ბავშვის ცხოვრებაში სკოლა არის მთავარი ადგილი, სადაც ის ცოდნას იძენს, კითხვებზე პასუხებს პოულობს და გააზრებულად მოქმედებას სწავლობს.
თანამედროვე ტექნოლოგიურ საშუალებებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობის ფონზე, სასკოლო სივრცეში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ბავშვებისთვის ასაკზე მორგებული, სანდო ინფორმაციის მიწოდება ისეთ საკითხებზე, რაც მათ ზრდასა და განვითარებას, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას უკავშირდება და რაზე არასწორი ან დამახინჯებული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა კითხვებზე პასუხის პოვნის ნაცვლად, გაუგებრობა და მცდარი წარმოდგენები გამოიწვიოს.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში, საგნის „ბიოლოგია“ და „სამოქალაქო განათლება“ საბაზო საფეხურის სტანდარტებში შეტანილია საკითხები „რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის“ შესახებ. იმისათვის, რომ სასკოლო სივრცეში რეალურად დაინერგოს აღნიშნული საკითხები, მნიშვნელოვანია, დაწყებით საფეხურზე ისწავლებოდეს „უსაფრთხოების და სექსუალური ხასიათის დანაშაულთან“ დაკავშირებული საკითხები.
იმისათვის, რომ სკოლებში ხელმისაწვდომი გახადოს ჯანმრთელობასა და პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმირებულობა, განათლების სამინისტრო, გაეროს მოსახლეობის ფონდთან და და საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრ „თანადგომათან“ თანამშრომლობით, ახორციელებს საპილოტე პროექტს „ექიმის საათი“.
რა არის „ექიმის საათი“?
პროექტის „ექიმის საათის“ ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის 1-6 კლასის მოსწავლეებისთვის შემუშავდა 8-8 საგაკვეთილო სცენარი, ექიმებს და დამრიგებლებს კი ჩაუტარდათ ონლაინ ტრენინგები.
2021 წლის ოქტომბერ-დეკემბერში „ექიმის საათი“ პირველი პილოტური პროექტი მოიცავდა ქალაქ თბილისის 6 საჯარო სკოლას, ხოლო 2022 წლის მარტ-ივნისში კი კიდევ 3-3 საპილოტე სკოლას თბილისსა და საგარეჯოში.
ეს იყო ყველაზე კარგი პროექტი, რომელიც ოდესმე სასკოლო სივრცეში განმიხორციელებია, რადგან ორიენტირებული იყო დაწყებითი საფეხურიდანვე მოსწავლეების პიროვნულ განვითარებაზე, მათი სოციო-ემოციური ქცევების მართვაზე, რაც ვფიქრობ, რომ საფუძველთა საფუძველია მთელი ცხოვრების მანძლზე. როგორ მართავ ადამიანი საკუთარ თავს, როგორი რეალიზებული იქნები, დამოკიდებულია სწორედ ქცევითი პრობლემების მოგვარებაზე, რამდენად იციან მოსწავლეებმა როგორ მართონ საკუთარი ემოციები, როგორ გაუფრთხილდნენ ერთმანეთს და საკუთარ თავებს, როგორ დაიცვან ჰიგიენის წესები. ფაქტობრივად, ამ პროექტის ფარგლებში, ყველა შესწავლილი საკითხი რაც იყო, ყველა ის ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხები გადაფარა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანია,“ ამბობს თბილისის #182-ე საჯარო სკოლის დირექტორი ეკა თაბუაშვილი.
მისი სკოლა ერთ-ერთია იმ სკოლებს შორის, სადაც „ექიმის საათი“ I კლასელებს უტარდებოდათ. როგორც ის აღნიშნავს, როდესაც მესამე კლასიდან იწყებენ საგანს „მე და საზოგადოება“, ბავშვები ჯერ კიდევ არ ფლობენ ინფორმაციას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა, ჰიგიენის დაცვა, შენი პირადი სივრცე, პირადი და სხვისი უფლებები და ასე შემდეგ. პირველივე კლასიდან „ექიმის საათი“ კი ამ საკითხებისთვის ერთგვარი ნიადაგის მომზადებაა. სკოლის დირექტორი მშობლების მზადყოფნასაც მიესამლება საპილოტე პროექტში გაწერილი თემების მიმართ, ამ „ჯერ კიდევ ტაბუდადებულ და სტერეოტიპებით გაჯერებულ საზოგადოებაში“
ამავე სკოლის ექიმი, ნინო ბახუტაშვილი მიიღნევს, რომ „ექიმის საათი“ ძალიან საჭირო და დროული პროექტია, ცოტა დაგვიანებულიც კი.
