამოწვევად. ახლა ერთიანი ძალისხმევით უნდა ვიმუშაოთ, რათა დავსახოთ სამომავლო ნაბიჯები იმისთვის, რომ ყველა ქალსა და გოგოს ჰქონდეს ღირსეულად და დაცულად ცხოვრების შესაძლებლობა.“
საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულება ბატონმა დიეგო კოლასმა შესავალ სიტყვაში ხაზი გაუსვა საფრანგეთის ვალდებულებას გენდერული თანასწორობისადმი, აღნიშნა რა, რომ პრეზიდენტმა მაკრონმა გადაწყვიტა, გენდერული თანასწორობა მისი საპრეზიდენტო ვადისა და საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად აქციოს. დღეს, როცა პანდემიის პირობებში ქალთა უფლებები განსაკუთრებით იზღუდება, საფრანგეთი მტკიცედ რჩება თანასწორობის ერთგული. ამ ვალდებულების საილუსტრაციოდ, ბატონმა დიეგო კოლასმა მოკლედ წარმოადგინა ინიციატივები, რომლებსაც საფრანგეთი თანასწორობის თაობის ფორუმის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის პოპულარიზაციისა და დაცვის მიზნით ახორციელებს. ასევე, გამოაცხადა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ყოველწლიური პრიზი, რომელიც 2021 წელს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საყოველთაო ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციას დაეთმობა, რაც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა ქალებისა და გოგოებისთვის.
ონლაინღონისძიებას სამოქალაქო საზოგადოებისა და ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციების, გენდერის სამუშაო ჯგუფის, გაეროს სააგენტოების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.