გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ნატალია კანემის განცხადება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
მილიარდზე მეტი: აი, დღეს ამდენი ადამიანი ცხოვრობს შეზღუდული შესაძლებლობით. ზოგი შეზღუდული შესაძლებლობა ადვილად ჩანს, მაგრამ არა ყველა. მაგალითად, სწავლის სირთულეების და ფსიქიკური დარღვევების მქონე პირებს შეიძლება საზოგადოებაში სრულად და ეფექტურად მონაწილეობის მიღება გაუჭირდეს. შეზღუდული შესაძლებლობები ხშირად ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ მათ გამო შეიძლება ძალიან გართულდეს ნავიგაცია ისეთ სამყაროში, სადაც მისადაგება და წვდომა ნაკლებად არის უზრუნველყოფილი.
დღეს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას შევქმნათ სამყარო, რომელიც ყველასთვის მისაწვდომი იქნება. ამ მიზნის რეალობად ქცევისთვის კი საჭიროა მუდმივი ბარიერების მოხსნა, რომელთა გამო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი გარიყულია. ეს კი მოითხოვს, რომ ვიფიქროთ იმ ვარაუდების მიღმა, თუ როგორ „გამოიყურება“ შეზღუდული შესაძლებლობა. ეს ნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შინაარსიან ჩართულობას და იმ პრინციპის მიხედვით მოქმედებას, რომელიც გულისხმობს: „არაფერი ჩვენ შესახებ, ჩვენ გარეშე“.
როგორ შეგვიძლია უზრუნველვყოთ, რომ ყველა აცნობიერებდეს საკუთარ უფლებებს და არჩევანს? რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ სერვისები მისაწვდომი გახდეს და თანაბარი შესაძლებლობები არსებობდეს ცხოვრებისა და წარმატებული განვითარებისათვის? როგორ გავათავისუფლოთ საზოგადოებები სტიგმისა და დისკრიმინაციისგან, რასაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ძალიან ხშირად განიცდიან? მაშინ, როცა ჩვენ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ვცდილობთ 2030 წლისთვის, სწორედ ეს არის ის კითხვები, რომლებზეც პასუხი უნდა გავცეთ - და ვიმოქმედოთ - თანაც, სასწრაფოდ.
კოვიდ-19-ით გამოწვეულმა გახანგრძლივებულმა იზოლაციამ, ასევე სერვისების და რუტინული საქმიანობის შეფერხებამ დამატებითი ტვირთი დააკისრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც აცხადებენ, რომ პანდემიაზე რეაგირების დროს მისაწვდომობის საკითხები ნაკლებად არის გათვალისწინებული. ჩვენ არა მარტო უნდა განვაგრძოთ ხანგრძლივად არსებული ბარიერების ნგრევა, ასევე უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მიღწეული მონაპოვარი არ დაიკარგოს და პროგრესი დავაჩქაროთ, რაშიც შედის უფრო მეტი წვდომა სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს იგივე უფლებები აქვთ, როგორც ყველას, რაც უკვე აღიარებულია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაში“. ყველა ქვეყანაში უნდა არსებობდეს სრულად ინკლუზიური სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პოლიტიკა და სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. მათი მეშვეობით უნდა გამოსწორდეს ამჟამად არსებული ნაკლოვანებები, რაც არსებობს, მაგალითად, კონტრაცეპტივებზე, ან თუნდაც საბაზისო გინეკოლოგიურ ზრუნვაზე წვდომის თვალსაზრისით. და გენდერული ძალადობის დასრულებაზე მიმართული ჩვენი ძალისხმევა უნდა პასუხობდეს მოწყვლადობის მწვავე საკითხებს, რის გამოც შშმ ქალები და გოგონები ძალადობის უფრო მეტი რისკის წინაშე დგანან.
გაეროს მოსახლეობის ფონდში (UNFPA) ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და საჭიროებები პრიორიტეტული საკითხი გახდეს ჩვენს ყველა საქმიანობაში, რაშიც შედის კოვიდ-19-ზე რეაგირების ძალისხმევა. გლობალური პროგრამის „ჩვენ თვითონ ვწყვეტთ“ (We Decide) მეშვეობით, უკეთეს მონაცემებს ვაგროვებთ და უფრო ძლიერ სახელმძღვანელო პრინციპებს ვაყალიბებთ, რათა შეზღუდული შესაძლებლობის ინკლუზია უფრო სისტემური და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული იყოს.
სამომავლოდ კი, იმ გარემოებებში, როცა პანდემიის ფონზე მსოფლიო ახლებურად იაზრებს ჯანმრთელობის და სხვა სისტემებს, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ დავძლიოთ უთანასწორობა, დისკრიმინაცია და გარიყულობა, რომელიც კოვიდ-19-მა კიდევ უფრო ცხადად გამოავლინა. მოდით, ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით და მიზნად დავისახოთ უნივერსალური დაფარვა, რომელიც ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, კეთილდღეობისა და ღირსების დაცვას უზრუნველყოფს.