5 აგვისტოს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორში, „ცოდნის კაფეში“, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ერთობლივი ინიციატივით, გამომცემლობა „ინტელექტთან“ თანამშრომლობით, „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა და „ცოდნის კაფეს“ 200-ზე მეტი წიგნი შეემატა თანასწორობის, ქალებისა და გოგოების გაძლიერების, ტოლერანტობის და ადამიანის უფლებების შესახებ.

„თანასწორობის კუთხე“ გახსნეს საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, დიდიე ტღებიუკმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ ბანძელაძემ, გერმანიაში მოღვაწე მწერალ ნინო ხარატიშვილთან ერთად, რომელმაც მოზარდებთან ისაუბრა გენდერული თანასწორობის, გოგოებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნისა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე. ახალგაზრდებთან შეხვედრას მოდერაცია გაუწია გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარმა რედაქტორმა, მწერალმა ზვიად კვარაცხელიამ.

„თანასწორობის კუთხეების“ გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება.
საქართველოში რიგით ოცდამესამე „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის” ფარგლებში, შვედეთის მხარდაჭერით.