2017 წლის 11 ოქტომბერი, 19. 00 საათი. გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი (თბილისი, გ. ჭანტურიას # 8).
11 ოქტომბერი გოგონების საერთაშორისო დღეა. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით, ამ დღესთან დაკავშირებით, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დინა ოგანოვას ფოტოგამოფენა „გოგონები მომავლიდან“ გაიხსნება. გამოფენა მომზადდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ.
დინა ოგანოვას ფოტოპროექტი „გოგონები მომავლიდან“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები 10-დან 16 წლამდე გოგონების ისტორიებს გვიამბობს როგორც ფოტოების, ასევე ტექსტების მეშვეობით. პროექტის მიზანია, საზოგადოებას ხაზგასმით დაანახოს, რომ გოგონების პოტენციალის სრულ რეალიზებას, მათთვის თანაბარი პირობებისა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარებისთვის, რომ თითოეულ გოგონას უნდა მიეცეს საშუალება, დაასრულოს განათლება და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის შესახებ. ფოტოპროექტი ნაწილია იმ მასშტაბური საადვოკაციო სამუშაოსი, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრისა და მოზარდებისა და ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით ეწევა.
გამოფენა 2017 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით გასტანს.
ფოტოგრაფის შესახებ: დინა ოგანოვა ახალგაზრდა დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია, რომელიც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობს და სხვადასხვა გრძელვადიან პროექტზე მუშაობს. ის რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატია, მათ შორის, დასახელებულია 30 წლამდე ასაკის 30 საუკეთესო ქალ ფოტოგრაფს შორის. დინა ოგანოვას ფოტოპროექტები: „მე - საქართველო“, „ჩემი სივრცე“, „გაყინული ტალღები“ გამოფენილი იყო იტალიაში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, პოლონეთში, გერმანიაში, თურქეთში, შვედეთში, დანიაში, ლიტვაში, უკრაინაში, ბანგლადეშში, კამბოჯაში, ეთიოპიაში, სინგაპურსა და საქართველოში. დინა ოგანოვას ეკუთვნის პირველი ქართული ხელნაკეთი ფოტოწიგნი „ჩემი სივრცე“, რომელიც სხვადასხვა მუზეუმის, მათ შორის, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის კერძო კოლექციაში ინახება.
2016 წლიდან დინა ოგანოვა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან.