Go Back Go Back
Go Back Go Back

“შეგვიძლია ვიყოთ გმირები“ - ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ახალგაზრდები თანასწორობისთვის ერთიანდებიან

“შეგვიძლია ვიყოთ გმირები“ -  ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ახალგაზრდები თანასწორობისთვის ერთიანდებიან

News

“შეგვიძლია ვიყოთ გმირები“ - ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ახალგაზრდები თანასწორობისთვის ერთიანდებიან

calendar_today 30 December 2021

ახალგაზრდები ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან გენდერული თანასწობისთვის ერთიანდებიან.

ახალგაზრდები, რომლებსაც სჯერათ, რომ გოგოებს და ბიჭებს საკუთარი თავის აღმოჩენის და რეალიზების თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, თანასწორობის სახელით ერთიანდებიან. ფესვგადგმული სტერეოტიპების დამარცხების გზას ისინი ცვლილებებში ხედავენ - ქალების და კაცებისთვის განათლებასა და სამუშაო ადგილებზე თანაბარ წვდომაში, საოჯახო საქმეების თანასწორ გადანაწილებაში და არჩევანის თავისუფლებაში. 

25 წლის ლიამან მამედოვასთვის გენდერული თანასწორობა თავისუფალი არჩევანის უფლებაა, როდესაც ქალსა და კაცს, მათი სქესისა და გენდერული კუთვნილების მიუხედავად, შეუძლია ისეთი არჩევანი გააკეთოს, რაც მისთვისაა სასურველი. 

[ქვემო ქართლში] გენდერული თანასწორობის კუთხით ძალიან ბევრი სტერეოტიპი არსებობს და აქაც, სამწუხაროდ, ისევ ქალების უფლების შეზღუდვასთან გვაქვს საქმე. ქალებს არ აქვთ შესაძლებლობა განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები. სასურველია, რომ გოგოს ჰქონდეს დიპლომი, მაგრამ ამ დიპლომს აქვს მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური ხასიათი, ეს არის იმის ნიშანი, რომ გოგო მარტივად დაოჯახდება“, ამბობს ლიამანი.

ის აქვე დასძენს, რომ კაცების გენდერული როლების შესახებ გავრცელებული შეხედულებების მიხედვით კი, არ არის მიღებული, რომ მათ იტირონ, ან სხვა რაიმე ფიზიკური ან ემოციური სისუსტე საჯაროდ გამოხატონ. ასევე ქალი და სპორტი არის ძალიან უცხო ერთმანეთისგან და თუ მაგალითად, ქალი ფეხბურთს ან ძალოსნობას მისდევს, ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება, საზოგადოება ამას ძალიან არასწორად აღიქვამს და არ ახალისებს.

ლიამანი ერთ-ერთია იმ ახალგაზრდა ტრენერებს შორის, რომელთაც სურთ, გენდერული თანასწორობისა და ადვოკატირების საკითხებში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით, ცნობიერება აუმაღლონ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს და ამით ხელი შეუწყონ სოციალური და გენდერული ნორმების ცვლილებას. ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

გავრცელებული სტერეოტიპების შესახებ საუბრისას, 20 წლის აინურ ახმედოვას მაგალითად თავის სოფელში გავრცელებული ტენდენცია მოჰყავს, რომლის თანახმადაც, გოგოებს უფლება არ აქვთ, რომ შუადღის მერე, საღამოს საათებში მარტო გავიდნენ გარეთ. ბიჭებს კი არა მხოლოდ გარეთ გასვლა შეუძლიათ, არამედ უფლება აქვთ, სახლში არც დაბრუნდნენ, სხვაგან დარჩნენ, რის ნებასაც გოგოებს არ რთავენ.

ეს გენდერული უთანასწორობაა; ეს უნდა შეიცვალოს, მაგრამ ჯერ ჩვენს ოჯახებში უნდა მოხდეს ამ რეალობის ცვლილება, ამის შემდეგ ჩვენ ირგვლივ, სანათესაოში, თემში, რეგიონში და მერე ნელ-ნელა რაღაცები შეიცვლება. ამ მხრივ, შეგვიძლია ვიყოთ გმირები და ჩვენში, საკუთარ თავსა და ოჯახებში შევცვალოთ შეხედულებები, დამოკიდებულებები და ჩვენი მოსაზრებები გავუზიაროთ სხვებს“, ამბობს აინური.  

