თქვენ აქ ხართ

ქალს აქვს უფლება, განკარგოს თავისი სხეული და აკონტროლოს თავისი რეპროდუქციული ჯანმრთელობა. ეს არის მისი უზენაესი უფლება, ჩემი გადმოსახედიდან, და, ალბათ, არავის აქვს ამ საქმეში ჩარევის უფლება. მან თვითონ უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი თავის სხეულთან დაკავშირებით,“ ამბობს მხატვარი ლია უკლება, ფოტოპროექტის „უთხარით შვილებს“ მონაწილე.

დინა ოგანოვას ფოტოპროექტი „უთხარით შვილებს“, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის (UNFPA) ინიციატივით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში მომზადდა. ფოტოპროექტი წარმოგვიდგენს 22 განსხვავებულ ქალს, რომელიც თავის შეხედულებებს გვიზიარებს სხეულის ავტონომიის შესახებ. ამავე სახელწოდების გამოფენა, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 10 ივნისს გაიხსნა, 24 ივნისის ჩათვლით გაგრძელდა.

 

თითქმის მთელ მსოფლიოში, ქალები და გოგოები - და ფაქტობრივად, ყველა ადამიანი - გარკვეულ შეზღუდვებს აწყდებიან სხეულის ავტონომიასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და ცხოვრებისეულ პერსპექტივებზე. სხეულის ავტონომიასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული სხეულის ხელშეუხებლობის უფლება, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს უნდა შეეძლოთ იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში და იყვნენ დაცული იმ ფიზიკური ზემოქმედებებისგან, რომელზეც თანახმა არ არიან.

 

პროექტის მონაწილე, კომუნიკაციისა და მარკეტინგის სპეციალისტი სალომე ჟვანია მიიჩნევს, რომ ქალებს, ფაქტობრივად, დაბადებამდე წართმეული აქვთ ეს უფლება და „როგორც კი სქესს გაიგებენ, იმ წამიდან მეტ-ნაკლებად გვერთმევა ავტონომია და თითქოს ცხოვრების მანძილზე თანდათან ვიბრუნებთ დაბადებამდე წართმეულ ავტონომიას.“

 

სალომე ჟვანია
სალომე ჟვანია. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

ჩართულები არიან ყველაფერში - როგორ გამოვიყურებოდეთ, როგორ მივდიოდეთ, გვეცვას, არ გვეცვას, და ცოტა უფრო დიდი თემები, რაც არის, როდის გვქონდეს სექსუალური ურთიერთობა, გვქონდეს თუ არა, როგორ გვქონდეს, რა ფორმით და ყველაზე მძაფრი რაც არის, რომ ხშირად ქალის სხეული არის ბავშვების გასაჩენი ჭურჭელი და თითქოს სხვა არანაირი ღირებულება არ რჩება, როგორ და რანაირად უნდა გამოიყენო ეს ჭურჭელი, მაგას გისაზღვრავენ,“ ამბობს ის და დასძენს: „ეს არის ჩემი სხეული, ეს არის ჩემი საზღვრები და ვინც კვეთს, მასში არის პრობლემა და ის არის დამნაშავე.“

ფოტოპროექტის კიდევ ერთი მონაწილე, მარკეტერი ნათია ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ საქართველოში ადამიანებს გააზრებულიც კი არ აქვთ სხეულის ავტონომია:

ხალხს ცხოვრება ენგრევა ხოლმე ერთი გამოცდილების მიღების გამო, იძულებით ქორწინება, არასასურველი ორსულობები, დანგრეული ოჯახები, იმიტომ რომ არაფრის გამო ხდება ეს ყველაფერი. ქვეყანაში, სადაც გაუპატიურებული ქალიც კი არასასურველია, იქ ხომ საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ და ეს სამწუხაროდ დღემდე პრობლემაა.“

ფსიქოთერაპევტი ელენე ჯაფარიძესთვის, სხეულის ავტონომია ნიშნავს ჩემს თავს, ანუ ჩემი სხეული ვარ მე. ჩემი პერსონა და ყველაფერი არის სხეულში, გონება და სხეული, ჩემთვის ეს არის ერთიანობა, ჰოლისტური და შესაბამისად, ყველა ჩემი განცდა, ყველა ჩემი ფიქრი, ყველა ჩემი ტკივილი არის სხეულში, იგრძნობა სხეულში და დამახსოვრებულია ასევე სხეულში.“

ჩემთვის ჩემი სხეული ჩემი ისტორიის ძალიან დიდი მატარებელია. ჩემი ისტორია ჩემს სხეულშია, ჩემი განცდებით და ჩემი გამოცდილებებით. შესაბამისად, როდესაც ავტონომიაზე ვლაპარაკობთ, არ ვაცალკევებთ სხეულს გონებისგან, არამედ ვგულისხმობთ, როგორც ერთ მთლიანობას, ჩემს თავს,“ ამბობს ის.

