2019 წლის 19 ოქტომბერს, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ერთობლივი ძალისხმევით, გაეროს კვირეული, გარდა საქართველოს სხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტებისა, უშგულშიც აღინიშნა. დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრნენ გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, საბინე მახლი და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე.
ღონისძიების ფარგლებში, უშგულის სკოლაში, ფოტოგრაფ დინა ოგანოვას გამოფენა გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც ორი ფოტოპროექტი: „გოგონები მომავლიდან“ და „თანატოლები თანასწორობისთვის“ იქნა წარმოდგენილი. ფოტოპროექტი „გოგონები მომავლიდან“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები 10-დან 16 წლამდე გოგონების ისტორიებს გვიამბობს როგორც ფოტოების, ასევე ტექსტების მეშვეობით. პროექტის მიზანია, საზოგადოებას ხაზგასმით დაანახოს, რომ გოგონების პოტენციალის სრულ რეალიზებას, მათთვის თანაბარი პირობებისა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარებისთვის, რომ თითოეულ გოგონას უნდა მიეცეს საშუალება, დაასრულოს განათლება და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის შესახებ. “თანატოლები თანასწორობისთვის“ კი 12 ახალგაზრდას ისტორიას აერთიანებს. ფოტოპროექტის ფარგლებში ისინი გენდერული თანასწორობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, განათლების, აქტივიზმისა და საკუთარი ინიციატივების შესახებ საუბრობენ. ორივე ფოტოპროექტი გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მხარდაჭერითაა მომზადებული და ნაწილია იმ მასშტაბური საადვოკაციო სამუშაოსი, რომელსაც UNFPA ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრისა და მოზარდებისა და ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით ეწევა.
დღის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, უშგულის ბიბლიოთეკაში „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა. „თანასწორობის კუთხე“ საშუალებას მისცემს უშგულში მცხოვრებ ახალგაზრდებს, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, თანასწორობის შესახებ ცნობიერება აიმაღლონ. „თანასწორობის კუთხეს“ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე გახსნის. ღონისძიების ფარგლებში, გიორგი კეკელიძე საჯარო ლექციას წაიკითხავს და გენდერული თანასწორობის იდეისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრებს.
„თანასწორობის კუთხის“ გახსნა მიზნად მოზარდებისა და ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას ისახავს. ინიციატივის ავტორები მიიჩნევენ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოში არსებობდეს რაც შეიძლება მეტი სივრცე, სადაც მოზარდები და ახალგაზრდები არაფორმალური განათლების მიღებას, თავისუფალი დროის შინაარსიანად გატარებას და ერთმანეთისთვის იდეების გაზიარებას შეძლებენ.
ღონისძიებები გაიმართა გაეროს კვირეულის ფარგლებში, უშგულის გამგეობასთან თანამშრომლობით.