Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

„განძი“ - ახალგაზრდების მიზნების და ოცნებების სადარაჯოზე

„განძი“ - ახალგაზრდების მიზნების და ოცნებების სადარაჯოზე

Story

„განძი“ - ახალგაზრდების მიზნების და ოცნებების სადარაჯოზე

calendar_today 09 June 2023

"განძის" ბლოგერები - ორი გოგო და ბიჭი (შუაში) კიბეებზე სხედან
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

ახალგაზრდების გაძლიერება, მათი ცნობიერების ამაღლება, საჭირო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვა, ტრადიციული სოციალური ნორმებით განპირობებული მითების დამსხვრევა ხელშესახები ცვლილებების მისაღწევად, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საქართველოს რეგიონებში. 

ეს განსაკუთრებით ეხება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს, როგორიცაა სამცხე-ჯავახეთი, სადაც ახალგაზრდებს სანდო, გადამოწმებული და დროული ინფორმაცია სჭირდებათ იმ ამბების შესახებ, რაც მათ ირგვლივ ხდება.

ამისათვის, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა და ორგანიზაცია „საფარმა“, ევროკავშირის მხარდაჭერით,  პირველი ქართულ-სომხურენოვანი ონლაინ მედია პლატფორმა „განძი“ შექმნეს.

„განძმა“ არაერთი ახალგაზრდა გააერთიანა, ბიჭებიც და გოგოებიც, რეგიონის სხვადასხვა სოფლებიდან. ამ გოგოებს და ბიჭებს უკვე ერთნაირი მიზნები აქვთ“, ამბობს 25 წლის გოჰარ აღჯოიანი, ნინოწმინდიდან. 

გოჰარ აღჯოიანი ზის კიბეებზე. მას აცვია შარვალი და პიჯაკი, თმა აქვს ნახევრად შეკრული და გვერდით უდევს მცირე ზომის ხელჩანთა
გოჰარ აღჯოიანი. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

გოჰარი ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებს შორის, ვინც „განძისთვის“ ამზადებს მასალებს იმ თემებზე, რომელიც მათ რეგიონშია აქტუალური და თანატოლების ინტერესს იწვევს. 

ბიჭებსაც ვხედავ, როგორ წერენ ქალთა უფლებებსა და ადრეული ქორწინების მავნებლობაზე...ჩვენ ყველას გვამოძრავებს კარგის გაკეთების და ჩვენი წვლილის შეტანის სურვილი“, ამბობს ის. 

მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, UNFPA და „საფარი“ ხელს უწყობენ ქალებისა და გოგოების მიმართ არსებული საზიანო პრაქტიკების პრევენციას და რეპროდუქციული უფლებებისა და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ეთნიკურ უმცირესობებში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პლატფორმა “განძიც”.

რა არის „განძი“?

 „განძი“ არის ორენოვანი პლატფორმა, რომელიც განსხვავებული პროფესიის და ასაკის ახალგაზრდას აერთიანებს, რომლებიც ირგებენ მთხრობელის როლს და საკუთარ ისტორიებს, მოსაზრებებს და შეხედულებებს თანასწორობის, მხარდაჭერის და სამართლიანობის შესახებ უზიარებენ თანატოლებს. ამისთვის კი სხვადასხვა ინოვაციურ გზებს იყენებენ ჩანაწერების, ბლოგ პოსტების, ვიზუალური მასალას თუ პოდკასტების სახით. მათი მთავარი მოტივაცია „კარგის გაკეთების“ და „წვლილის შეტანის“ სურვილია. პლატფორმა ღიაა ყველა ახალგაზრდისთვის, ვინც მის ღირებულებებს იზიარებს და ვისთვისაც ამბის თხრობა გოგოების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დასაცავად საინტერესო გზაა.  

გაეროს მოსახლეობის ფონდში გვჯერა, რომ ისეთი სივრცის არსებობა როგორიც „განძია“, უზრუნველყოფს თანაბარ წვდომას სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე, განსაკუთრებით ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა საზიანო პრაქტიკების დასრულება, ქალებისა და გოგოების გაძლიერება, მათი პოტენციალის რეალიზების მნიშვნელობა, და ამავდროულად, საშუალებას აძლევს ეთნიკურად ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს, რომ მათი ხმა ისმოდეს და მეტმა გაიგოს მათი საჭიროებების, ინტერესებისა და მისწრაფებების შესახებ. „განძი“ უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების განვითარების, კეთილდღეობისა და მხარდაჭერისთვის“, ამბობს მარიკა ქურდაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის პროგრამის ოფიცერი.

 „განძის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდების ინფორმირება, გააქტიურება და გაძლიერებაა. განძის ბლოგერები ხშირად წერენ თემებზე, როგორიცაა: გენდერული თანასწორობა, ადამიანის უფლებები, კონკრეტულად კი, ქალთა, ეთნიკურ უმცირესობათა და ბავშვთა უფლებები, ადრეული ქორწინება, არსებული სტერეოტიპები და მათი აღმოფხვრა, საზიანო პრაქტიკების პრევენცია, ტოლერანტობა და ა.შ.

მე ვცდილობ, რომ ამ პატარა პლატფორმის მეშვეობით წვლილი შევიტანო [ახალგაზრდების გააქტიურების] საქმეში. გარდა ეთნიკური უმცირესობებისა, ქალთა უფლებებთან, კოვიდის პერიოდში ვაქცინაციასთან და სხვა პოპულარულ თემებთან დაკავშირებითაც მაქვს სტატიები დაწერილი“, ამბობს 23 წლის, ჯივან მკრტიჩიანი, ნინოწმინდიდან.

