Go Back Go Back
Go Back Go Back
Go Back Go Back

სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა

სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა

News

სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა

calendar_today 15 March 2022

საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლე გოგოები და ბიჭები წიგნების თაროს ათვალიერებენ
ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

მარიამ ბარბაქაძე სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. მარიამისთვის, რომელსაც თანამედროვე ლიტერატურა ძალიან უყვარს, კითხვა საუკეთესო გზაა სამყაროს აღმოსაჩენად და სიახლეებზე დასაფიქრებლად. 

ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში „თანასწორობის კუთხე“ ქალთა კვირეულის ფარგლებში გაიხსნა. გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით და ევროკავშირის მხარდაჭერით, სკოლის ბიბლიოთეკას 200-ზე მეტი წიგნი შეემატა, რომელთა ძირითადი თემა თანასწორობა, ტოლერანტობა და ადამიანის უფლებებია. 

ძალიან მადლიერი ვარ, რომ წიგნები მოიტანეს. მართლა გულით გამიხარდა, რომ ალაგებდნენ თაროებზე და ეს წიგნები დავინახე“, ამბობს მარიამი და დასძენს, რომ უფრო ხშირად ელექტრონული წიგნების კითხვა უწევს, რაც, გარკვეულწილად, დამღლელია მისთვის. „ისე გამიხარდა, რომ თითქოს გარშემო ცხოვრება გაჩერდა და მარტო ამ წიგნებს ვხედავდი.“ 

თანასწორობის კუთხის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ და მწერალმა და ტელეწამყვანმა დათო გორგილაძემ. მათ მოსწავლეებთან გენდერული თანასწორობის, გოგოებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის და ლიტერატურის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

„თანასწორობის კუთხეების“ გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივა საშუალებას აძლევს მოზარდებს და ახალგაზრდებს, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, მეტი გაიგონ თანასწორობის იდეის შესახებ. 

ფოტო: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

საყუნეთის საჯარო სკოლის „თანასწორობის კუთხე“, რომელიც უკვე მეთერთმეტეა საქართველოს მასშტაბით, გაიხსნა პროგრამა „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში”, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.