Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

„განათლებით იწყება ყველაფერი“

„განათლებით იწყება ყველაფერი“

News

„განათლებით იწყება ყველაფერი“

calendar_today 02 December 2022

Ana Datiashvili, 23, is a young activist from Zestafoni in western Georgia
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

23 წლის ანა დათიაშვილი იმერეთში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურში, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ორივე მუშაობს, თითქმის ერთნაირად აქვ თავისუფალი დროც და ცდილობენ, მოვალეობები ოჯახშიც  თანაბრად  გადაინაწილონ.

ჩვენთვის "ქალის" და "კაცის" საქმე თითქმის არ არსებობს, რომელსაც გვაქვს თავისუფალი დრო ის კავდება საოჯახო საქმიანობით, მით უმეტეს რომ ამ ყველაფერთან ერთად ვსწავლობ და ძალიან დიდი ხელშეწყობა მჭირდება,“ ამბობს ანა.

ბავშვობიდან აქტიური მოხალისე, სხვადასხვა მიმართულებით ეძებდა საკუთარ თავს, წრეებზეც დადიოდა და 14 წლის ასაკში საქართველოს კალათბურთის ნაკრებშიც ითამაშა, თუმცა საბოლოოდ მის ცხოვრებაში მთავარი ადგილი მაინც განათლებამ და სამოქალაქო ტივიზმმა დაიკავა.

ინიციატივა „ახალგაზრდები ზესტაფონისთვის“

დღეს ანა საინიციატივო ჯგუფის "ახალგაზრდები ზესტაფონისთვის" თანადამფუძნებელია. საინიციატივო ჯგუფის შექმნის იდეა კი მას და მის მეგობრებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA)   საქართველოს ოფისის ინიციატივაში „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“ მიიღეს მონაწილეობა.

ანას შეფასებით, ეს ინიციატივა „მრავალი სასიკეთო ცვლილების საწინდარი გახდა“ როგორც პირადად მისთვის, ასევე ზესტაფონის განვითარებისთვის. ახლა უკვე როგორც საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, სამსახურთან და სწავლასთან ერთად, „უამრავი სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას“ აპირებს.

Ana Datiashvili wearing a white cap and light brown coat is standing outside a building
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

ნოემბერში საინიციატივო ჯგუფმა გაეროს მოსახლოების ფონდისა (UNFPA) და „ბოდი შოპის“ (The Body Shop) ერთობლივ იდეების კონკურსშიც გაიმარჯვა. შედეგად, ზესტაფონში მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის "თანასწორობის საკვირაო სკოლის" ტრენინგების ციკლი დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში თანასწორობისა და სხვადასხვა სოციალური გამოწვევების, მათ შორის, ადგილობრივ დონეზე გენდერული სტერეოტიპებისა და ნორმების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მათი აღმოფხვრის ხელშეწყობასა და გოგოების გაძლერებას.

„ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის” გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, გენდერული ნიშნით სტერეოტიპების და მანკიერი სოციალური ნორმების აღმოფხვრას ითვალისწინებს. ინიციატივა   ხორციელდება იმერეთის, გურიის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, ევროკავშირის მხარდაჭერით. იმერეთის რეგიონში ინიციატივის მხარდამჭერია იმერეთის განვითარების ცენტრი.

„ახალგაზრდები ცვლილებების წამყვან ძალას წარმოადგენენ, ამიტომ, მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა გაიზარდოს ისეთ პროცესებში, რომელიც ჩვენი საზოგადოების მომავალს განსაზღვრავს. ეს პროექტი ახალგაზრდებს აძლევს იმ მცირე ბიძგს, რომელიც ასე სჭირდებათ მათ, რათა ბევრად უფრო შორსმიმავალი და გრძელვადიანი ინიციატივები განახორციელონ საკუთარი და გარშემომყოფების კეთილდღეობისათვის. გვჯერა, რომ ახალგაზრდები შეძლებენ გაწყვიტონ საზოგადოებაში დღეს არსებული უთანასწორობის ჯაჭვი და  შექმნან ახალი, თანასწორობის ღირებულებებზე დაფუძნებული მომავალი“. - ამბობს ეთერ ნოღაიდელი, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ოფიცერი.

ჯერ ძალიან ახალი დაწყებული გვაქვს ფუნქციონირება, თუმცა უკვე ბევრ რამეს დაეტყო ჩვენი ხელი. ადვოკატირების შედეგად, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გამოგვიყო ფართი, სადაც შევძლებთ სამომავლოდ მუშაობას.“ ამბობს ანა და დასძენს, რომ საინიციატივო ჯგუფი „ჰაერივით სჭირდებოდა ზესტაფონს“.

