გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილის და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის ნატალია კანემის განცხადება ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების არსებობა ცვლის ჩვენი მუშაობის, ურთიერთობის და ცხოვრების სტილს, ისე, როგორც ეს ჩვენს წინა თაობას ვერც წარმოედგინა. ინოვაცია ასევე გვთავაზობს გზებს იმ დაბრკოლებების გადასალახად, რომელიც ძალიან ბევრ ქალსა და გოგონას უშლის ხელს თავისი უფლებებისა და პოტენციალის სრულად რეალიზებაში.
გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის (UNFPA) ინოვაციები ნიშნავს არსებული შესაძლებლობების გაზრდას. ეს ნიშნავს ქალებისთვის ახალი კარის გაღებას განათლების, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, დასაქმებისა და სათემო საქმეებში მონაწილეობის კუთხით.
ისეთი ინოვაციები, როგორიც არის მოსახლეობის მონაცემთა დამუშავების ახალი პლატფორმა, ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებებს მოახდინონ საჭიროებების აღწერა და შესაბამისი ინტერვენციების მიზნობრივი დაგეგმვა, რათა არავინ დარჩეს უკან. მონაცემთა სხვადასხვა წყაროს კომბინაციით შესაძლებელია ისეთი რაიონების იდენტიფიცირება, სადაც ქვეყანაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბავშვთა ქორწინების კუთხით, ან სადაც კონტრაცეპტივებზე მოთხოვნა აღემატება მის მიწოდებას.
მობილური ტექნოლოგია გვეხმარება, გავაძლიეროთ ჯანდაცვის პროვაიდერების უნარ-ჩვევები, გავაუმჯობესოთ მონაცემთა შეგროვების მექანიზმი და უზრუნველვყოთ ქალებისა და გოგონებისთვის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით კი მოზარდი გოგონებისთვის.
ქალებისთვის, რომლებიც ცდილობენ ტანზანიის სოფლებიდან გამოექცნენ ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკას, 60 სხვადასხვა ქვეყნის მოხალისეების მიერ შეიქმნა უსაფრთხო გზის მაჩვენებელი რუქები. არსებული მონაცემები ასევე ხელს შეუწყობს აღნიშნული საზიანო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობას გოგონებისთვის, ოჯახებისთვის და თემებისთვის.
ინოვაციური პარტნიორობა, მათ შორის, კერძო სექტორთან თანამშრომლობა, გვეხმარება დაბრკოლებების შემცირებაში და ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაში, რათა გაუმჯობესდეს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობა და კონტრაცეფციაზე ხელმისაწვდომობა.
ამ საუკეთესო გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი კი თავად ქალებისგან მოდის.
მაგალითად, კენიაში არსებობს სოციალური საწარმო, რომელსაც ქალები ხელმძღვანელობენ და სადაც სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ახალი სერვისები იქმნება, მაგალითად როგორიც არის სანიტარული საფენის დისპენსერების პროტოტიპები, რომლის ჩიპ ბარათებიც უფასოდ ურიგდებათ გოგონებს ნაირობის ღარიბ უბნებში. უგანდაში, UNFPA-ს მიერ მხარდაჭერილი საწარმო, რომელსაც ქალები უძღვებიან, მენსტრუალური ჯანმრთელობის ხელმისაწვდომ ნაკრებს აწარმოებს. ასე იქმნება პროდუქცია ადგილობრივი ქალების მიერ, ადგილობრივი ქალებისთვის.
ქალებმა ყველაზე უკეთ იციან, თუ რაში უნდა ჩაერთონ და რისგან მიიღონ სარგებელი, თავიანთი თემების ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის. ჩვენ კი ვალდებულები ვართ მოვუსმინოთ და მხარი ადვუჭიროთ მათ შემოქმედებით მიდგომებს, რომლებიც, თავის მხრივ, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მაღალ დონეს უზრუნველყოფენ.
დღეს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ერთი მოწოდების გარშემო ვერთიანდებით: „იფიქრე თანასწორად, აშენე ჭკვიანურად, საფუძველი ჩაუყარე ცვლილებას“. ვიამაყოთ ქალი გამომგონებლებით, რომლებიც მთელს მსოფლიოში უფლებებთან და არჩევანთან დაკავშირებულ ბარიერებს ამსხვრევენ და ამ გზით, თავიანთი წვლილი შეაქვთ გენდერულად უფრო თანასწორი მსოფლიოს აშენებაში.
ქალთა გაძლიერება და გენდერული თანასწორობა კრიტიკულიად მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, არამედ 1994 წლის მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე (ICPD) დასახული მიზნების რეალიზებისთვის, რომელიც აჩვენებს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებებს პირდაპირ კავშირსა მდგრად განვითარებათან. ამ უმნიშველოვანესი მოვლენიდან ოცდახუთი წლის შემდეგ, ასობით მილიონ ქალს ჯერ კიდევ არ აქვს ძალაუფლება, მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როდის, ვისთან ან რა ინტერვალით იყოლიოს, თუ არ იყოლიოს შვილი. ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. სწორედ ამიტომ, გაეროს მოსახლეობის ფონდი პარტნიორებთან ერთად ეძებს ინოვაციურ გზებს, რათა არსებობდეს კონტრაცეპტივების არჩევანი, უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო შობადობა და აღმოიფხვრას ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა და საზიანო პრაქტიკები.
ნოემბერში, გაეროს მოსახლეობის ფონდი და კენიის მთავრობა უმასპინძლებს სამიტს, რომელიც მიზნად ისახავს აღებული ვალდებულებების განახლებას ICPD-ის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიზნების მისაღწევად. დღეს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ჩვენ მოვუწოდებ ყველა ქვეყნის მთავრობას, შემოგვიერთდნენ ნაირობიში.
მოდით, ერთად გავზარდოთ შესაძლებლობები ყველა ქალისა და გოგონასთვის მთელს მსოფლიოში.