ბევრი ქალისა და გოგოსთვის არცერთი სივრცე სრულიად უსაფრთხო არ არის. ძალადობამ შეაღწია მათ სახლებში, სკოლებსა და სამუშაო ადგილებზე და, სულ ახლახანს, მათი ციფრულ სამყაროშიც.
კიბერძალადობას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნებისმიერ ადგილზე, მისი მსხვერპლი შესაძლებელია გახდეს ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ დროს. მიუხედავად ამისა, ამგვარი ძალადობის მსხვერპლთა დიდ უმრავლესობას ქალები და გოგოები შეადგენენ.
მსოფლიო მასშტაბით, ქალების თითქმის 60 პროცენტი ოდესმე მაინც გამხდარა კიბერძალადობის ამა თუ იმ ფორმის სამიზნე თუ მსხვერპლი, სატელეფონო თუ ონლაინკომუნიკაციისას. სოციალური მედიის საშუალებით მათზე თავდასხმა წარმოებს ტოქსიკური პოსტებით, სიძულვილის ენითა და ძალადობრივი შინაარსის შემცველი გზავნილებით, ან ხდება მათი ფოტოების სექსუალური შინაარსით დატვირთვა, დამახინჯება და გაზიარება-გასაჯაროება, მათი ნებართვის გარეშე.
დისკრიმინაციის მრავალი ფორმისგან დაუცველი პირების შემთხვევაში, კიბერძალადობა კიდევ უფრო მასშტაბური და ექსტრემალურია. კვლევამ აჩვენა, რომ ლგბტქია+ პირების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების და აფრო-წარმოშობის ადამიანების მიმართ განხორციელებული კიბერძალადობა მჭიდროდ უკავშირდება მათ იდენტობას. შავკანიანი ქალების შემთხვევაში შეურაცხმყოფელი პოსტებით თავდასხმის ალბათობა 84 პროცენტით აღემატება თეთრკანიანი ქალების მიმართ მსგავსი პოსტებით თავდასხმის ალბათობას.
საბედნიეროდ, ამგვარი ძალადობის მსხვერპლად ყოფნის გამოცდილების მქონე ადამიანები და მათი მოკავშირეები აქტიურად არიან ჩართული ძალადობის აღკვეთის საქმეში. უკვე 54 000-ზე მეტი ხელმომწერი შეუერთდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კამპანიას - #bodyright, რომლის მიზანსაც სხეულის ავტონომიისა და ძალადობისგან თავისუფალი ცხოვრების უფლების დაცვა წარმოადგენს. ძალადობის მსხვერპლად ყოფნის გამოცდილების მქონე ადამიანები და ამგვარი ძალადობის აღკვეთის მიმართულებით ადვოკატირებაში ჩართული პირები - მათ შორის ხელოვანები, აქტივისტები, პოლიტიკოსები და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები - ძალადობის შემთხვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებითა და ცვლილებების მოთხოვნით ცდილობენ საკუთარი წვლილის შეტანას ძალადობის აღკვეთის საქმეში.
გაეროს მოსახლეობის ფორნდი (UNFPA) სათავეში უდგას ევროკავშირისა და გაეროს ინიციატივას „Spotlight Initiative“, რომლის ძალისხმევის შედეგადაც მსოფლიოში 477 კანონი და პოლიტიკა იქნა მიღებული, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის დასასრულებლად. მაგალითად, სწორედ „Spotlight Initiative“-ის დამსახურებით, ზიმბაბვეში მიიღეს სამართლებრივი ჩარჩო კიბერძალადობის შესაჩერებლად, რომელიც სამხრეთ აფრიკის ყველაზე სრულყოფილ სამართლებრივ ჩარჩოს წარმოადგენს. ამ ტიპის კანონები, მათი აღსრულების შემთხვევაში, უზრუნველყოფს დაცვას და სამართლიანობის დამკვიდრებას.
ტექნოლოგიების საშუალებით განხორციელებული გენდერული ნიშნით ძალადობის დასრულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იქნებიან ქალები ჩართული იმ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შემუშავებაში, რომლებიც ჩვენს მომავალს განსაზღვრავს - ეს არის ის მიზანი, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) უჭერს მხარს „თანასწორობა - 2030“ (Equity 2030) ალიანსის მეშვეობით. დღესდღეისობით, ქალები ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ადამიანების მხოლოდ ერთი მეხუთედს შეადგენენ, მიუხედავად იმისა, რომ თანდათან გროვდება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული გენდერული უთანასწორობის მტკიცებულებები. დროა, ინტენსიურად შევუდგეთ ამგვარი უთანასწორობის აღმოფხვრას, რისი მიღწევაც შესაძლებელია კვლევისა და ტექნოლოგიების შემუშავების სფეროში ქალების ჩართვის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების გზით.
ტექნოლოგიები, რომლებიც შექმნილია სწორად, შეძლებს კიბერძალადობის სამიზნე ადამიანების საჭიროებათა დაკმაყოფილებას. სწორედ ამიტომ, გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) ახლახანს შეიმუშავა რეკომენდაციები, უსაფრთხო, ეთიკური და კიბერძალადობის სამიზნე ადამიანებზე ორიენტირებული ტექნოლოგიების გამოყენებისა და შექმნის შესახებ, რომლის მიზანსაც გენდერული ნიშნით ძალადობის აღკვეთა წარმოადგენს.
ყველა სივრცე, განურჩევლად იმისა ვირტუალურია იგი თუ რეალური, თავისუფალი უნდა იყოს გენდერული ნიშნით ძალადობისგან. დღეს, აღვნიშნავთ რა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, მოდით, ხელახლა შევთანხმდეთ კონკრეტულ ქმედებებზე, რომლებიც დაიცავს ქალებსა და გოგოებს, მიუხედავად მათი მრავალფეროვნებისა. მოდით, ხელახლა ავიღოთ ვალდებულება ისეთი სამყაროს შექმნაზე, რომელიც იქნება უფრო სამართლიანი, ინკლუზიური და თანასწორი, და სადაც ქალები და გოგოები დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს.