Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

„ვიცი, თუ გამიჭირდა ვის მივმართო“ - უკრაინიდან ლტოლვილი ქალის ცხოვრება საქართველოში

„ვიცი, თუ გამიჭირდა ვის მივმართო“ - უკრაინიდან ლტოლვილი ქალის ცხოვრება საქართველოში

Story

„ვიცი, თუ გამიჭირდა ვის მივმართო“ - უკრაინიდან ლტოლვილი ქალის ცხოვრება საქართველოში

calendar_today 22 November 2023

A young woman with long hair is wearing a brown jacket and blue jeans. She is standing at a window
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

25 წლის ტატიანა ჩერნიშენკო, უკრაინიდან ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ჩამოვიდა. 

უკვე წელიწადნახევარია საქართველოში ცხოვრობს და საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების საკითხებზე მუშაობს.

ტატიანას გაცნობთ მასალით რომელიც მომზადდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „ინკლუზიური ჰუმანიტარული რეაგირება უკრაინელ ლტოლვილთა შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე“ ფარგლებში.

ამ პროგრამის ფარგლებში, ტატიანამ მონაწილეობა მიიღო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლების ტრეინინგსა  და გენდერული ძალადობის შესახებ საინფრომაციო შეხვედრაში. 

კიევში ვიყავი, როცა ომი დაიწყო. ერთი კვირა სარდაფში გავატარე. მივხვდი, რომ რაღაც უნდა მექნა, მაგრამ არავითარი ტრანსპორტი არ მოძრაობდა. ისეთი მომენტის წინაშე ვიდექი, უბრალოდ, სადგურში რომ მიდიხარ და რაც პირველი მატარებელი შეგხვდება, იმაზე რომ ჯდები. ბილეთებიც არ იყო, ევაკუაციის პირობებში უფასო იყო მგზავრობა  და შეგეძლო მოცდა ან მაშინვე გამგზავრება, იმ მიმართულებით, საითკენაც მატარებელი მიდიოდა. ასე ჩავჯექი ლვოვისკენ მიმავალ მატარებელში, სადაც შედარებით უსაფრთხო იყო და მთელი გზა ვფიქრობდი, ღამე სად გამეთია, რა მეკეთებინა. რამდენიმე ნაცნობი მყავდა და 2 თვით დავრჩი ლვოვში. მაგრამ სულ ასე ხომ არ ვიქნებოდი? სამსახურშიც შემცირებები დაიწყო. არავინ იცოდა ასე რამდენ ხანს გაგრძელდებოდა. გადაწყვეტილება უნდა მიმეღო ან ქირით გადავსულიყავი სადმე, ან საცხოვრებელი ადგილი შემეცვალა.

როდესაც ომი დაიწყო, საქართველო უკრაინელებს უფასო საცხოვრებელ ადგილს სთავაზობდა. მეც მოვიძიე მსგავსი პროგრამა იმ მეგობართან ერთად, რომელთანაც მანამდეც ვფიქრობდი საზღვარგარეთ გამგზავრებას, მაგრამ მშობლები არ მრთავდნენ ნებას, ქვეყანაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით. გამუდმებით სროლის ხმები გვესმოდა. ცხადია, საშიში იყო. არავინ იცოდა, რისი მოლოდინი უნდა გვქონოდა ან რამდენ ხანს გასტანდა ეს გაუგებრობა. მთელი ოჯახით სარდაფში ვისხედით ხოლმე. დაძაბულობა სუფევდა. მხოლოდ დასაძინებლად ავდიოდით ხოლმე ბინაში, მაგრამ ბოლოს უკვე ამაზეც უარს ვამბობდი და სარდაფში ვამჯობინებდი ღამის გათევას, რადგან ალბათ მაინც ვერ დავიძნებდი. ის, რომ აქ მეგობარი მეგულებოდა, დიდ იმედს მაძლევდა. სხვაგან ვერ წავიდოდი უგზოუკვლოდ. 

წელიწადნახევარია აქ ვარ. World Vision-თან დავიწყე თანამსრომლობა საქართველოში მყოფი ლტოლვილების საკითხებზე. ეს პროექტი სოციალური, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სხვა საჭირო დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში ეხმარება ლტოლვილებს. ეს ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა უკრაინელებისთვის. რამდენადაც ვიცი, ახლა საქართველოში 20 000 უკრაინელი ლტოლვილია, თუმცა თავდაპირველად 140 000-მდე ადამიანმა გადმოკვეთა საზღვარი. 

A young woman sitting on an armchair
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

ის, რომ აქ ჩემი მეგობარი მეგულებოდა, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო ჩემთვის. დაახლოებით 1 თვის ჩამოსული იყო და უკეთ იცოდა, სად რა ინფორმაციის მოძიება შემეძლო, ვისთვის მიმემართა საცხოვრებლის მისაღებად. დიდი რიგი იყო, უამრავი ადამიანი ელოდა დახმარებას. 3 კვირამდე დამჭირდა, სასტუმროს ნომერი რომ გამოეყოთ ჩემთვის, მანამდე მეგობართან ვრჩებოდი. არ ვიცოდით, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს პროგრამა. ასე გაგრძელდა დაახლოებით შუა ივლისამდე, შემდგომ უკვე ბინა უნდა მომეძებნა. ბინის შოვნა აღმოჩნდა რთული, რადგან ძალიან ძვირი ღირდა ყველაფერი. მაგრამ რადგან აქ უკვე ნაცნობები შევიძინე, გავუმკლავდი ამ გამოწვევას.

ძალიან ბევრ უკრაინელთან ვმუშაობ და მათი საჭიროებები განსხვავდება. არის ოჯახები, რომლებსაც სამშობლოს გარეთ არასდროს უცხოვრიათ, შვილები ჰყავთ და უჭირთ ახალ გარემოებებთან ადაპტირება, მაგრამ როდესაც მარტო ხარ, მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ პასუხისმგებელი და უკეთ უმკლავდები ყველაფერს. თბილისში 2 უკრაინული სექტორია და თავდაპირველად ძალიან გადაიტვირთა სკოლები, რის გამოც, ბევრი ბავშვი დღემდე უკრაინის სკოლებში ირიცხება და საქართველოში განათლების მიღების შესაძლებლობის გარეშეა დარჩენილი. უმრავლესობა უკრაინელებისთვის ჯერაც უცნობია, კიდევ რამდენ ხანს გასტანს ეს მდგომარეობა და რამდენ ხანს მოუწევთ აქ დარჩენა. პირველ წელს ყველას იმედი ჰქონდა, რომ აი, 1 თვეში ყველაფერი დასრულდებოდა და შინ დაბრუნდებოდნენ, ამიტომ შვილების სასწავლებლად გადმოყვანას გარკვეული დროით აფერხებდნენ.

A young woman wearing light brown jacket and blue jeans is leaning on an armchair
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

მეც აქ ვარ, რადგან ეს მოცემულობა მაქვს. თუმცა ბევრი დაბრუნდა, იქ უკეთ გრძნობენ თავს. მე ჯერ აქ ვრჩები. ვნახოთ, შეიძლება კიდევ რომელიმე სხვა ქვეყანაში გადავბარგდე. თუმცა ჯერ არ ვიცი. აქ სტაბილურობაა. ვიცი, თუ გამიჭირდა ვის მივმართო, როგორ არის აქ ყველაფერი მოწყობილი. რამდენიმე წინადადების გადაბმაც შემიძლია ქართულად, თუმცა თითქმის ყველამ იცის ინგლისური. 

პროგრამის შესახებ:

გაეროს ერთობლივი პროგრამა „ინკლუზიური ჰუმანიტარული რეაგირება უკრაინელ ლტოლვილთა შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე“ ხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 5 სააგენტოს მიერ (UNFPA, UNICEF, WHO, UN Women, OHCHR) 2023 წლის მანძილზე. პროგრამა ხორციელდება გაეროს პარტნიორობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის (UNPRPD Multi-Partnership Trust Fund) მხარდაჭერით.

პროგრამის მთავარი მიზანია მხარი დაუჭიროს შშმ პირთა კონვენციის მე-11 მუხლის განხორციელებას, რომლის თანახმად: „მონაწილე სახელმწიფოები იღებენ საერთაშორისო სამართლით, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა და უსაფრთხოება სარისკო სიტუაციებში, შეიარაღებული კონფლიქტების, საგანგებო ჰუმანიტარული და სტიქიური უბედურებით გამოწვეული სიტუაციების ჩათვლით“.

შენიშვნა: მასალაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს გაეროს მოსახლეობის ფონდის, პროგრამის მონაწილე გაეროს სხვა სააგენტოების და დონორი ორგანიზაციის პოზიციას.