Go Back Go Back
Go Back Go Back

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე

News

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე

calendar_today 01 October 2023

მრავალწევრიანი ოჯავის ილუსტრაცია, სადაც დედა, მამა, შილები და ბებია-ბაბუა ძაღლთან ერთად თანაცხოვრობს
ილუსტრაცია: ეკა ტაბლიაშვილი/UNFPA

მოსახლეობის დაბერება, მსოფლიო მასშტაბით, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს

პროგნოზის თანახმად, უახლოეს ათწლეულებში, 65 წელს გადაცილებული ადამიანების რაოდენობა გაორმაგდება და 2050 წელს მათი რიცხვი 1,6 მილიარდს მიაღწევს. ხანგრძლივი სიცოცხლე ადამიანებს საკუთარი მიზნების მიღწევისა და ოჯახებში, თემებსა და, ზოგადად, საზოგადოებაში წვლილის შეტანის მეტ შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, ეს შესაძლებლობები დიდად არის დამოკიდებული ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორზე: ჯანმრთელობაზე.

ხანდაზმულთა რაოდენობის სწრაფი ზრდა ვალდებულს გვხდის, უფრო მეტად ვიზრუნოთ ჯანმრთელობის ხელშეწყობაზე მთელი სიცოცხლის მანძილზე და უზრუნველვყოთ ის, რომ ყველა ადამიანი სრულად სარგებლობდეს ძირითადი თავისუფლებებითა და ადამიანის უფლებებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, წელს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის მთავარ თემას წარმოადგენს: „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის დაპირებების შესრულება ხანდაზმულთათვის - თაობათაშორისი ვალდებულება“.

სამოცდათხუთმეტი წლის წინ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საეტაპო დოკუმენტი, რომელშიც შესულია ადამიანის ძირითადი უფლებები, რომლებიც განუხრელად უნდა იყოს დაცული, თითოეულ ადამიანთან მიმართებაში. წელს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გვსურს ხაზი გავუსვათ ხანდაზმულთათვის ამ უფლებების დაცვის მნიშვნელობას, ასევე თაობათაშორისი ურთიერთობებისა და დაგროვილი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, ადამიანის უფლებების დასაცავად მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მოსახლეობის დაბერება კაცობრიობის განვითარების უდიდეს მიღწევას წარმოადგენს. ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ ჯანმრთელობის დაცვის, ჯანსაღი კვების, სანიტარული პირობების, განათლებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის წყალობით. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დაბერება მსოფლიოს სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს უქმნის, სწორ პოლიტიკას შეუძლია ინდივიდების, ოჯახებისა და საზოგადოებების ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად და არსებული დემოგრაფიული ვითარებიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად საჭირო საშუალებებით აღჭურვა. გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ინტენსიურად მუშაობს მოსახლეობის დაბერების საკითხებზე, ასევე, შესაძლებლობების გამოყენებისა და გამოწვევებთან გამკლავების აუცილებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), ასევე, მხარს უჭერს კვლევებსა და მონაცემთა შეგროვებას, სათანადო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისთვის მყარი საფუძვლის უზრუნველსაყოფად.

ხანდაზმული ადამიანები, თავიანთი უნარებით, ნიჭით, გამოცდილებით, პერსპექტივებითა და გამძლეობით, ფასდაუდებელ საგანძურს წარმოადგენენ.

მიუხედავად ამისა, მათი ავტონომია და გადაწყვეტილების მიღების უფლება ხშირად იზღუდება; ასევე, არცთუ ისე იშვიათია მათი უგულებელყოფისა და შეურაცხყოფის შემთხვევები, იმ სტიგმისა და მავნე სოციალური ნორმების გამო, რომლებიც ხანდაზმული ადამიანების საზოგადოებიდან გარიყვის მიზეზს წარმოადგენს. ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიამ სააშკარაოზე გამოიტანა ხანდაზმული ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაცია, არაადეკვატური და არასაკმარისი სოციალური დაცვა და ჯანდაცვა.

ხანდაზმული ქალებს დიდი წვლილი შეაქვთ საკუთარი ოჯახების, თემებისა და საზოგადოებების კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, ისინი ზრუნავენ მომავალი თაობის აღზრდაზე; თუმცა, ამავე დროს, ისინი, არცთუ ისე იშვიათად, უთანასწორობის მსხვერპლს წარმოადგენენ, მათ შორის გენდერული მიკერძოებით განპირობებული დისკრიმინაციისა და სიღარიბის თვალსაზრისით. ქალები, ასევე, უფრო მეტხანს ცოცხლობენ, ვიდრე კაცები, რაც ასაკის მატებასთან ერთად ზრდის უკიდურესი სიღარიბის, იზოლაციისა და სოციალური გარიყულობის წინაშე აღმოჩენის რისკს.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მხარს უჭერს ხანდაზმულთა ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის დაცვისადმი ინტეგრირებულ მიდგომებს, მათ შორის დაბერების ცენტრების საშუალებით, რაც უზრუნველყოფს მომსახურებებზე გამარტივებულ წვდომასა და სოციალიზაციის მეტ შესაძლებლობებს. გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მოსახლეობის აღნიშნულ ჯგუფს ეკონომიკისა და საზოგადოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნაწილად განიხილავს, და არა როგორც ჯგუფს, რომლის უგულებელყოფაც შესაძლებელია.