ელენე ჯაფარიძე
ელენე ჯაფარიძე. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

მუსიკოსი, არტისტი და ტელეწამყვანი მემე ჟორდანია თაობებს შორის ძალიან დიდ განსხვავებას ხედავს, თუმცა მოსწონს ის, რომ „ერთმანეთისგან ვსწავლობთ.“ „წინა თაობამ, თავისებურად, ცოტათი გაასუფთავა მისი წინა თაობისგან დატოვებული ჭუჭყი და ჩვენ ახლა შემოვდივართ შედარებით სუფთა ოთახში და ვქმნით და ვაწყობთ ახალ სივრცეს, ახალ საქარველოს.“

 

გენდერის მკვლევარ თამთა თათარაშვილს კი სჯერა, სხეულის ავტონომია რომ უკეთ გავიაზროთ, ბავშვებს უნდა ვასწავლოთ მისი მნიშვნელობა „იმიტომ, რომ ჩვენმა თაობამ, თუ ვინმემ მოვიფიქრეთ ეგ და გავიაზრეთ და ახლა გააზრების პროცესში ვართ კიდევ, წლებს ვკარგავთ. რაღაცები გვაქვს დასწავლილი და უნდა გადავისწავლოთ. ჯერ უნდა მივხვდეთ, რომ ეს არასწორად დავისწავლეთ, მერე ძალისხმევა უნდა გავიღოთ, რომ გადავასწავლოთ ამ ჩვენს მეხსიერებას.“ 

ბავშვებს როგორ უნდა ვასწავლოთ? რა თქმა უნდა, ვუხსნი, რომ არსებობს მისი სხეულის პირადი ნაწილები. ეს ჩემი შიშია, ბავშვობიდან გამოყოლილი, რომ ზეწოლას გაექცეს რამენაირად და არ გახდეს მაგის მსხვერპლი,“ ამბობს ის.

პოეტი ნატალია ინგოროყვაც მიიჩნევს, რომ „ოჯახმა, სკოლამ, მთელმა სასწავლო გარემომ, საზოგადოებამ, ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებმა, კანონმა და სამართალმა – ყველამ ერთად უნდა იმუშაოს ადამიანის განათლებისა და თავისუფლების გააზრებისთვის, სხეულის ავტონომიურობის სწორად გაგებისთვის, სტერეოტიპების დაძლევისთვის, რომ ხშირად არ ვჭამოთ სირცხვილი და მშიერი არ დავტოვოთ სამართალი.“

 

ნატალია ინგოროყვა
ნატალია ინგოროყვა. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

როგორც ჟურნალისტი დალი (ფეფიკო) მოსულიშვილი აღნიშნავს, „შენი საკუთარი სხეულის და შენი თავის სიყვარულით იწყება ამ სამყაროში ყველაფერი, ანუ როგორც გამოიყურები, ზუსტად ისეთს მიიღებ შენს თავს, აი, აბსოლუტურად მარტივდება მერე ყველაფერი.“ მისივე თქმით, „შენი თავის ფლობა და შენი სხეულის ფლობა შენზეა ბოლომდე დამოკიდებული.“

შენი თავი ზუსტად ისეთი უნდა მიიღო, როგორიც ხარ, თოჯინები ხომ არ ვართ, ყველა ერთნაირები რომ ვიყოთ? მთავარია იმ სხეულში, რაშიც ცხოვრობ, თავი კომფორტულად იგრძნო. დანარჩენი მერე მეორე ხარისხოვანია. მე იმდენაც კომფორტულად ვგრძნობ თავს ისე, როგორც გამოვიყურები, საერთოდ ნაკლებად ვრეაგირებ იმაზე, რას ფიქრობს ხალხი ამასთან დაკავშირებით. ჩემთვის ეგ არის ჩემი ყველაზე დიდი სუპერ ძალა.“

დალი (ფეფიკო) მოსულიშვილი
დალი (ფეფიკო) მოსულიშვილი. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

მხატვარ მარიამ დევიძე კი ამბობს რომ „ჩვენი მთავარი ამოცანაა გავხდეთ ხილულები საზოგადოებაში, მიგვიღონ ისეთები, როგორებიც ვართ და მოგვარგონ ყრუ-მუნჯებს ყველა ის სერვისი, რაც ჩვეულებრივ ადამიანს აქვს, რადგან ჩვენც ამ საზოგადოების ნაწილი ვართ.“

სახლში გვტოვებენ და გვკეტავენ, სკოლის დასრულების შემდეგ, გვმალავენ საზოგადოებისგან და რატომ? ჩვენ არ ვართ მისი ნაწილი? ნუთუ ჩვენ არ გვინდა განვითარება? განათლების მიღება? ჩვენ უნდა გვქონდეს ამის უფლება,“ ამბობს ის და დასძენს, რომ „საქართველოში ყველა გოგოს აქვს პრობლემა, რომ გადაწყვეტილებას ოჯახს უთანხმებს და ყრუ გოგოებში კიდევ უფრო მეტად არის.“

მარიამ დევიძე
მარიამ დევიძე. ფოტო: დინა ოგანოვა/UNFPA

მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) 2021 წლის ანგარიში სხეულის ავტონომიას მიეძღვნა. ამ ინოვაციურ ანგარიშში, გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) შეაფასა, თუ რამდენად არის დაცული ქალების  უფლება - თავად მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარ სხეულთან დაკავშირებულ საკითხებზე, და რამდენად უწყობს ხელს ან ზღუდავს ქვეყნების კანონები ქალების უფლებას მიიღონ ამგვარი გადაწყვეტილებები. მონაცემები ცხადყოფს ძლიერ კავშირს ქალთა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობასა და მათი განათლების დონეს შორის. 

 

ანგარიშის თანახმად, იმ ქვეყნებში სადაც მონაცემები ხელმისაწვდომია: 

  • ქალების მხოლოდ 55 პროცენტი სარგებლობს უფლებით გააკეთოს არჩევანი საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის, კონტრაცეფციის საშუალებების გამოყენების შესახებ და, ასევე, უარი ან თანხმობა განაცხადოს სქესობრივ ურთიერთობაზე.   
  • ქვეყნების მხოლოდ 71 პროცენტი უზრუნველყოფს მშობიარობამდე, მშობიარობისას და მშობიარობის შემდგომ პერიოდში დედებზე ზრუნვის მომსახურებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობას.
  • ქვეყნების მხოლოდ 75 პროცენტი უზრუნველყოფს კანონმდებლობით კონტრაცეფციის საშუალებებზე სრულ და თანაბარ წვდომას.
  • ქვეყნების მხოლოდ 80 პროცენტს გააჩნია კანონები, რომლებიც სექსუალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გარანტიას იძლევა.
  • ქვეყნების მხოლოდ 56 პროცენტს გააჩნია კანონები და პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ განათლებას ადამიანის სექსუალობის შესახებ.

ავტორის შესახებ

 

დინა ოგანოვა არის ქართველი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გრძელვადიან პროექტებზე მუშაობს. იგი არაერთხელ გახდა პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატი, მათ შორის, ევროკავშირის პრიზის მფლობელი ჟურნალისტიკაში და პრემია „ლიტერას“ ლაურეატი. დინა ოგანოვა დასახელებულია 30 წლამდე ასაკის საუკეთესო ქალ ფოტოგრაფებს შორის. მისი ფოტოპროექტებს განეკუთვნება: „მე ვარ საქართველო“, „ჩემი სივრცე", „გაყინული ტალღები". დინა ოგანოვას ნამუშევრების გამოფენები გაიმართა იტალიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში. დინა ოგანოვა არის პირველი ქართული ხელნაკეთი ფოტოწიგნის „ჩემი სივრცე“ ავტორი, რომელიც ინახება სხვადასხვა მუზეუმის, მათ შორის, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის კოლექციაში.

 

დინა ოგანოვა 2016 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან. ამ თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა ისეთი პროექტები, როგორიცაა: „გოგონა დაიბადა“, „გოგონები მომავლისგან“, „დედები და ქალიშვილები" და ა.შ. ქალებისა და გოგოების უფლებები  მისი შემოქმედების წამყვან თემად რჩება.  

 

ავტორის შესახებ ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: bit.ly/3mqt1pn