მსგავსი გამოწვევების წინაშე დგას სამცხე-ჯავახეთიც, სადაც ტენდენცია, რომ მაგალითად, ბიჭს უნდა დარჩეს მემკვიდრეობა, დღესაც აქტუალურია. 19 წლის მარიამ ნადირაძე თავად არაერთხელ გამხდარა მსგავსი დამოკიდებულებების სამიზნე. მისთვის უთქვამთ, რატომ ხარ ასეთი აქტიური, მაინც სახლში უნდა იჯდე, ბავშვები გაზარდოო.

„გენდერული თანასწორობა ჩემთვის სამართლიანი გარემოს საწინდარია, იმიტომ რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში საქართველომ, როგორც მულტიკულტურულმა და ტოლერანტმა ქვეყანამ შეძლოს დისკრიმინაციის და უთანასწორობის შემთხვევები შეამციროს“ ამბობს მარიამი და მოუწოდებს ახალგაზრდებს „იყვნენ აქტიურები, ცხოვრებაში ყველა შანსი გამოიყენონ, რადგან შეიძლება ის, რაც დღეს სხვისი პრობლემა გვგონია, მეორე დღეს ჩვენი პრობლემა იყოს და უკვე მარტო ჩვენ ვეღარ გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს“.

33 წლის ალისა გიმიშიანსაც სჯერა, რომ „ცვლილებები იწყება ჩვენით და თუ ჩვენ გვინდა დავინახოთ უკეთესი გარემო და ვიცხოვროთ ისეთ გარემოში სადაც გვინდა რომ ყველას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები, მაშინ პირველი ნაბიჯი ჩვენ გადავდგათ“.

გვანცა სამსონიძე, სხვა ახალგაზრდების მსგავსად, იმ ტრენერთა ტრენინგის მონაწილეა, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის პროგრამების ფარგლებში 2021 წელს ბაკურიანში ჩატარდა. ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

22 წლის გვანცა სამსონიძე სამცხე-ჯავახეთიდან თავის რეგიონში შვილების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის ნაკლებობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, „ხშირად, როდესაც გენდერული თანასწორობის შესახებ ვსაუბრობთ, ვხვდებით შემთხვევებს როდესაც გენდერული თანასწორობა არ არის სწორად, ადეკვატურად გაგებული. კარგი იქნება თუ ამას ადრეული ასაკიდან დავიწყებთ, რადგან უთანასწორობას სწორედ ადრეული ასაკიდან ეყრება საფუძველი“.

32 წლის თემურ სუყაშვილი, რომელიც მარნეულის 2 სკოლაში ასწავლის, ამბობს, რომ გენდერის საკითხებს ძირითადად სამოქალაქო განათლების მასწავლებლები განიხილავენ, თუმცა არსებობს ძალიან მცირე გამონაკლისები, როცა ფიზიკის, მათემატიკის ან ხატვის მასწავლებელი აკეთებს ამაზე აქცენტს. 

სინამდვილეში, ეს უნდა იყოს ერთი კომბინირებული წრე, სადაც ყველა მასწავლებელი თავის აგურს დებს, რომ ეს მოგვარდეს. განსაკუთრებით იმ საზოგადოებს წევრები, სადაც მე ვმუშაობ გენდერულ თანასწორობას მაინდამაინც გოგოების გაძლიერებისა და ბიჭების როლის შესუსტებად აღიქვამენ. სწორედ ამაზე უნდა იყოს გაკეთებული აქცენტი, ამ რეგიონებში მომუშავე არასამთავრობო საზოგადოებისა და სხვა ორგანიზაციების მხრიდან, რომ ეს არ არის შენი მეუღლის, დედის, დის ან თანაკლასელი გოგოს როლის გაზრდა და შენი შემცირების, პირიქით, [ეს არის] შენი ჩართულობა, იგივე საოჯახო თუ სხვა საქმეებში“, ამბობს თემური.

ის ახალგაზრდებს ურჩევს, რომ იყვნენ მიზანდასახულები ნებისმიერი მიმართულებით „იმიტომ, რომ მიზნის გარეშე ძალიან რთულია მივაღწიოთ ცვლილებებს. ასევე ვეტყოდი, რომ მნიშვნელოვანია განათლება, რომ მეტი უნარი შევიძინოთ, იქნება ეს ფორმალური საგანმანათლებლო პროცესი თუ არაფორმალური. თან ამ შესაძლებლობების ფანჯარა დღეს ღიაა და უფრო მეტი შეგვიძლია“. 

თემურ სუყაშვილი სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

მასალა მომზადდა პროგრამების „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ და “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” ფარგლებში.

პროგრამა “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

პროგრამა “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.