ანა დარდობს, რომ მისი რეგიონი ხალხისგან იცლება. თავად არსად აპირებს წასვლას, პირიქით, სჯერა, რომ თავისი აქტიურობა და საინიციატივო ჯგუფის პროექტები, დაეხმარება რეგიონს, ხალხი მოიზიდოს და ახალგაზრდების გადინებას ხელი შეუშალოს.

ძალიან დიდი დაინტერესება მოყვა ჩვენს საინიციატივო ჯგუფს ზესტაფონის მოსახლეობისგან და სამოქალაქო ორგანიზაციების მხრიდან. გამოჩნდნენ წევრობის მსურველები, თუმცა ჯერჯერობით არ გვაქვს მიღება გამოცხადებული მანამ, სანამ არ მოვძლიერდებით, შემდეგ კი, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს მივცემთ მოტივაციას და არაერთი ადამიანი ჩაერთვება ჩვენს საქმიანობაში,“ ამბობს ანა.

Ana Datiashvili standing in the middle of a street in Zestafoni
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

განათლებით იწყება ყველაფერი

ინიციატივამ „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მის შემდგომ გადაწყვეტილებაზეც, თუ რა განხრით გაეგრძელებინა სწავლა მაგისტრატურაზე:

რეალურად, განათლებით იწყება ყველაფერი. ნებისმიერი სოციალური, ეკონომიკური, კულტურული თუ პოლიტიკური პრობლემა თუ სიკეთე, ყველაფერი იწყება განათლებიდან. თუ არის ერი განათლებული, არის ყოველმხრივ კარგად.“

ამიტომ გადავწყვიტე, განათლების სისტემაში ცვლილებების შესატანად შესაბამისი ცოდნით  აღმეჭურვა საკუთარი თავი და ჩავაბარე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურენოვან პროგრამაზე „ლიდერობა და მენეჯმენტი უმაღლეს განათლებაში“. ვფიქრობ, ბევრი სასიკეთო ცვლილების მოხდენა შემეძლება ამ პროგრამის დასრულების შემდეგ“, ამბობს ანა, რომელიც ამ ინგლისურენოვანი პროგრამის ერთადერთი მაგისტრანტია.

Ana Datiashvili standing at a window of a building wearing a white long-sleeve shirt and black trousers
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

ინიციატივის „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“ შემდეგ დაიწყო ანამ მუშაობა თავისი სოფლის სკოლის მანდატურის სამსახურში, სადაც მას აქვს უშუალო ურთიერთობა სწორედ იმ სფეროსთან, სადაც სამომავლოდ ძალიან დიდი ცვლილებების მოხდენას აპირებს:

ახალგაზრდებზე, ბავშვებზე ზრუნვა არის ჩემთვის უპირველესი იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის აღორძინების მომავალი ძალა. ამიტომ, მათზე უნდა დავხარჯოთ მთელი რესურსი.“

„ჩემი პროფესია ჩემი არჩევანია“

რადგან ზესტაფონში ჯერაც სტერეოტიპული დამოკიდებულებებია პროფესიების მიმართ, ანასთვის განსაკუთრებით საამაყოა პროექტი „ჩემი პროფესია ჩემი არჩევანია“, რომელზე მუშაობის პროცესშიც დაინახა, რომ „ნებისმიერი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას კაცობრიობა, მომდინარეობს განათლებასა თუ ინტელექტიდან რადგან თუ ერი განათლებულია იქ ბევრად ნაკლები სოციალური, ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა პრობლემა არსებობს“.

სწორედ პროფესიების შესახებ არსებული გენდერული სტერეოტიპების დამსხვრევასა და გოგოებისა და ბიჭებისთვის პროფესიული არჩევანის თავისუფლების წახალისებას ეძღვნება მისი ნახატი ზესტაფონის ერთ–ერთი საბავშვო ბაღის კედელზე.

Ana Datiashvili standing in front of her painting at a kindergarten wall
ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

როგორც თავად აღნიშნავს, „მუშაობა უნდა დავიწყოთ იქედან, საიდანაც ამ გამოწვევის ფესვები ყალიბდება, ანუ განათლებიდან, რადგან სოციალური პრობლემები ძირითად შემთხვევაში სწორედ განათლების ნაკლებობის ნაყოფია.“

იმერეთის რეგიონში ინიციატივა „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“ ხორციელდება პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.