[იმ საკითხების მიმართ] რაც ჩვენ „ექიმის საათის“ ფარგლებში უნდა ვესაუბრით და ვასწავლოთ, ბავშვები ვაკუუმში არიან. არ ვიცი ვისი ბრალია: მშობლების თუ ზოგადად გარემოა ასეთი. ისეთ საინტერესო საკითხებს ვასწავლით და ასაკიდან გამომდინარე ისეთი ფორმებით ვაწვდით ამ ყველაფერს, რომ მათთვის არის ძალიან გასაგები და საინტერესო და დიდ ინტერესსაც გამოთქვამდნენ,“ ამბობს ის.
მისთვის „ექიმის საათის“ ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა კარგ და ცუდ შეხებას ეხებოდა, სადაც 6-7 წლის მოსწავლეებს ასწავლიდა, თუ რას ნიშნავს პირადი სივრცე:
თუ რაიმე ხდება ცუდი, დიდ ასაკში ვერავინ მოგვატყუებს, უფროსები ვხვდებით ყველაფერს და ბავშვებისთვის სწორედ ეს პერიოდია საშიში, რადგან ბავშვმა არ იცის რასთან აქვს საქმე. მე ვასწავლე ის ზონები სადაც შეიძ₾ება შეგეხოს უცხო ადამიანი, ვინ არის მათთვის სანდო და ვის უნდა მიმართონ [საფრთხის შემთხვევაში].“
ამავე სკოლის დამრიგებელი ნინო ჯინჭარაძე, რომელიც ექიმთან ერთად პირველ კლასში ატარებდა გაკვეთილს, თვლის, რომ პროგრამა, თავის დამხმარე მასალასთან ერთად, „ბავშვების დაინტერესებას იწვევდა და შემდეგ მეხსიერებაში ილექებოდა.“
როდესაც მშობელი ეუბნება ბავშვს, რომ ეს არ შეიძ₾ება, იმის იქით სხვა ინფორმაციას ვერ აწვდის. ბავშვი ვერ აცნობიერებს რატომ არ შეიძლება ეს, ღრმად ვერ აცნობიერებს, მაგრამ როდესაც ვიდეო ფილმს ნახულობს, მოთხრობას ისმენს, ხატავს და აფერადებს შესაბამის მასალას, ამ დროს უფრო მეტად გააზრებულად ხვდება, რატომ არ შეიძლება ესა თუ ის საქციელი რომ ჩაიდინოს. მაგალითად, რატომ არ უნდა გაყვეს სხვას, რატომ არ უნდა გააცნოს სხვას პირადი ინფორმაცია, რატომ არ უნდა შეეხონ მათ სხეულის აკრძალულ ზონებზე უცნობი ადამიანები, ვინ არის ის პიროვნება, ვისაც შეუძ₾ია ენდოს და რატომ უნდა ენდოს მას. ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ამას თავიდანვე ჩაეყრება საფუძველი, მერე და მერე უფრო მომზადებული შეხვდება ბავშვი იმ სიტუაციას, რაც ასეთ საფრთხეებს უქმნის ჩვენს მოსწავლეებს.“ ამბობს ის.
„არის ისეთი თემები, რაც ტაბუდადებული თემებია ზოგადად და სირცხვილის გრძნობას იწვევს. მასწავლებელიც უვლის გვერდს და ბავშვსაც სირცხვილის გრძნობა აქვს. კი აინტერესებს, მაგრამ ვერ სვამს ღიად ამ კითხვებს და ეს თემები ისეთნაირადაა შემოტანილი, იმდენად მნიშვნელოვნად არის გაწერილი, გააზრებული, რომ უხერხულობა არც ბავშვს შეუქმნას და არც მასწავლებელს.“
რატომ შეიქმნა „ექიმის საათი“?
ჯანმრთელობისა და პირადი კეთილდღეობის პროგრამები კურიკულუმზე დაფუძნებული სწავლისა და სწავლების პროცესია, რომლის მიზანია ბავშვებისა და ახალგაზრდების ცოდნის დონის ამაღლება, უნარ-ჩვევების გამომუშავება და მათში იმ ღირებულებების გაძლიერება, რომლებიც მათსავე ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საწინდარია. ეს ასევე მოიცავს სწორ წარმოდგენებს სოციალური და სქესობრივი ურთიერთობების შესახებ, იმის გააზრებას, თუ როგორ აისახება მათი არჩევანი მათი და მათი გარშემომყოფების ცხოვრებაზე და, ყველაფერთან ერთად, მათი უფლებების რეალიზებაზე მთელი ცხოვრების მანძილზე.
როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის პროგრამის ანალიტიკოსი, მარიამ ბანძელაძე ამბობს, გაეროს მოსახლეობის ფონდი უკვე მრავალი წელია მუშაობს იმისთვის, რომ მოზარდებს ხელი მიუწვდებოდეთ ასაკზე მორგებულ ინფორმაციაზე თავიანთი ჯანმრთელობისა და სხეულის შესახებ. „როცა პირად უსაფრთხოებაზე ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ აქ სწორი ინფორმაციაა ამოსავალი წერტილი როგორც მოზარდებისთვის, ასევე მათი ოჯახებისთვის. სამყაროს და საკუთარი თავის შეცნობა და აღქმა ბავშვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, სკოლამ, ოჯახმა და სხვა მხარდამჭერებმა უნდა შევძლოთ და ძალები გავაერთიანოთ იმისთვის, რომ მოზარდებმა შეძლონ მოზრდილობაში ჰარმონიულად გადასვლა და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში განვითარება.“
არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომას“ ფსიქოლოგის, მაია ჯიბუტის თქმით, პროექტის ფარგლებში გადამზადებული პედაგოგები და სკოლის ექიმები „საინტერესო გამოწვევის წინაშე დადგნენ.“
მათი განწყობა და დამოკიდებულება სასწავლო თემების მიმართ თავიდან იყო შიშნარევი, წუხდნენ იმაზე, თუ როგორ გაართმევდნენ ამ ყველაფერს თავს. ექიმები გვეუბნებოდნენ, რომ არ ქონდათ პედაგოგიური სწავლების გამოცდილება. თუმცა საბედნიეროდ მათ შეძლეს და მოსწავლეებთან შეხვედრების პროცესი წარმართეს ძალიან საინტერესოდ და თავადაც დაინახეს, თუ რამდენად დიდია „ექიმის საათის“ პროგრამის დანერგვის საჭიროება და აუცილებლობა,“ ამბობს ის.
პილოტურმა პროექტმა „ექიმის საათი“ მაჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თემების -ჯანმრთელობა, ურთიერთობები და პირადი უსაფრთხოება - ბავშვებისთვის სწავლება, მათი აზროვნების გააქტიურება და დაფიქრება ამ საკითხებთან მიმართებაში,“ ამბობს ჯიბუტი და დასძენს, რომ პილოტის ფარგლებში 1-6 კლასის მოსწავლეებმა „გამოამჟღავნეს დიდი ინტერესი და მოახდინეს რეფლექსია ყველა იმ საკითხზე, რასაც პროგრამა მოიცავს.“
სკოლაში ბულინგი ერთ-ერთ აქტუალური პრობლემაა და „ექიმის საათმა“ პირველივე კლასიდან დაიწყო ჩაგვრა/ძალადობაზე შეხვედრების ჩატარება, სხვადასხვა მეთოდოლიგიითა და ინტერაქტიული სავარჯიშოებით. როგორც ჯიბუტი აღნიშნავს, „აქ მთავარი აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ადამიანი არ დარჩეს გულგრილი, როცა სხვა ადამიანის, მეგობრის, კლასელის ჩაგვრას უყურებს, რომ ე.წ. მჩაგვრელს/ბულერს უთხრას, რომ მისი ქცევა არასწორია. ამ თემაშიც მოსწავლეები კარგად ახერხებდნენ ინტეგრირებას.“
მისი თქმით, ბავშვები მთლიანად იყვნენ ჩართულები ინტერაქტიულ პროცესებში, ბუნებრივად ითავისებდნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: სწორი კომუნიკაცია, ემოციების ერთმანეთისთვის გაზიარება, კონფლიქტების მინიმუმამდე დაყვანა. შემოვიდა ისეთი ახალი ცნებები, როგორიცაა „უცხო ადამიანი“, „სანდო ადამიანი“, როგორ უნდა იმოქმედონ დაკარგვის შემთხვევაში ან/და მაშინ, როცა საქმე ეხება ძალადობას, პირადის სივრცის, პირადი უსაფრთხოების დარღვევას.
“პროექტმა მაჩვენა, რომ მოსწავლეებს აქვთ სრული მზაობა, რომ მიიღონ, ისაუბრონ და იმსჯელონ ზემო აღნიშნულ თემებსა თუ საკითხებზე. მე დავინახე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი მომავალი ცხოვრებისთვის ქონდეთ ყველა ის სასიცოცხლო უნარ-ჩვევა, ცოდნა, რაც ეხება მათი ჯანმთელობის დაცვას, პირადი ურთიერთობების სწორად აგებას, ძალადობრივი ქცევის იდენტიფიცირებას და მის გახმაურებას,” ამბობს ის და იმედოვნებს, რომ განათლების სამინისტრო მიიღებს „ექიმის საათის“ პროგრამის სასკოლო სივრცეში დროულად დანერგვის გადაწყვეტილებას.