„ყოველთვის უნდა აკეთო ის, რაც გიყვარს“

 „განძის“ ბლოგერებისთვის განათლება და კარიერა ძალიან მნიშვნელოვანია და მათი სამომავლო მიზნები საქართველოს საზღვრებსაც სცდება. 

ჯივან მკრტიჩიანის ახლო კადრი
ჯივან მკრტიჩიანი. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

ჯივანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. „განძის“ გუნდის წევრობამდეც იყო დაინტერესებული სამოქალაქო აქტივიზმით. 

ყოველთვის უნდა აკეთო ის, რაც გიყვარს. ძალიან მაღიზიანებს გამყოფი ხაზები ე.წ. ქალების და კაცების პროფესიებს შორის“, ამბობს ის.

მისი აზრით, „ეთნიკური უმციერსობებისთვის დღესდღეობით ყველაზე დიდი გამოწვევა ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება, ენის ბარიერი და მათთან კომუნიკაციის დამყარებაა“. ამიტომ მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის მოგვარების მთავარი საშუალება არის სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდების მოგზაურობა და კომუნიკაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. 

„განძის“ სხვა ბლოგერებიც ლაპარაკობენ ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. გოჰარის თქმით, „ერთმანეთის კულტურაზე და პრობლემზე არაფერი ვიცით, ამიტომ, გვიჩნდება ერთმანეთის მიმართ სტერეოტიპები. პრობლემებისა და კულტურის გაცნობის შედეგად, პოულობ ბევრ საერთოს და უკეთესი, მეგობრული ურთიერთობა ყალიბდება.“ 

მისივე აზრთ, „განძი“ ამ პრობლემის აღმოფხვრასაც ეხმარება.“ 

როგორც ამსხვრევს „განძი“ სტერეოტიპებს?

გოჰარი „განძის“ შექმნის დღიდანვე მისი გუნდის წევრია.  უკვე 6 წელია, რაც ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს და თვლის, რომ „განძი“ ზუსტად ისეთი პლატფორმაა, რომელსაც აინტერესებს ეს თემა და ცდილობს, რომ ახალგაზრდები გაააქტიუროს.“  პროფესიით ფსიქოლოგს, მოსწონს ისეთ საკითხებზე მუშაობა, რომლებიც ადამიანის მოტივაციის ამაღლებასთანაა დაკავშირებული.

ბავშვობაში ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ოდესმე სასურველი პროფესიით იმუშავებდა:

თუ  გოგო იყავი, აუცილებლად პედაგოგი უნდა გამხდარიყავი. მეც ასე ვფიქრობდი, ამის მჯრეოდა. მამაჩემიც იგივეს მეუბნებოდა, ზოგი მასწავლებელიც. სხვა ვარიანტი არც მქონდა, არასოდეს მეგონა, რომ ქალაქში ჩავიდოდი და აღმომაჩნდებოდა საიმისო გამბედაობა, რომ შემომეხაზა ის პროფესია, რომელიც მე მინდა. არ მჯეროდა, რომ ამის უფლება, ძალა და შესაძლებლობა მქონდა“.

გოჰარმა შეძლო სტეროტიპების დაძლევა და თავისი არჩევანი გააკეთა, ახლა კი სურს, რომ სხვებს დაეხმაროს: „ჩვენ იმდენად ძლიერები უნდა ვიყოთ, ნებისმიერი სირთულის მიუხედავად, საზოგადოებას უნდა დავუმტკიცოთ, რომ გოგოსთვის ერთადერთი გზა და ერთადერთი ვალდებულება არ არის გათხოვება და რომ ბიჭისთვის ერთადერთი გზა არ არის ფიზიკური მუშაობა.“

ჟანნა ჩოგანდარიანი დგას უნივერსიტეტის შესასვლელთან
ჟანნა ჩოგანდარიანი. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

20 წლის ჟანნა ჩოგანდარიანი, „განძის“ ბლოგერი ახალქალაქიდან, პლატფორმის გუნდს მეგობრის რჩევით შეუერთდა. 

ჟანნას თქმით, მის სოფელში ყველაზე დიდი პრობლემაა ქალთა უფლებების შელახვა, უფრო კონკრეტულად კი, მოტაცება. მას პირადად აქვს განცდილი ამ პრობლემის სიმწვავე. ჟანნას დას განათლების მიღება და ფარმაცევტობა უნდოდა, მაგრამ მოიტაცეს და „არავითარი ოცნება აღარ დარჩა“. 

ქალთა უფლებებზე ფიქრი მან სწორედ ამის შემდეგ დაიწყო: გადაიღო ფილმი დის თანაკლასელზე, რომელიც ასევე მოიტაცეს. ეს ფილმი “ამერიკის ხმამ” იყიდა. საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ სურს სწავლა ევროპაში გააგრძელოს. 

მისი მშობლები ძალიან ამაყობენ მისით და ეუბნებიან „ორ უნივერსიტეტში რომ ხარ, ერთგან შენი დის მაგივრად სწავლობო.“ 

ის თვლის, რომ „განძში“ სტუდენტების ჩართულობა აუცილებელია, რაგდან სწორედ ეს აძლევს მოტივაციას რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს:

ეს ერთ-ერთი პლატფორმაა, რასაც სიამოვნებით კითხულობენ, სიამოვნებით ნახულობენ [რეგიონში], რადგან ის სტუდენტები, ვინც არიან ასე ვთქვათ, მაგალითები, ჩართული არიან “განძში”. მგონი, ესეც ძალიან კარგია, რომ ნახავენ, თუ ამ ადამიანებს შეუძლიათ, მეც შევძლებ“. 

"განძის" ბლოგერები: ორი გოოგ და ერთი ბიჭი (შუაში) სხედან კიბეებზე
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA