6-7 დეკემბერს, თბილისში გაიმართა ორდღიანი ტრენინგი შშმ ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის, გამოვლენისა და რეაგირების მექანიზმების შესახებ, რომლის მიზანია დაეხმაროს მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს, უკეთ გაიაზრონ გენდერული ნიშნით ძალადობა, მისი მიზეზები და შედეგები, გაეცნონ ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს და ასევე მსხვერპლთათვის საჭირო მომსახურებებს.
გენდერული ძალადობა, მსოფლიოში ყველაზე გავრცელელბული ადამიანის უფლებათა დარღვევაა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სამჯერ უფრო ხშირად განიცდიან ძალადობას, ვიდრე შეზღუდული შესაძლებლობის არ მქონე პირები.
მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის მიერ მხარდაჭერილი, გაეროს ერთობლივი პროგრამის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდი მხარს უჭერს სათემო და შშმ პირთა ორგანიზაციების გაძლიერებას რათა ქალებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის ფორმირების პროცესში მონაწილეობა.