Go Back Go Back
Go Back Go Back

ძალისხმევა COVID-19-ის შესაჩერებლად: ქალებისა და გოგონების ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა

ძალისხმევა COVID-19-ის შესაჩერებლად: ქალებისა და გოგონების ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა

News

ძალისხმევა COVID-19-ის შესაჩერებლად: ქალებისა და გოგონების ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა

calendar_today 11 July 2020

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ნიუ-იორკი – ოფიციალური მონაცემებით, COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაინფიცირებულ პირთა რაოდენობამ, მსოფლიო მასშტაბით, დაახლოებით 11 მილიონი შეადგინა, ხოლო იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთა სიცოცხლეც ამ პანდემიამ შეიწირა - ნახევარ მილიონს აჭარბებს. მაგრამ ამ კატასტროფით გამოწვეული სრული ზიანი იმდენად დიდია, რომ გამოანგარიშებას არ ექვემდებარება: ჯანმრთელობის სისტემები დატვირთვას ვეღარ უძლებს; ეკომონიკა - განადგურების პირასაა; და ქალებისა და გოგონებისადმი მიყენებული ზიანი განუზომლად დიდია, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურების ხელმისაწვდომობის შეზღუდვისა და გენდერული ნიშნით ძალადობის შემთხვევების ზრდის გამო. 
დღეს, 11 ივლისს, აღვნიშნავთ რა მოსახლეობის მსოფლიო დღეს, სწორედ რომ შესაფერისი დროა ვიზრუნოთ მსოფლიო მასშტაბით ადამიანთა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საჭიროებების ირგვლივ ცნობიერების ამაღლებაზე. წელს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ყურადღება მიპყრობილია ქალებისა და გოგონების საჭიროებებსა და მათ დაუცველობაზე, გლობალური პანდემიის ფონზე, და იმ ძალისხმევაზე, რომელიც საჭიროა მათი ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვისათვის. 
“არც ერთ ორგანიზაციას თუ ქვეყანას არ შესწევს ძალა დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს,” განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატალია კანემმა საკუთარ მიმართვაში. 
 

ქალები გაზრდილი რისკის წინაშე 

მსოფლიო მასშტაბით, ქალები სხვადასხვა გაზრდილი რისკის წინაშე დგანან, მიმდინარე პანდემიის გამო. 
ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ექიმები - რომელთა უმრავლესობასაც ქალები შედგენენ - COVID-19-ით დაინფიცირების მაღალი რისკის წინაშე დგანან. თუმცა რისკის წინაშე ასევე დგანან ქალები და გოგონები, რომლებიც სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით მომსახურებას საჭიროებენ, და ვირუსით ინფიცირების რისკის გამო შფოთვას განიცდიან, ამ მომსახურებათა მიღების დროს; ზოგიერთი მათგანი საერთოდ უარს ამბობს მომსახურებათა მიღებაზე; მათ შორის არიან ქალები, რომლებსაც არ შეუძლიათ სამედიცინო დახმარების მიღება, გადაადგილების შეზღუდვებისა და სამედიცინო მომსახურების შეფერხების გამო. 
ბევრ საავადმყოფოსა და სამედიცინო ცენტრში საგრძნობლად შემცირდა იმ ქალებისა და გოგონების რაოდენობა, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურების მისაღებად მიმართავენ, მათ შორის ანტენატალური მომსახურების, უსაფრთხო მშობიარობისა და ოჯახის დაგეგმვის მიზნით. 
გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და პარტნიორი ორგანიზაციების შეფასებით, სამედიცინო მომსახურების ექვსი თვით შეფერხების შემთხვევაში, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, 47 მილიონ ქალს შეეზღუდება წვდომა თანამედროვე კონტრაცეპტივებზე, რის შედეგადაც მივიღებთ დამატებით 7 მილიონ დაუგეგმავ ორსულობას. მოსალოდნელია დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდაც. 
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ძალისხმევა მიმართულია რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებებსა და შესაბამის მარაგებზე წვდომის შენარჩუნებაზე.  

გენდერული ნიშნით ძალადობა

ოჯახებში დაძაბულობა, რაც ეკონომიკური წნეხითა და გადაადგილების შეზღუდვის შედეგად მწვავდება, ხელს უწყობს ძალადობის შემთხვევების ზრდას მსოფლიო მასშტაბით. სახლებში მოძალადეებთან ერთად გამოკეტილ ქალებს წასასვლელი არსად აქვთ. ამასთან, თავს იჩენს სხვადასხვა ახალი ფორმის ძალადობაც, მათ შორის კიბერძალადობა. 
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) შეფასებით, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ექვს თვემდე ვადით გახანგრძლივება, 31 მილიონით გაზრდის გენდერული ნიშნით ძალადობის შემთხვევათა რაოდენობას, ხოლო შეზღუდვების ყოველი მომდევნო სამი თვით გახანგრძლივების შედეგად, დამატებით 15 მილიონ გენდერული ნიშნით ძალადობის შემთხვევას მივიღებთ. 
სიტუაციას ისიც ართულებს, რომ პანდემიის გამო შეზღუდულია წვდომა თავშესაფრებსა და პირისპირ კონსულტაციებზე. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ძალისხმევა მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლთა მომსახურებების შენარჩუნებაზე, იქ სადაც ამის საშუალება არსებობს, და დისტანციური მომსახურებების გაფართოვებაზე. 
მსოფლიომ ამ მიმართულებით ძალისხმევა უნდა გააორმაგოს; როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატალია კანემმა საკუთარ მიმართვაში განაცხადა: „დღეს, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება ესოდენ სოლიდარულია და კიდევ ერთხელ გაერთიანდა, ამჯერად პანდემიასთან გამკლავების მიზნით, მე მჯერა, რომ ამ გზით ჩვენ საფუძველს ჩავუყრით უფრო მდგრადი საზოგადოების შენებას, სადაც დაცული იქნება გენდერული თანასწორობა, და რომელიც ჯანსაღი და წარმატებული მომავალის საწინდარი გახდება.”